საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთიანი პორტალის www.csogeorgia.org–ის მონაცემებით საქართველოოში მოქმედი 1300–ზე მეტი საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციაა (რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვი გაცილებით მაღალია). აქედან 200 ორგანიზაცია გენდერის, ქალთა უფლებების მიმართულებით მუშაობს. თუმცა საზოგადოებრივ სექტორში მომუშავეთა დაახლოებით ნახევარზე მეტი ქალები არიან. ისინი მუშაობენ განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხების, მონიტორინგის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო მოწყობისა თუ სხვა საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
რა ხდება საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით? გაეროს ქალთა ფონდის მონაცემებით „COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი - გააღრმავა“ (2020 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები). „პანდემიის პირობებში მზრუნველობაზე გაზრდილი მოთხოვნა საოჯახო საქმეების განაწილებისას არსებულ გენდერულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და ქალების შემოსავალს ამცირებს მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობა კიდევ უფრო დიდხანს უწევთ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე (იხ.https://cutt.ly/Hzw2ydd) გაეროს ქალთა ფონდმა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქალებსა და კაცებს შორის საოჯახო საქმეების განაწილების ინფოგრაფიკა შექმნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.