en
ge

ეროვნული გმირები

ეროვნული გმირები

ქვეყნის ეროვნული გმირის ორდენი არის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელსაც პრეზიდენტი ანიჭებს პირს – საქართველოს წინაშე განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისთვის. ორდენი, 2004 წელს დაწესდა და, დღემდე 24 ადამიანს აქვს მიღებული.

საქართველოს ეროვნული გმირები – სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, რომელთა ცხოვრება რუსეთის აგრესიას შეეწირა, ან რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ, მათ ცხოვრებაზე, მძიმე კვალი დატოვა.

მარო მაყაშვილი – რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე ღვაწლისათვის, 2015 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. წითელი ჯვრის მოწყალების და, 19 წლის მარო, 1921 წლის 19 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან დაიღუპა. 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი – 1921 წელს იბრძოდა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, 1921–24 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ მოძრაობას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის, ქაქუჩა ჩოლოყავშვილს, 2013 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

გიორგი მაზნიაშვილი – ქართველი მხედართმთავარი, გენერალი აქტიურად იბრძოდა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ოკუპაციის შემდგომ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს. 2013 წელს, მაზნიაშვილს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. 

მიხაკო წერეთელი – 1918–1919 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიებს გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში. საქართველოს ოკუპაციის შემდგომ ემიგრაციაში მოუწია წასვლა. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი გამორჩეული მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოლოგი. ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიენიჭა.

გიორგი კვინიტაძე – გენერალი, 1921 წლის რუსეთ–საქართველოს ომში ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს. რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდგომ, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. დევნილი გენერალი პარიზში გარდაიცვალა. ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა 2013 წელს.

დიმიტრი ამილახვარი – საფრანგეთში უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საქარველოს ღირსეულად წარმოაჩენდა. საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი წვლილისათვის, 2021 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

მიხა ხელაშვილი – ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე 1920–იან წლებში. შეფიცულთა რაზმის წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული თავგანწირვისათვის, 2022 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

ამბროსი ხელაია – საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 1921–1927 წლებში. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდგომ, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წელს საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრთან ერთად დააპატიმრეს. 1927 წელს ჩამოაცილეს ეკლესიის მართვას, იმავე წელს ამბროსი ხელაია გარდაიცვალა. ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, 2013 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

გრიგოლ ფერაძე – თეოლოგი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებთა დოქტორი. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, სასწავლებლად ევროპაში მყოფმა, სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. გამორჩეული ჰუმანისტი, მეორე მსოფლიო ომის დროს დევნილ ებრაელებს იფარებდა, რის გამოც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. ჰუმანიზმისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის ეროვნული გმირის წოდება, 2013 წელს მიენიჭა. 

ექვთიმე თაყაიშვილი – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწია. წლების მანძილზე პატრონობდა საქართველოს ეროვნულ განძს. იგი საქართველოში ჩამოიტანა, თუმცა საბჭოთა რეჟიმმა მალე დაიწყო ექვთიმეს შევიწროვება, რასაც ვერ გაუძლო და უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, 2013 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

მერაბ კოსტავა – ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, დისიდენტი და უფლებადამცველი. იგი წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრა და გადაასახლა საბჭოთა რეჟიმმა. ქვეყნის წინაშე ღვაწლისათვის, 2013 წელს, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 

ზვიად გამსახურდია – ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი გამორჩეული ლიდერი, დისიდენტი, საბჭოთა რუსეთისგან, თავისუფალი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, 2013 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.

ზურაბ ჭავჭავაძე – ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის, 2018 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

ჟიური შარტავა – 2004 წელს დაწესებული ეროვნული გმირის წოდების პირველი მფლობელი, რომელიც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი ღვაწლისთვის მიენიჭა. აფხაზეთის ომის დროს, ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს. სოხუმის დაცემის დღეს, თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. 

მამია ალასანია – 1993 წელს სოხუმის დაცემის დღეს, პოლკოვნიკი ალასანია თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის, 2017 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

გურამ გაბესკირია – სოხუმის მერი, 1993 წელს, თანამოაზრეებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, 2017 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

ზურაბ იარაჯული – საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჰაერო მფრინავი, 1993 წელს დაიღუპა აფხაზეთში. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და გმირობისთვის, 2013 წელს, მიენიჭა გმირის წოდება. 

ავთანდილ იოსელიანი – 1992 წლის 26 ოქტომბერს, ოჩამჩირეში ხელყუმბარა სხეულით დაფარა, და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, 2019 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

გენო ადამია – 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან, პოზიციების დაცვისას დაიღუპა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის,2020 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

ზაზა დამენია – 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებისას, სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა და საკუთარი სოცოცხლის ფასად, გადაარჩინა თანამებრძოლები. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული მამაცობისათვის, 2004 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

გიორგი ანწუხელიძე – 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი, წამების შედეგად გარდაიცვალა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და გმირობისათვის, 2013 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

ალექსანდრე ონიანი –2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში, სოფელ შინდისის მისადგომებთან გმირულად დაიღუპა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენი მამაცობისთვის, 2021 წელს, მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება. 

საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის მხარდაჭერისათვის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭათ, 2010 წელს ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს და პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის

#გახსოვდესისტორია, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები