მრავალფეროვნების სახეები – მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე, გვიამბობს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ისტორიებსა და ტრადიციებზე. გვამოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ ეპოქაში, გვიჩვენებს რა მოგვცა უწყვეტმა მრავალფეროვნებამ, ერთობლივმა თანაცხოვრებამ.
„მრავალფეროვნების სახეები" ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთ–ერთი მრავალწლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ქმნის არა მხოლოდ მდიდარ მულტიმედიურ მასალას, არამედ დიდ ყურადღებას უთმობს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის ადვოკატირების კამპანიებს და საგანმანათლებლო რესურსების შექმნას.
მართავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, სემინარებს, საჯარო დისკუსიებს, ქმნის გამოცემებს მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა თუ ჟურნალისტებისთვის.
„ტოლერანტობის გაკვეთილების“ საშუალებით კი წარმოაჩენს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასა და ეთნიკურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 2013 წელს შეიქმნა და მისი მიზანია:
🔹 რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა და საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
🔹 რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ნიშნით დისკრიმინირებული ადამიანებისა და ჯგუფების უფლებების დაცვა და ადვოკატირება;
🔹 სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
🔹 რელიგიის თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვის, უმცირესობების უფლებების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი, კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა.