გაეროს ბავშვთა ფონდმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც შშმ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის წარმოჩენაა, რომელიც ბავშვის სკოლაში სიარულს, კომუნიკაციას, თანატოლებთან თამაშს და სხვა აქტივობებს უკავშირდება. ყოველივე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობისთვისაა აუცილებელი.
კვლევის შედეგად გამოვლენილ მონაცემებზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს „მთავრობის დახმარებას ინდივიდზე მორგებული ისეთი პაკეტის შესაქმნელად, რომელიც ეფექტიანად და ხარისხიანად დააკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებს“.
რა აჩვენა კვლევამ და რის წინაშე დგანან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახები?
კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი საკითხები
დღეს არსებული მხარდაჭერის სისტემა ერთგვაროვანია
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ამჟამად არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა შედარებით ერთგვაროვანია და არ პასუხოს მათი საჭიროებების მრავალფეროვნებას. „ის, რომ არასაკმარისი ყურადღება ეთმობა დახმარების სხვადასხვა დონეებს და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ ხარჯებს, განაპირობებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მრავალი ბავშვი ვერ იღებს საკმარის მხარდაჭერას“, აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მობილობასთან, მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან, სახლის ადაპტაციასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, უმეტეს შემთხვევაში, ფარავს ოჯახი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ფინანსურ ტვირთს.
ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები
კვლევამ გამოავლინა, რომ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის თანასწორი მონაწილეობითვის საჭირო საგნებისა და მომსახურებების საფასურის გადახდა საქართველოს ოჯახების უმეტესობას არ შეუძლია. „ამით ნათელი ხდება, თუ რა ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებიან ოჯახები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ზრდიან“, ნათქვამია ანგარიშში.
სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ
სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები განსხვავებულ მხარდაჭერას საჭიროებენ. შესაბამისად, სხვადასხვა სირთულისა და მხარდაჭერის საჭიროებების მქონე ბავშვების ჯგუფები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ხარჯების სტრუქტურითა და დონეებით.
სოფლად არსებული გამოწვევები
სოფლად მაცხოვრებელ ოჯახებს მომსახურებების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობით გამოწვეული დამატებითი ხარჯები აქვთ. მხოლოდ დიდ ქალაქებში არის შესაძლებელი, მათთვის საჭირო მომსახურების მიღება. ეს კი დაკავშირებულია მგზავრობის და დროებითი საცხოვრებლის დაქირავებასთარ და დამატებით ხარჯებთან.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული აღნიშნული კვლევა შემუშავდა საქართველოს მთავრობასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან, მათ შორის მშობელთა ასოციაციასთან და კვლევით ინსტიტუტებთან უწყვეტი თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდაჭერის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით.
წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი საქარველოში