„ისე მოხდა, რომ სანამ შევხვდებოდი, მე ამ არაჩვეულებრივი დედა-შვილის ისტორია ინტერნეტში გამოქვეყნებული ინტერვიუდან ვიცოდი. წაკითხული მქონდა, რომ ანას სხვა ბიოლოგიური დედა ჰყავდა, ნამდვილმა დედამ კი ჩვილ ბავშვთა სახლში შემთხვევით ნახა, შეიყვარა, უპატრონა, რამდენიმე მძიმე ოპერაცია მასთან ერთად გადაიტანა, მერე კი მრავალი ბიუროკრატიული სირთულის მიუხედავად, იშვილა. მახსოვდა, მის სამეგობრო წრეში როგორი არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქალის გადაწყვეტილებას, ეშვილა არატიპიური ბავშვი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა. ვიცოდი, როგორი ბედნიერები იყვნენ ერთად. მათ ნახვას განსაკუთრებით ველოდი და ვნახე კიდეც ... ლამაზ ეზოში, სადაც ცხოველების დიდი მოყვარული ანა იქაურ ქოფაკს ეთამაშებოდა (...)“.
ეს ამბავი, იმ 30 ადამიანის ისტორიიდან ერთ–ერთია, რომელსაც მწერალი არჩილ ქიქოძე და ფოტოხელოვანი ლევან ხერხეულიძე ერთობლივად უამბობენ საზოგადოებას. ფოტო ამბებმა, გამოფენის სახით, თითქმის მთელი საქართველო მოიარა და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების, განსხვავებული ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შეცვლაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოფენა ეხმარება საზოგადოებას გადალახოს სტერეოტიპები.
ფოტო ამბები ნაწილია პროექტის –„ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, რომელსაც შვედური ორგანიზაცია „გლადა ჰუდიკ თეატრი“ ახორციელებს საქართველოში, შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით.
თეატრი შვედეთის ერთ პატარა ქალაქში, ჰუდიკსვალში 1996 წელს დაარსდა პერ იოჰანსონის მიერ და მისი დასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობებისგან შედგება. ორგანიზაციამ თეატრალური დასის გარდა, შშმ პირთა მიმართ სტერეოტიპების დაძლევისა და მათი ინტეგრაციის მიზნით, სხვადასხვა პროექტები დაიწყო შვედეთში, ლატვიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, 2020 წლიდან საქართველოში.
საქართველოში, პროექტი, თავდაპირველად სასკოლო ღონისძიებებს – ფილმების ჩვენებასა და განხილვა–დისკუსიებს ითვალისწინებდა, რადგან ადრეულ ასაკში ბავშვებს არ აქვთ სტერეოტიპები და სხვადასხვა შეზღუდვის მქონეთა მიღება მათ სოციუმში ბუნებრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოში 150-დე სკოლამ მიიღო მონაწიელობა.
მოგვიანებით გადაწყდა, რომ ღონისძიებების ნაწილი ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ასე გაჩნდა ფოტო ამბების ისტორია, რომლის გმირები სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები არიან, რომელთა ნაამბობიც ტკივილსა თუ სიხარულს, ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ მისწრაფებას ასახავს.
პროექტის ხელმძღვანელი ანუკი სტურუა ამბობს, რომ საქართველოში, ბოლო 10–15 წლის განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ამ ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესი ჯერ ისევ გრძელდება და მსგავსი პროექტების მიზანიც სწორედ ეს არის.
გაეცანით 30 ფოტო ისტორიას და გადალახეთ სტერეოტიპები
ასევე, 5 დოკუმენტურ ეპიზოდს შშმ პირების ცხოვრების შესახებ (დოკუმენტური ფილმები გადაიღეს ვანო არსენიშვილმა და ნინო ორჯონიკიძემ).
#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია