en
ge

ერთად შევქმნათ თანაბარი გარემო

ერთად შევქმნათ თანაბარი გარემო

შშმ პირთათვის დღემდე მთავარ პრობლემად არაადაპტირებული გარემო რჩება. მათი დასაქმების მაჩვენებელი უარესდება სტატუსის სიმძიმის მიხედვით. თითოეული პირისთვის დაბრკოლება უმეტესად საკუთარი სახლის კარიდან იწყება და თითქოს ისინი განწირულნი არიან შინაპატიმრობისთვის, რადგან პრაქტიკულად, შეუძლებელია მათი დამოუკიდებლად გადაადგილება. ადამიანები ყურადღების მიღმა რჩებიან და ხშირად საზოგადოების თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდიან. 

მაშინ, როდესაც აჭარის რეგიონში არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებს დაიცავდა და მათთვის იბრძოლებდა, თომა კაკაბაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირები სწორედ ისინი იქნებოდნენ უმრავლესობით.

დაფუძნების დღიდან, გუნდი მუშაობს პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის, რაც შეიძლება სწრაფი და მოქნილი გზების შექმნისთვის. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებებთან (საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან), სხვადასხვა საჭირო სერვისის ინიცირების ავტორები არიან, რათა შშმ პირთათვის გარემო მათზე მორგებული და უკეთესი გახდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რადგან ხშირად ადამიანებს არასწორი შეხედულებები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა შესახებ. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია ახორციელებს აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვადასხვა ადამიანებისთვის, რათა გარემო ამ მიმართულებით გაჯანსაღდეს და საზოგადოება ინფორმირებული იყოს.

ორგანიზაციამ 2016 წელს ბათუმში სოციალური კაფე „თავისუფალი სივრცე“ გახსნა, რომელიც შშმპ პირთათვის ერთადერთი სრულად მისაწვდომი ადგილია რეგიონში, სადაც ნებისმიერი აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი. უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, 5 წლიანი აქტიური ადვოკატირების შედეგად ბათუმის სანაპირო ადაპტირდა და 2019 წელს ხელმისაწვდომი გახდა ეტლით მოსარგებლეთათვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს საკუთარი ფიზიკური და მენტალური ხელშეუხებლობის პატივისცემის თანაბარი უფლება. იმისთვის, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობა და სრულყოფილი ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ, სახელმწიფომ უნდა შექმნას თანასწორი გარემო.

მსგავსი პოსტები