21–ე საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას და სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროების სანდოობა, რათა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ, ან უნებლიედ მისი გამავრცელებელი არ გავხდეთ.
დღეს ტროლებსა და ბოტებზე მოგიყვებით, რომელთა ფუნქციაც საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის „შეჩეჩებაა“.
ვინ არიან ბოტები და ტროლები?
ბოტი – სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების მგავსი ქცევები აქვს. ექსპერტების თქმით, ბოტებს შესაძლოა, ქსელის სახე ჰქონდეს და მათ ერთი კონკრეტული მომხმარებელი, დისტანციურად მართავდეს.
ბოტების მიერ გავრცელებული აზრი მიკერძოებული, მცდარია, რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს. მაგალითად, ბოტები გავლენას ახდენენ ონლაინ სივრცეში არსებულ დებატებზე, ცდილობენ აზრის ფორმირებას ან ცვლილებას.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის ინსტიტუტი ბოტებს შორის გამოყოფს ერთ სახეობას პოლიტიკურ ბოტს. რაც, მათი აზრით, სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას, ან კომპიუტერულ კოდს გულისხმობს. მათ არჩევნების ან რეფერენდუმის დროს ყალბი ამბების გავრცელებისთვის და პროპაგანდისთვის იყენებენ. ასევე, ამა თუ იმ სუბიექტის, ჯგუფის მიმართ ყალბი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად – ინფორმაციის გაზიარებისთვის და მისი მოწონებებისთვის იყენებენ.
ტროლი – რეალური ადამიანის მოპარული სურათებით და ინფორმაციით შექმნილი ყალბი ანგარიშია სოციალურ ქსელში, რომლის უკან სრულიად სხვა პიროვნება დგას. ანუ ტროლები რეალური ადამიანები არიან და სხვა ადამიანების ინფორმაციას იყენებენ.
ტროლები მათთვის საინტერესო თემებზე სოციალური ქსელების ჯგუფებში, ბლოგებზე, ასევე ვებ-პორტალების კომენტარების სექციაში აგრესიულ და არათემატურ კომენტარებს წერენ, რათა ყურადღება მიიქციონ და მომხმარებელთა ემოციური პროვოცირება მოახდინონ. ტროლსა და ბოტს საერთო მიზანი აერთიანებთ, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებისთვის, საკუთარი მცდარი და მიზანმიმართულად შექმნილი აზრის მოხვევა.
როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი ბოტებისა და ტროლების გავლენისგან?
პირველ რიგში, ნებისმიერი კომენტარი, სტატუსი თუ სტატია უნდა გადავამოწმოთ. თუკი, პოსტის ქვეშ გადავაწყდებით აგრესიულ, რადიკალურ, ან გაზვიადებულ კომენტარს, გამოხმაურებამდე დაფიქრდით, ხომ არ გვაქვს საქმე ბოტთან, ან ტროლთან.
ამოცნობის პირველი ნიშანი მათი კომენტარებია, რომლებიც ამოვარდნილია სადისკუსიო თემიდან, აგრესიულია, ხოლო ტექსტი გაუმართავია.
გადაამოწმეთ ინფორმაცია, არ წამოეგოთ ბოტებისა და ტროლების „ხაფანგებს“ – ცრუ მოსაზრებებსა და ინფორმაციას, თავად არ გხდეთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები.
იყავი ყურადღებით, რადგან #ესქვეყანაშენია
წყაროები: www.millab.ge, www.tech.msu.edu