en
ge

დავით ტივიშვილი: „ახალ საპენსიო სქემაში და შესაბამის კანონში არის ხარვეზები, რომლის გასწორების გარეშეც, პრობლემები გაღრმავდება“

დავით ტივიშვილი:  „ახალ საპენსიო სქემაში და შესაბამის კანონში არის ხარვეზები, რომლის გასწორების გარეშეც, პრობლემები გაღრმავდება“


2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სრულად ამოქმედდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი, შესაბამისად, საპენსიო სააგენტოში, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისგან, კანონით გათვალისწინებული შენატანების გადარიცხვა დაიწყო. გასულმა ორმა თვემ აჩვენა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და, ზოგადად, ა(ა)იპ-ებს, ახალმა რეგულაციებმა თავსატეხი ბევრი მიმართულებით გაუჩინა. კერძოდ, რა პრობლემები შეექმნა ამ ტიპის ორგანიზაციებს და როგორ შეიძლება მათი მოგვარება, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ფინანსური მენეჯერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტივიშვილი აგვიხსნის.

ესაუბრა მაკა ჯაიანი

რა შეცვალა დაგროვებითი პენსიის შემოღებამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში?

დავით ტივიშვილი – მოგეხსენებათ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ა(ა)იპ-ებს, მეტწილად, პროგრამული დაფინანსება აქვთ და ეს, ამ კონტექსტში, ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ერთი დაქირავებულის ხელფასი, სარგებელი, ა(ა)იპ-ებში რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, შეიძლება, ხელფასის სახით გაცემული 100 ლარი სამი სხვადასხვა პროექტიდან ფინანსდებოდეს. შესაბამისად, მაგალითად, შპს-ს ბუღალტრისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ის ბუღალტერს ფინანსური ოპერაციის, არა ერთხელ, არამედ, სამჯერ ჩატარება უწევს.

ამ ცვლილებების ფონზე, 2019 წლის 1 იანვრიდან, ა(ა)იპ-ების ფინანსისტებს უნდა გადაეხედათ ყველა მოქმედი შრომითი მომსახურების კონტრაქტისათვის. იქ გაწერილი იყო, რომ დარიცხული ხელფასიდან მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი - 20% კავდებოდა და, თუკი, პირობითად, 100 ლარი იყო დარიცხული ხელფასი, დასაქმებული ხელზე 80 ლარს იღებდა. ახალი რეგულაციებით, ეს ვითარება შეიცვალა - დასაქმებულის მიერ ხელზე ასაღები თანხა დამატებით 1,6% მცირდება.

2019 წლის 1 იანვრიდან, ა(ა)იპ-ების ფინანსისტებს მოუწიათ ყველა თანამშრომლის დაბადების თარიღის გადამოწმება. ახალი საგადასახადო კანონმდებლობით, ქალები, რომლების 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით - 55, მამაკაცების შემთხვევაში - 60 წლის იყვნენ, ახალ საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ერთვებიან, დანარჩენი თანამშრომლები კი, ორ ნაწილად იყოფიან. პირველი ჯგუფია, ის პირები, ვისაც 40 წელი 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით არ შესრულებია - ესენი ახალ საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვებიან. მეორე ჯგუფს შეადგენენ 40-დან 55 წლამდე ასაკის ქალები და 40-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ, ახალ საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ, უარი თქვან დაგროვებითი პენსიის შენატანის გაკეთებაზე და სისტემიდან გავიდნენ. დაქირავებული საპენსიო სისტემაში ჩართულად ითვლება მაშინ, როდესაც საპენსიო სააგენტოს მისი დეკლარაცია პირველად წარედგინება. აქედან სამი თვე ის იხდის შესაბამის შენატანს, შემდეგი ორი თვის განმავლობაში კი, სქემიდან გასვლის უფლება აქვს, თუმცა, უკვე გაკეთებული შენატანი უკან უბრუნდება.

პირველი, რაც ზედაპირზე ჩანს, არის ის, რომ ა(ა)იპ-ების ფინანსისტებს საქმე მნიშვნელოვნად მოემატა...

