en
ge

რა არის კორუფცია?

რა არის კორუფცია?


„კორუფცია“ – ლათინური სიტყვაა და გაფუჭებას, დამახინჯებას ნიშნავს.

„კორუფციას“, როგორ ტერმინს გამოიყენებენ, როცა პირადი გამორჩენის მიზნით თანამდებობრივი ან სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბრობენ.

კორუფციას მიეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთი ფორმები, როგორიცაა: მექრთამეობა, სხვისი ქონების მიტაცება, თაღლითობა, გამომძალველობა ან ფულის გათეთრება.

  • მექრთამეობა – წარმოადგენს ფულის ან საჩუქრების უკანონო მიღებას, ან კერძო პირის მხრიდან ამის შეთავაზებას, თანამდებობის პირის მიერ გაწეული დახმარების სანაცვლოდ. 
  • სხვისი ქონების მიტაცება – ქონების ან სხვა ღირებული ნივთების უკანონოდ მითვისება. 
  • თაღლითობა – სხვისი ნივთის, ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. 
  • გამომძალველობა – სხვისი ნივთის ან ქონებაზე უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის ძალადობის გამოყენების ან რეპუტაციის და უფლებების დამაზიანებელი ცნობების გავრცელება.
  • ფულის გათეთრება – უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლების ლეგალიზება.


კორუფცია მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს მასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება და არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, სადაც დარღვეულია ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპები, სადაც დაბალია საჯარო მოხელეთა კომპეტენცია და განათლების შესაძლებლობები, სადაც საზოგადოების წევრებს ნაკლები ინფორმაცია და უნარები აქვთ, თუ როგორ ებრძოლონ კორუფციას.

რატომ არის საშიში კორუფცია საზოგადოებისთვის?

მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაციები დადგენილ გადასახადებს იხდიან, რითიც ივსება სახელმწიფო ბიუჯეტი. სწორედ ამ ბიუჯეტიდან უხდიან ხელფასებს საჯარო მოხელეებს, გასცემენ პენსიას, ხდება გზების განახლება–დაგება, სამთავრობო შენობების, სკოლების რეკონსტრუქცია, მშენებლობა, ტარდება განათლების, ჯანდაცვის რეფორმები და ასე შემდეგ.

კორუფციის მაღალი დონის შემთხვევაში ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება დანიშნულებით, ან მიზნობრივად ისეთი მცირე ოდენობით გამოიყოფა, რომ არ არის საკმარისი. მაგალითად გზების შეკეთებისთვის ან სკოლების რემონტისთვის, ასევე ხელმიუწვდომელი ან დაბალი ხარისხისაა ჯანდაცვის, განათლების სისტემა და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიუჯეტი, რომელიც ხალხის ფულია, კორუფციის მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში, ხალხს და ხალხის ინტერესებს ნაკლებად ხმარდება.

როგორ განსხვავდება კორუფციის აღქმის დონე ქვეყნების მიხედვით?

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ყოველწლიურად ადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კორუფციის აღქმის ინდექსს.

კვლევის მიხედვით, რაც უფრო ნაკლებია კორუფციის აღქმის დონე ქვეყანაში, მით უფრო მეტ ქულას იმსახურებს იგი. მაგალითად ყველაზე ნაკლები კორუფციის აღქმის ინდექსის მქონე ქვეყანაა – დანია, რომელმაც 2022 წელს, 100–დან 90 ქულა მიიღო. ხოლო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ყველაზე მაღალი სომალიშია – 12 ქულით იგი ბოლო ადგილზეა.

ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს მოპოვებული 100 ქულა და მეტ-ნაკლებად კორუფცია არსებობს ყველა ქვეყანაში. შესაბამისად, ყველა ქვეყნის წინაშე დგას კორუფციასთან ბრძოლის ამოცანა.

როგორ გამოიყურება ამ ფონზე საქართველო?

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიხედვით, საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ყველაზე მაღალი იყო 90-იან წლებში და პიკს მიაღწია 2004 წელს, როდესაც 100-დან მხოლოდ 20 ქულა აიღო და მსოფლიოში 133-ე ადგილი მიუჩინეს. მაგრამ შემდგომში განხორციელებული ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად, ჩვენი ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესდა და 2012 წელს, საქართველომ უკვე 52 ქულა მიიღო და მსოფლიოში 51-ე ადგილი მოიპოვა.

2022 წლის მონაცემებით, 56 ქულით საქართველო 41–ე ადგილზეა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო შედეგებით უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66). ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა (49 ქულა), მაღალი 2018 წელს – 58 ქულა. ბოლო 4 წლის განმავლობაში სურათი პრაქტიკულად უცვლელია – 55 ქულა დაფიქსირდა 2021 წელს, ხოლო 56 ქულა კი 2019, 2020, 2022 წლებში.


ბლოგი მომზადდა ალექსანდრე კუხიანიძის პუბლიკაციის – „მოკლედ კორუფციის შესახებ“ – მიხედვით, რონდელის ფონდის ჟურნალი „ჩემი სამყარო“

ბლოგის წყარო: კორუფციის აღქმის ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობა


მსგავსი პოსტები