en
ge

გაიცანით "საქართველოს კარიტასის" საქმიანობა

გაიცანით "საქართველოს კარიტასის" საქმიანობა

სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც ზრუნვა სჭირდებათ "საქართველოს კარიტასის" შინმოვლის მომსახურებას სთავაზობს: თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ოზურგეთში, ახალციხესა და ბათუმი. მომსახურებას ყოველწლიურად 1000–მდე ადამიანი იღებს. ბენეფიციარის შერჩევა ხდება სოციალური სტატუსის და საჭიროების მიხედვით.

სოციალურად დაუცველი პირებისთვის მომსახურების ბინაზე მიწოდება სახელმწიფო სუბსიდირებული პროგრამის, შემოწირულობებისა და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შინმოვლის პროგრამა გერმანულ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც აერთიანებს სამედიცინო, სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. ბენეფიციარების გარდა, პროექტი მათი ოჯახის წევრებსაც სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევს – მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით. ამ ეტაპზე, თბილისში „ზრუნვის სახლის“ საპილოტე პროექტი ხორციელდება იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც 24 საათიანი მომსახურება ესაჭიროებათ.

შინმოვლის პროექტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უწყვეტი განათლების პროგრამები ხორციელდება. 2014 წელს „საქართველოს კარიტასში“ შეიქმნა სასწავლო–საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად 1000–მდე საექთნო განათლების სტუდენტს, ექთანს, ან არაფორმალურ მომვლელს უტარებს სწავლებას შინმოვლის, ავადმყოფის მოვლისა და გერიატრიის-გერონტოლოგიის მოდულების მიხედვით. სასწავლო მოდულები ცენტრის ექსპერტების მიერ შემუშავდა და განათლების სამინისტრომ ექთნების საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო საგნად შეიტანა. 

შინმოვლა „საქართველოს კარიტასის“ საქმიანობის ერთ–ერთი მიმართულებაა. საქველმოქმედო ფონდი 1994 წლიდან მუშაობს და მისი მიზანია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, შშმ პირებსა და მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვა. საქართველოს კარიტასი მართავს მიუსაფარ ბავშვთა 2 ცენტრს თბილისსა და რუსთავში, რომელიც აერთიანებს მობილურ ჯგუფებს, დღის ცენტრებსა და 24 საათიან თავშესაფრებს. ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის აქვს საგანმანათლებლო პროგრამები და სოციალური საწარმოები. ერთ–ერთი ბენეფიციარი მოკლედ ასე აღწერს „კარიტასს“ – „მიხარია აქ მოსვლა და მიყვარს ეს ადგილი. კარიტასმა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა!“

მსგავსი პოსტები