en
ge

ქალთა მოძრაობები XIX–XX საუკუნეებში

ქალთა მოძრაობები XIX–XX საუკუნეებში

საქართველოში ქალთა უფლებების მიმართ ინტერესი XIX-ე საუკუნიდან იღებს სათავეს, სწორედ ამ დროს ათეული თვითმოქმედი საზოგადოება შეიქმნა. XX–ე საუკუნის დასაწყისში ასეთი ორგანიზაციების რიცხვი გაიზარდა და მასშტაბური ხასიათი მიიღო. საკითხით დაინტერესებას დიდად შეუწყო ხელი „ტიფლისის ქალთა წრის კომისიის“ საქმიანობამ, რომელიც 1907 წელს, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან დაარსდა. 

„ქალთა კომისიის“ წევრები აქტიურად მოუწოდებდნენ ილიას ფონდის გაძლიერებისკენ საზოგადოებას. თითქმის ყველა კუთხე თანაგრძნობით შეხვდა მათ ინიციატივას. უფრო მეტიც, ანალოგიური წრეები დაარსდა თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, ხონში, ბათუმში. სოხუმსა და სხვა ქალაქებში. გარდა საქველმოქმედო საქმიანობისა, კომისიების მუშაობამ შეძლო ქალებში გაეღვიძებინა საერთო სახალხო საქმისადმი ინტერესი. 

შესაბამისად, XIX-XX საუკუნეებში შექმნილი ორგანიზაციების სამუშაო სფერო სხვადასხვა იყო: ორგანიზაციათა ნაწილი მუშაობდა განათლების, ერთობლივი შრომითი კულტურის ჩამოსაყალიბებლად, ქველმოქმედების, თანასწორობის მიმართულებით. 

1905 წელს თბილისსა და ქუთაისში შეიქმნა ქალთა თანასწორობის კავშირი. თანასწორობის თემატიკის გააქტიურებამ გააჩინა მამაკაცებთან გათანაბრებული ხელფასის თუ განათლების მიღების მოთხოვნები. 

1906 წელს გურიაში, პლანტაციის მუშათა გაფიცვის დროს, დაისვა თანაბარი ხელფასის მოთხოვნის საკითხი. პრინციპში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომლის განხილვაც საზოგადოების მონაწილეობით წარიმართა. ამავე წელს გაიფიცნენ ხონის ძაფის მღებავი ქარხნის მუშა-ქალები. 

აღსანიშნავია 1909 წელს ქალთა ჯგუფის პროტესტი პუბლიცისტ გვაზავას მიმართ, მის მიერ ერობის მმართველობაში ქალების მონაწილეობის უარყოფითი დამოკიდებულების გამო. 

ქალთა წრეების შეხვედრებზე აქტიურად კითხულობდნენ სხვადასხვა ლიტერატურას, ისმენდნენ ლექციებს. მალე გაჩნდა საჭიროება ერთმანეთის საქმიანობას გაცნობოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს პერიოდული გამოცემის შექმნა, ქალთა გაზეთის დასაფინანსებლად კი, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს მიმართავდნენ. 

ასეთი იყო XIX-XX საუკუნეებში ქალთა მოძრაობები, უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ წიგნიდან „თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე“.

მსგავსი პოსტები