en
ge

ესმა გუმბერიძე – აქტივისტი

ესმა გუმბერიძე – აქტივისტი

ესმა გუმბერიძის ბიოგრაფია და გამოცდილება მკითხველისთვის მოტივაციის წყარო გახდება.

მისი აქტიური სამოქალაქო ცხოვრება დაიწყო მაშინ, როდესაც გაიაზრა, რომ ნებისმიერ სფეროში სარგებლის მოტანა გაუჭირდებოდა, სანამ შშმ პირთა უფლებები არ იქნებოდა დაცული და მათი საჭიროებები– გათვალისწინებული. მას შემდეგ მისი პრინციპულობის და დაუღალავი შრომის წყალობით ბევრი ჩვენთაგანისთვის გაიკაფა გზა და დაიწყო დისკუსია იმ პროცესებზე, რასაც მანამდე არავინ განიხილავდა.

მისი საქმიანობა მრავალფეროვანია: გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების წარმომადგენელია გაეროში, მუდმივად ცდილობს მათ ინფორმირებას არსებულ გრანტებზე, სტაჟირებებზე და გაცვლით პროგრამებზე. როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ეწევა საინფორმაციო საქმიანობას ევროკავშირის შესახებ. ატარებს ონლაინ ტრენინგებს მედია და ფინანსური წიგნიერების, საჯარო გამოსვლის ხელოვნების მიმართულებით. მის ხმას რადიოშიც გაიგებთ, სტუმრად იწვევს როგორც შშმ პირებს, ისე ახალგაზრდა მეწარმეებს, სტუდენტებს, ადამიანებს, ვინც მედიაში არ ჩანან, თუმცა აქვთ სათქმელი.

ამბობს, რომ საქართველოში რეალიზება არ იყო მისთვის მარტივი, რადგან ხშირად უწევს მისი, როგორც უსინათლოს საჭიროებების გაჟღერება და ბარიერებთან ბრძოლა.

კითხვაზე თუ რა არის მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ესმამ გვიპასუხა: „ისეთ საკითხებზე ხმამაღალი დისკუსიის წამოწყება, რომლებზეც ადრე არ საუბრობდნენ. ჩემს ბავშვობასთან შედარებით საქართველომ წაიწია წინ. მინდა ამ პროცესის მონაწილე და წვლილის შემტანი ვიყო.“

მსგავსი პოსტები