დავით ტივიშვილი –  რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ მდგომარეობა ფინანსისტისა, რომელმაც, როგორც მინიმუმ, სამ კატეგორიად უნდა დაყოს თანამშრომლები - ისინი, ვინც, ასაკის მიხედვით, უპირობოდ ერთვებიან ახალ საპენსიო სქემაში; ისინი, ვინც სამი თვის განმავლობაში უნდა იყვნენ ჩართულნი ამ სისტემაში და შემდეგ, შეიძლება, დარჩნენ ან დატოვონ ის; ისინი, ვინც თავიდანვე უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა დაგროვებითი საპენსიო შენატანების გაკეთება.

გარდა იმისა, რომ, პროგრამული დაფინანსება, თავისთავად, მეტ საქმეს აჩენს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპენსიო შენატანი არ კეთდება მხოლოდ ხელფასიდან - ის ეხება ყველა სარგებელს, ყველა შემოსავალს, რომელსაც დასაქმებული იღებს. ეს შეიძლება იყოს მომსახურება, მივლინება, ჰონორარი და ა.შ. - რეზიდენტი პირის ყველა სარგებელი, ქირის, იჯარისა და საინვესტიციო შემოსავლის გარდა. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონით, „ხელფასი" იშიფრება, როგორც „მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, რომელიც იბეგრება წყაროსთან და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს უკავშირდება".

ნახეთ, როგორი ვითარებაა: სადღეღამისო სამივლინებო ხარჯი, საქართველოს კანონმდებლობით, არის 15 ლარი. ეს მოძველებული რიცხვია, 2005 წლის ტარიფი, რომელიც აღარ შეესაბამება რეალობას. ამდენად, ორგანიზაციები მივლინებისთვის მეტ თანხას გასცემენ - 30-50 ლარს. ვთქვათ, გავეცით 50 ლარი, აქედან, 35 ლარი, ის, რაც კანონით გათვალისწინებულ 15 ლარზე მეტია, ითვლება გაცემულ სარგებლად, მიღებულ შემოსავლად და საპენსიო შენატანებით იბეგრება.

სამწუხაროდ, ყველა ა(ა)იპ-ში არ აქვთ მაღალკვალიფიციური ბუღალტრის დაქირავების ფუფუნება, მწირი შემოსავლების გამო, ბევრგან მენეჯერიც კი ითავსებს ამ საქმეს, რაც შეცდომის დაშვების რისკს ზრდის. ბევრი გვეხმიანება და ვიცით, რა სირთულეების წინაშე დგანან ამ, ერთი შეხედვით, წვრილმანი ნიუანსების გამო. მით უმეტეს, რომ თავად საპენსიო სააგენტოსთვისაც პრობლემური საკითხების მთელი რიგი გამოიკვეთა.

კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა იქმნება, 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, 40-დან 55 წლამდე ასაკის ქალებისა და 40-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცების შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ, ახალ საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ, უარი თქვან დაგროვებითი პენსიის შენატანის გადახდაზე და გავიდნენ სისტემიდან. კანონის მიხედვით, სავალდებულო სამი თვის გასვლის შემდეგ, მათ უნდა დაწერონ შესაბამისი განცხადება და, ორი თვის განმავლობაში, გადახდილი თანხა უკან უნდა დაუბრუნდეთ.

მთელი რიგი დონორებისა სპეციფიურად უყურებს საპენსიო გადასახდელებს. მაგალითად, ევროკავშირისთვის, USAID-ისთვის უკან დაბრუნებული ეს თანხები ხარჯად არ ითვლება. თუკი ადამიანი არის საპენსიო სქემაში, მის შენატანს დონორი გითვლის ხარჯად და ამას შესაბამის დოკუმენტაციაში აჩვენებ, მაგრამ უკან დაბრუნებულ ამ თანხებს ადგილს, ფაქტობრივად, ვერ უძებნი. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როცა პროექტი, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული შენატანები გაკეთდა, უკვე დასრულებულია. ამიტომ, იძულებული ხდები, ასწორო დოკუმენტაცია, მოიწვიო აუდიტი და გასწიო დამატებითი ხარჯები, რისი საშუალებაც ყველა ა(ა)იპ-ს არა აქვს.

