en
ge

გაიცანით თაზო ჯოჯუა

გაიცანით თაზო ჯოჯუა

თაზო ჯოჯუა სკოლის მოსწავლეა გურიიდან, რომელიც თავისი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში, უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი ინიციატივითა და ძალისხმევით, არის ჩაბმული. დღეს, ვრცლად მოგიყვებით თაზოს საქმიანობის შესახებ.

 „როცა ჩემს ასაკს იგებენ, ხშირად ჩაფიქრდებიან ხოლმე ადამიანები, მაგრამ მე მგონია, რომ ახალგაზრდებს შეგვიძლია თვალშესახები ცვლილებების მოტანა“, ამბობს თაზო. 

აქტივობა მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე წლის წინათ, „ლიდერთა სკოლის“ წევრი გახდა. მაშინ, მეგობრებთან ერთად, ძირითადად გარემოს დაცვითი პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრის გზების ძიებაზე მუშაობდა – მიუსაფარი ძაღლების საკითხიდან დაწყებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დამთავრებული. 

პატარ–პატარა გამარჯვებებმა მას მოტივაცია მისცა, რომ გაეგრძელებინა ინდივიდუალური აქტივობა. „ლიდერთა სკოლაში“ გავიაზრე, რომ ეს სამყარო ჩემი და თქვენია და ვინ თუ არა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე“.

 3 წლის წინათ, პანდემიის საწყის ეტაპზე, ციფრული უნარ–ჩვევების საჭიროება დადგა. ასეთი უნარ–ჩვევების განვითარებისათვის კი, ციფრული სივრცე იყო აუცილებელი. სკოლას, რომელშიც სწავლობს, ასეთი სივრცე არ ჰქონდა, თაზომ გადაწყვიტა ემოქმედა. სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა სახალხო დაფინანსების პლატფორმა „ორბელიანი მეტი“, რომელზეც იდეა დაარეგისტრირა. თაზოს იდეა შეირჩა ფინალური ეტაპისთვის და დაიწყო მხარდაჭერისთვის აქტიური მუშაობა, რათა საჭირო თანხები მოეზიდა. 

„სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და, რაც ყველაზე მთავარია, ხალხის მონაწილეობით, დიდი ძალისხმევის, ნებისყოფისა და ენერგიის შედეგად შესაძლებელი გახდა 19 700 ლარის ოდენობის მატერიალური და ფინანსური რესურსის მოზიდვა, რითაც შეიქმნა სივრცე, რომელიც ერთგვარი გასაღები გახდა ჩვენი სოფლისა და სკოლის ინოვაციებთან, ტექნოლოგიებთან დასაკავშირებლად“ – იხსენებს თაზო და დასძენს: „სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელების შემდგომ, მივხვდით, რომ ჩვენ გარშემო, არამარტო სკოლაში, თემშიც ბევრი გამოწვევაა და სწორედ რომ ჩვენ, სკოლამ - თემში ერთადერთმა მამოძრავებელმა და მაცოცხლებელმა ინსტიტუტმა, უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“. 

ამ მიზნით მალე დააფუძნეს სათემო–საინიციატივო ჯგუფი „ციფრული სივრცე – მეტი შესაძლებლობა“. დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ბევრი ინიციატივის განხორციელებაც შეძლეს. მაგალითად – ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების, ახალგაზრდებისთვის მეწარმისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების, დემოკრატიული ღირებულებებისა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით. 

ყოველივემ თემსა და სკოლას შორის, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა, შეიცვალა ბევრი საკითხის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანებმა ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობები. 3 წლიანი საქმიანობის შემდეგ გადაწყდა, რომ სათემო ფონდი დაეარსებინათ. 

ერთი საუკუნის წინათ, ამავე სოფელში – ასკანაში, სოლომონ ჭეიშვილმა სათემო ფონდის მეშვეობით, სოფლისთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. მათ შორის მოაწყო ბიბლიოთეკა, ორკლასიანი სასწავლებელი, გასცემდა სტიპენდიებს ახალგაზრდებისთვის და სხვა. ამ მაგალითებით ამაყობენ თემში და ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას გეგმავენ. 

„გვსურს, თემში არსებული პრობლემების და გამოწვევების საპასუხოდ, გავაერთიანოთ მოსახლეობის ადამიანური და მატერიალური რესურსი და ამ გზით შევქმნათ საცხოვრებლად უკეთსი გარემო“, ამბობს თაზო ჯოჯუა. 

სათემო ფონდისთვის სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მექანიზმს გამოიყენებენ და თითოეული ინიციატივა ხალხის მხარდაჭერით და მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელდება. მთელი პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება, ამბობს თაზო ჯოჯუა. იგი მიიჩნევს, რომ „საინიციატივო ჯგუფიდან - სათემო ფონდამდე განვლილი გზა, გზადაგზა შემოერთებული ადამიანები, სამომავლო გეგმები და მისწრაფებები მნიშვნელოვნად შეცვლის თემს.” #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები