რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან რამდენიმე დღეში, 1921 წლის 28 თებერვალს, მაჩაბლის 13 ნომერში მდებარე დავით სარაჯიშვილის, შემდგომ კი აკაკი ხოშტარიას სახლი, საბჭოთა რევოლუციურმა კომიტეტმა მწერალთა და ხელოვანთა გაერთიანებას გადასცა. ასე დაიწყო სახლის საბჭოთა, ტრაგიკული ისტორია, რომელიც მწერლების, მთარგმნელების, დრამატურგების საბჭოთა რეპრესიებს უკავშირდება.
1921–1956 წლებში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი 200–მდე რეპრესირებული მწერლის უმძიმეს ისტორიას, საარქივო ჩანაწერს, ნივთებს, ხელნაწერებს, ფოტო, აუდიო თუ ვიდეო მასალას აერთიანებს რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომელიც მაჩაბლის 13 ნომერში განთავსდა. მხოლოდ 1936–1937 წლების საბჭოთა ტერორს, 90 მწერალი ემსხვერპლა.
საბჭოთა ტერორის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გარდა, მუზეუმი, პერიოდულად, კონკრეტული მწერლის ისტორიას თუ მოვლენის უცნობ დეტალებს გააცოცხლებს. ამჟამად პაოლო იაშვილს ეთმობა გამოფენა.
1937 წლის ზაფხულში მაჩაბლის 13-ში ყოველ კვირას იმართებოდა მწერალთა კავშირის სხდომები, სადაც მწერლებს ერთმანეთისთვის გამოჰქონდათ განაჩენი და „ამხელდნენ ხალხის მტრებს“. ერთ–ერთი სამიზნე პაოლო იაშვილი იყო
1937 წლის 22 ივლისს დაკითხვებითა და გაურკვევლობით გაწამებულმა პოეტმა სანადირო თოფით მოიკლა თავი მწერალთა სასახლის მეორე სართულზე. ამ ტრაგედიიდან, კარგა ხანს, აკრძალული იყო მისი სახელის ხსენება...
მუზეუმი, არა მარტო ტოტალიტარული სახელმწიფოსა და მწერლების ტრაგიკული დაპირისპირების ამბებს აცნობს დამთვალიერებლებს, არამედ ამ ეპოქის ამსახველი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ერთ–ერთი ცენტრია, რომელიც ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს იხილოს, შეისწავლოს 200 რეპრესირებული მწერლის ცხოვრების, აქამდე უცნობი ამბები.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ექსპოზიციისთვის გამოყენებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის, ლიტერატურის მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული არქივის, შსს აკადემიის საარქივო მასალები. მუზეუმი მხარდამჭერები არიან იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროგრამა, აშშ–ის საელჩო საქართველოში და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი (CARDIF-ის ფონდი).
#გახსოვდესისტორია, რადგან #ესქვეყანაშენია