პროფესიით მსახიობი და ოპერატორი დავით ქაცარავა ალბათ ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით ნაცნობია მის მიერ დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია“, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ეწინააღმდეგება. შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებთან სამოქალაქო პატრულირება 2017 წლის 25 ივლისიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს. დღეს კი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად უკრაინაშია.
"როდესაც მოძრაობის დაფუძნება გადავწყვიტე, არც მიფიქრია ექნებოდა თუ არა ამას სახელი, საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ მე ვარ სამოქალაქო აქტივისტი. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა მთავარია რას ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ და რა იყო იმის მოტივაცია, რომ ამ მიმართულებით შემეცვალა ჩემი ცხოვრება.
მანამ, სანამ სამოქალაქო მოძრაობას დავაფუძნებდი, დიდი ხანი ვფიქრობდი ამ საკითხზე. როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. კომფორტის ზონა გავარღვიე და ისეთ საქმეს შევეჭიდე, სადაც ბევრი მტერი გავიჩინე და საკმაოდ კომფორტული ცხოვრებიდან და პოპულარობიდან გადავერთე იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც უამრავი პრობლემაა. სადაც ძალიან დიდი დოზით არის ზიზღი, შუღლი, ღვარძლი, ბოღმა, მტრობა.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს აქტივიზმს და ჩვენს ბრძოლას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ბუნებრივია ამას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ვინაიდან რუსეთი ჩვენ გვებრძვის არამხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ ე.წ. „რბილი ძალითაც“, რომელსაც ჰიბრიდული ომის ფარგლებში ძალიან ეფექტურად იყენებს. ამის საწინააღმდეგოდ კი საჭიროა ასევე არანაკლებ ეფექტური საინფორმაციო ომის წარმოება, რომელშიც ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ.
რთულია ვისაუბრო იმ შედეგებზე, რომელიც ასახავს ამ ხუთ წლიანი ყოველდღიური აქტივობის შედეგებს, თუმცა რეალურად, შედეგი არის და ჩვენ ვახერხებთ რუსეთის „რბილ ძალას“ დავუპირისპიროთ ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო ომი, რომლის მოგების შანსი სწორად ორგანიზების შემთხვევაში ქართველ ხალხს აქვს.
ბოლო წლების განმავლობაში, ოკუპაციის თემამ გადაინაცვლა უკანა პლანზე, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ჩვენი შევძელით და ოკუპაციის საკითხი გაგვეხადა ისევ აქტუალური და ვფიქრობ, რომ ეს თითოეული ჩვენი აქტივისტის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგია."