ზამთარში, მარადმწვანე მცენარეებს სადღესასწაულო დეკორაციებად საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. საშობაო ნაძვის ხის ისტორია კი მე–16 საუკუნიდან გერმანიაში დაიწყო, მოგვიანებით კი, მთელ ევროპაში გავრცელდა.
მრავალი საუკუნეა ქართველებსაც გვაქვს საშობაო ხე – ჩიჩილაკი, თუმცა იგი საბჭოთა პერიოდის მიწურულამდე აკრძალული იყო, ისევე როგორც ნაძვის ხე გარკვეული პერიოდი, რადგან ორივე მათგანი შობას უკავშირდება. 1930–იან წლების მეორე ნახევარში ტოტალიტარულმა რეჟიმმა აკრძალვა მოხსნა, მაგრამ საბჭოთა იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი მეთოდი გამოიყენა – ნაძვის ხეს რელიგიური დღესასწაული ჩამოაცილა და სახელი შეუცვალა. ასე იქცა საშობაო ნაძვის ხე, პოსტ–საბჭოთა სივრცეში საახალწლო ნაძვის ხედ.
საშობაო ნაძვის ხის ევროპული ტრადიცია საქართველოში მე–19 საუკუნის ბოლოს, მე–20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდა.
ეროვნულ არქივში შემონახულია გიგლო ყარალაშვილის 1913 წლით დათარიღებული საშობაოდ მორთული ხის ფოტო. იგი ახლანდელი ქიქოძის 8 ნომერში მდებარე სახლშია გადაღებული, უცნობია ვინ იყო სახლის მეპატრონე ან ვინ მორთო იგი.