en
ge

ეს ომი ჩვენიცაა...

ეს ომი ჩვენიცაა...

გაიცანით სანატორიუმ „ქართლის" მაცხოვრებლები, ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ომი და მისი სიმძიმე. ახლა კი თავად აძლევენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის და აქტივიზმის მაგალითს სხვებს.

„უკრაინაში ომი არის ომი ბოროტების წინააღმდეგ. ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებმა ეს ყველაფერი 30 წლის წინ გამოვიარეთ, 13 თვე შიშველი ხელებით ვიცავდით აფხაზეთს, ჩვენი გმირი ბიჭების სიცოცხლის ფასად.

ეს ომი ჩვენიცაა და აფხაზეთიდან დევნილებმა ყველაზე კარგად ვიცით უკრაინელი ხალხის ტკივილი. უკრაინელები ჩვენს გვერდით იყვნენ ყველაზე მძიმე პერიოდში, მათმა ორმა სამხედრო გემმა გაიყვანა სამშვიდობოს ასობით ადამიანი.

სანატორიუმ „ქართლის" მაცხოვრებლებმა გადავწყვიტეთ მცირედით დავხმარებოდით უკრაინელ ხალხს. ყველამ ერთსულოვნად მოვაგროვეთ თანხა, ვისაც რამდენი შეეძლო. წარმოიდგინეთ, მარტოხელა მოხუცი თავისი პენსიიდან ბოლო 5 ლარს რომ მოგცემს და გეტყვის მე არაფერი მიჭირს, იქ უკრაინაში დაჭრილს უფრო უჭირსო, ამის შემდეგ სიტყვებიც ზედმეტია.

შეგროვილი თანხით ვიყიდეთ პირველადი დახმარების ნივთები: მედიკამენტები, გადასხმის სისტემები, ბავშვებისთვის საკვები, პამპერსები, ზოგიერთმა თანხა გადარიცხა უკრაინის დასახმარებელ ფონდში და ამგვარად, უკვე ორჯერ, შევძელით მცირე დახმარების გაგზავნა.

ძალიან ბევრს აქვს სურვილი შეიფაროს უკრაინიდან დევნილები, ბავშვები და ქალები, მაგრამ შენობა, რომელშიც ვცხოვრობთ ინგრევა და მათ სიცოცხლეს ისევ საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. გაუსაძლისი პირობების შესახებ უამრავი უწყებას მივმართეთ, მხოლოდ შენობის საბოლოო რღვევისა და ტრაგიკული ამბის შემდგომ – ერთ–ერთმა მაცხოვრებელმა სიცოცხლე შესწირა ამ საკითხს – მოვექეცით ყურადღების ცენტრში. ახლა დევნილთა განსახლების ეტაპობრივი პროცესი მიმდინარეობს." - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში სანატორიუმის ერთ-ერთ მაცხოვრებელი ირმა ნაჭყებია. 

პ.ს. ამჟამად, საქართველოში, დაახლოებით, 270 000 დევნილია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მათი სახლები, ანუ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთი ახლა უკრაინის ოკუპაციას ცდილობს... #არაოკუპაციას #არარუსეთს #მხარდაჭერაუკრაინას

მსგავსი პოსტები