დღეს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულებს, მარიამ ბოლქვაძესა და ნიკოლოზ ურუშაძეს გაგაცნობთ. მარიამს და ნიკოლოზ მრავალფეროვანი ინტერესი აქვთ – უყვართ ხატვა, წერა, წიგნების კითხვა, მოგზაურობა, ფოტოგადაღება, მუსიკა, კინო.
მათ ხელვაჩაურში მდებარე სოფელ შარაშიძეებში, ფემინიზმის შესახებ სამოქალაქო კამპანია გამართეს. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საკითხი აქტუალურია, განსაკუთრებით ცენტრიდან მოშორებულ ადგილებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ფემინიზმის შესახებ ინფორმაცია ნაკლებია, ამაზე სოფლის მცხოვრებთან გამოკითხვაც მეტყველებს. მარიამი, კამპანიის დაგეგმვის წინ ჩატარებულ გამოკითხვას იხსნებს და ამბობს, რომ როდესაც სოფლის მაცხოვრებელები გამოკითხეს, ბევრმა მათგანმა ტერმინის განმარტებაც კი არ იცოდა. შედეგების დაყრდნობით, მათ კამპანია ორი მიმართულებით წარმართეს: ფემინიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და არასწორი სტერეოტიპების დაძლევა.
ამისთვის მრავალი აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს – გამოკითხვა, ფილმის ჩვენება–განხილვა, ბროშურების მომზადება და გავრცელება, თანატოლგანმანათლებელთა საინფორმაციო შეხვედრები, ვიდეო–რგოლების მომზადება და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელება.
სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვის და წარმართვის პროცესში მარიამს და ნიკოლოზს არამხოლოდ მეგობრები და თანატოლები ეხმარებოდნენ, არამედ მასწავლებლები და სკოლის დირექტორი, რომლებიც, როგორც მარიამი ამბობს, აქტიურად იყვნენ შეხვედრების ორგანიზებაში ჩართულნი.
ნიკოლოზი თვლის რომ მან და მარიამმა დასახულ მიზანს მიაღწიეს – „ჩვენ მიერ განხორციელებული კამპანიის შედეგად ბევრმა ახალაგაზრდამ გაიგო, რომ ფემინიზმი ქალთა უფლებების დაცვას კი არა, არამედ ქალისა და კაცის თანასწორობაა ყველა სფეროში - პროფესიულში და პირადშიც“.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ახალგაზრდული კონკურსის ჟუირიმ სწორედ მათი კამპანია ცნო საუკეთესო პროექტად. ჟიურის შეფასებით, მარიამისა და ნიკოლოზის მიერ განხორციელებული აქტივობები ყველაზე კარგად პასუხობს კონკურსის მიზნებს, რომელთა შორისაა ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ახალგაზრდული კონკურსი გაიმართა პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარების“ ფარგლებში, გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ (BFTW) მხარდაჭერით.