მოგეხსენებათ, ეს დაბრუნებული თანხაც ორი სახისაა - დასაქმებულისა და დამსაქმებლის. დასაქმებულის საპენსიო შენატანი უნდა დააკავო ხელფასიდან, როგორც საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ არის დამსაქმებლის წილიც, რომელიც კავდება ორგანიზაციისგან. მთელი რიგი ა(ა)იპ-სა არ იყვნენ, ან შეცდომით იყვნენ ინფორმირებული ამ ნაწილის თაობაზე და ჯამური 4% პირდაპირ ხელფასიდან დააკავეს. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრს შეცდომით აქვს დაანგარიშებული საპენსიო შენატანი, შეცდომით - საშემოსავლო გადასახადი, შეცდომით - ხელზე ასაღები თანხა და ახლა ცდილობს ყველაფერი ეს გაასწოროს.

ამასთან, ჯერაც გაურკვეველია, როგორ დაბრუნდება უკან ეს შენატანები. იყო საუბარი, რომ დასაქმებულს თავისი 2% დაუჯდება ანგარიშზე და დამსაქმებელს - თავისი, რაც არ იყო ცუდი გამოსავალი. შემდეგ, საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზთან კომუნიკაციის შედეგად, აღმოჩნდა, რომ სააგენტოს არ აქვს რესურსი, ადამიანებს სათითაოდ ჩაურიცხოს ეს თანხები. ბოლო ინფორმაციით, მთელ ამ თანხას დამსაქმებელს დაუბრუნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას მოუწევს თანამშრომლებზე მათი დანაწილება, ყველა იმ თეთრისა და ლარის ხელახლა დაანგარიშება, რომელიც სხვადასხვა პროექტიდან იმ სამი თვის განმავლობაში იანგარიშა.

ამას დავამატოთ ისიც, რომ, ადამიანებს, რომლებიც დატოვებენ ახალ საპენსიო სქემას, შეუძლიათ, მოგვიანებით, ისევ ჩაერთონ მასში. ბუღალტერია პროცედურებზე დაფუძნებული სფეროა და ბოლომდე გაუთვლელი ცვლილებები ბევრ სირთულეს იწვევს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში ბევრ რამეს ცვლის: ბუღალტრებს მოემატა საქმე, გართულდა ადმინისტრირება და არსებობს ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც პარალელურ რეჟიმში ხდება.

კიდევ რა ხარვეზები არსებობს?

დავით ტივიშვილი –  მაგალითად, კანონში არ არის გაწერილი ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიცაა საპენსიო შენატანების დეკლერაციის ჩაბარების ვადები. საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზთან კომუნიკაციისას, თავიდან, დეკლარაციას ყოველთვიურად ითხოვდნენ. შემდეგ, როცა დაინახეს, რომ ეს დოკუმენტი საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციას თარიღების მიხედვით არ აჩვენებდა, რაც მათ ესაჭიროებოდათ, ყოველდღიური დეკლარაციები მოითხოვეს.

ვისაც ერთი წელი მაინც უმუშავია ბუღალტერიაში, იცის, რომ ეს წარმოუდგენელი რამაა. შედარებისთვის: საგადასახადო დეკლარაციები ბარდება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ამასთან, არის მოგვიანებით აღმოჩენილი შეცდომების ელექტრონულად გასწორების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, მსგავს შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ. იყვნენ ენთუზიასტები, რომლებსაც 3-4 ოპერაცია აქვთ დღის განმავლობაში და ყოველდღიური დეკლარაციების ჩაბარება სცადეს, მაგრამ ეს არც მათ გამოუვიდა - სააგენტოს საიტმა ამ დატვირთვას ვერ გაუძლო. ეს მოთხოვნა, ტექნიკური პრობლემების გამო, დროებით გადაიდო, სიტუაცია გაურკვეველი დარჩა. ორგანიზაციების დიდი ნაწილი, დეკლარაციას ყოველ თვე აბარებს, მაგრამ - დაუდგენელი ზედა ზღვრით, რადგან კანონში ეს გაწერილი არ არის.

კიდევ - როცა ადამიანს ახალი საპენსიო სქემიდან გასვლა უნდა, ელექტრონულ განცხადებას ვერ წერს, ადგილზე უნდა მივიდეს, განცხადება ქაღალდზე დაწეროს, რიგში იდგეს და ჩააბაროს, რაც ციფრულ ეპოქაში წარმოუდგენელია.

როგორც წესი, მსგავსი სისტემების ამოქმედება ჯერ სატესტო რეჟიმში ხდება და ამ დროს სწორდება ხარვეზები, კეთდება ის, რისი გაკეთებაც ჩვენ ახლა რეალურ დროში გვიწევს.

რა დაგანახათ ამ ორმა თვემ, რა არის ახალ საპენსიო სისტემაში აუცილებლად შესაცვლელი?

დავით ტივიშვილი –  ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გვაქვს არის ის, რომ, ამ ხნის განმავლობაში, საიტი მუშაობდა წარმოუდგენლად ცუდად. ორგანიზაციები, ფაქტობრივად, ვერ ახერხებდნენ, დეკლარაციების ატვირთვას და გადაგზავნას. ჩვენ ორგანიზაციას, მაგალითად, დასჭირდა 5 დღე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მზად ჰქონდა. საპენსიო სააგენტოს საიტი ამ რაოდენობის ინფორმაციის მიღებაზეც არ იყო გათვლილი, შესაბამისად, ყოველდღიური დეკლარაციების ატვირთვა პრობლემას წარმოადგენს.

საპენსიო სააგენტო სერიოზული შეცდომას დაუშვებს, თუკი დეკლარაციების ატვირთვას ყოველდღიურად მოითხოვს და, არა მხოლოდ, საიტის გაუმართაობის გამო. საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს ამ კუთხით შემოსავლების სამსახურს, რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის მომზადებისათვის ბევრად უფრო გონივრულ ვადებს აწესებს და იძლევა დეკლარაციის ნებისმიერ დროს ელექტრონულად დაზუსტების შესაძლებლობას. მიუხედავად, პერიოდულად წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზებისა, მისი სისტემა ნორმალური მუშაობის საშუალებას ქმნის.

საპენსიო სააგენტოში გადაგზავნილ მასალებში ერთი შეცდომაც რომ გაგეპაროს, უნდა წახვიდე სააგენტოში, დადგე რიგში, დაწერო განცხადება ქაღალდზე, უნდა იწვალო და ჩააბარო. წარმოიდგინეთ, რამდენი დროის ხარჯვა და როგორი დისკომფორტია ეს დღეს, 21-ე საუკუნეში, მით უმეტეს - ყოველდღიურ რეჟიმში. ვთქვათ, გაიცა ხელფასი 50 კაცზე. იმავე საღამოს ბუღალტერი უნდა დაჯდეს, შეიყვანოს ყველა ადამიანის სახელი და გვარი, მისამართი, სხვა პირადი მონაცემები, დაიანგარიშოს შენატანების რაოდენობა და მერე საპენსიო სააგენტოს ხარვეზიანად მომუშავე საიტზე ატვირთოს.

ერთხელ გავაკეთეთ ეს ფინანსისტებმა და ვიცით, რომ ყოველდღიურად ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ამდენად, კანონში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს დეკლარაციის ატვირთვის თარიღი - ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის კონკრეტული რიცხვი, გონივრული ვადები და შესაბამისი დეტალიზებაც მოხდეს. ეს გონივრული იქნება, რადგან, სხვაგვარად, პროცესი ჩვენთვისაც დიდ და დაუძლეველ ტვირთად იქცევა. შედეგად, ბევრს მოუწევს უნებლიე შეცდომების დაშვება, ამას საკმაო ჯარიმები მოჰყვება, რაც, ამ პირობებში, უსამართლოა.

დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში გარკვევით უნდა ეწეროს ისიც, რომ არსებული საპენსიო განაკვეთი არ გაიზრდება. ამჯერად, ის შეადგენს 2-2%-ს და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს გადასახდელი ხვალ, პირობითად, 4-5% არ გახდება. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, ადამიანებისთვის კი, ნებისმიერ პროცენტს მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ეს საკითხი ცხადი და გარანტირებული უნდა იყოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საიტზე გადაამოწმოს, არის თუ არა სქემაში ჩართული მოქალაქე, რომელთანაც ხელშეკრულებას აფორმებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთჯერადი მომსახურებების ხელშეკრულებების გაფორმების დროს. ისევე, როგორც, მაგალითად, ცესკო-ს საიტი, საპენსიო სააგენტოს საიტიც უნდა იძლეოდეს, პირადი ნომრისა და ვინაობის საშუალებით, პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას. საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ამ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და შესაბამისი ცნობა აიღოს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა დროსა და ბიუროკრატიასთან არის ეს დაკავშირებული, დიდი ალბათობით, ადამიანი, რომელიც, მაგალითად, მოვიდა და წყლის მილი შეაკეთა, ამ ცნობის ასაღებად არ დაიხარჯება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ახალ საპენსიო სქემაში და შესაბამის კანონში არის ხარვეზები, რომლის გასწორების გარეშეც, პრობლემები გაღრმავდება.

რას ურჩევდით ა(ა)იპ-ს, რა უნდა გაითვალისწინონ მათ ახლა, იქამდე, ვიდრე არსებული ხარვეზები გასწორდება?

დავით ტივიშვილი –  ყველაზე მთავარი არის ის, რომ ასაკის მიხედვით, საჭირო სამ ჯგუფად დაყონ თანამშრომლები, იმ ასაკების მიხედვით, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ; გაარკვიონ, მესამე ჯგუფიდან ვინ მიმართა საპენსიო სააგენტოს სქემაში ჩართვის განცხადებით; ყურადღება მიაქციონ მეორე ჯგუფის ადამიანების გადაწყვეტილებას, ახალი სისტემის დატოვების ან ხელახალი ჩართვის თაობაზე.

უნდა გაითვალისწინონ, რომ დარიცხული ხელფასიდან კავდება ჯერ დასაქმებულის გადასახდელი 2%, შემდეგ იანგარიშება საშემოსავლო გადასახადი, დარჩენილი კი ხელზე გასაცემ თანხას წარმოადგენს.

გაითვალისწინონ, ასევე, რომ დაგროვებითი პენსიის 2%-ით იბეგრება რიგი ადამიანებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათით სარგებლობენ, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანოსთვის ბრძოლის ვეტერანები, რომელებსაც 3000 ლარამდე ხელფასი არ ებეგრებოდათ.

ყველამ უნდა გადაამოწმოს, რა პერიოდში უბრუნდება უკან სქემიდან გასული ადამიანების შენატანები. თუ ეს პროექტების დასრულებამდე ხდება, ნაკლები სანერვიულო აქვთ, რადგან მათი ბიუჯეტის სხვა ხაზებში გადანაწილების შესაძლებლობა ექნებათ. თუ ეს თანხები პროექტის დასრულების შემდეგ უბრუნდებათ, ამის შესახებ დონორებს დროულად აცნობონ, რომ, პროექტის დასრულებისას, პრობლემები თავიდან აიცილონ.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის წინააღმდეგნი ჩვენ არ ვართ. მთავარია, ის ნებაყოფლობითობაზე იყოს დაფუძნებული, გახდეს იმდენად დახვეწილი და მიმზიდველი, იმდენად კონკურენტუნარიანი, რომ ადამიანს მასში ჩართვის სურვილი და არჩევანი ჰქონდეს.

მსგავსი პოსტები