სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეკლესიის წმინდანთა დასში ძმები კარბელაშვილები შეირაცხნენ, რომელთა ღვაწლი და თავდადება ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე დიდია.
ძმები კარბელაშვილები მთელი ცხოვრება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად იბრძოდნენ და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში მონაწილეობდნენ. მათი შრომით, შემოგვრჩა აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო გალობის კილო.
მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში მწვავედ დადგა ქართული გალობის გადარჩენის საკითხი. ეს ის პერიოდია, როდესაც ძველი თაობა მიდიოდა და იკარგებოდა დიდი საგანძური. ეს თითქოს წარმოუდგენელი იყო, რადგან გალობის მცოდნენი ათასობით იყვნენ, მაგრამ რუსეთის იმპერიის მიერ ეპარქიების გაუქმებამ, მწიგნობრული კერების მოშლამ, ძალიან ბევრ საკითხს შეუქმნა საფრთხე. დღის წესრიგში დადგა სხვა მგალობლების მოძებნა. მაგრამ, საუბარი იყო იმაზე, თუ რომელი საგალობლები ჩაეწერათ და რა მეთოდით. ერთადერთი ლოგიკური და გამართლებული მეთოდი იყო ოთხხაზიანი სანოტო სისტემის შექმნა.
დასავლეთ საქართველოში საგალობლების ჩაწერა ითავა ფილიმონ ქორიძემ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – დეკანოზმა გრიგოლ კარბელაშვილმა, რომელიც აღმოჩნდა ერთადერთი სრულად მცოდნე აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო კილოებისა.
იცით, ვის ეკუთვნის ყველაზე ცნობილი საგალობელი - „შენ ხარ ვენახი?' - სწორედ კარბელაშვილებს. (მოგვიანებით ფალიაშვილმა ის თავის კრებულში შეიტანა.)
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შემონახულია ეპისკოპოს სტეფანეს (ერისკაცობაში – ვასილ კარბელაშვილი) სანოტო არქივი, სადაც 2 000-მდე საგალობელია შესული.
ძმები კარბელაშვილების მიერ ნოტებზე გადატანილ საგალობლებს დღემდე გალობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ ”კარბელაანთ კილოს” ეძახიან.