en
ge

ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში

ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში

ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარდა და სულ ახალახანს გამოქვეყნდა, რამდენიმე მიმართულებას სწავლობს: ბავშვთა მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს, სოციალურ დახმარებას, განათლების ხელმისაწვდომობას, ბავშვთა ფუნქციურ სირთულეებს, კვების საკითხს სასკოლო საათებში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, აღზრდის მეთოდებს. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2,438 ბავშვზე.

ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვების სხვადასხვა ჯგუფებს შორის უთანასწორობაა. შეზღუდული შესაძლებლობა, სქესი, საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი, სოფელი) გავლენას ახდენს ზოგიერთი მომსახურების და საჭიროების ხელმისაწვდომობაზე. ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთანასწორობას განსაზღვრავს, არის მატერიალური და სოციალური დანაკლისი.

ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა, თუ სხვა). 16 საჭიროებიდან სულ მცირე სამის დანაკლისის მქონე ბავშვების წილი განსაზღვრავს მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსს.

მატერიალური და სოციალური დანაკლისი 

საქართველოში მცხოვრები ბავშვების 37.8% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. დანაკლისის დონე უფრო მაღალია სოფლად (47.1%), ვიდრე ქალაქში (31.2%). 

ბავშვებს, რომლებიც განიცდიან მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს, უფრო ხშირად აღენიშნებათ ფუნქციური შეზღუდვები. მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ სპორტისა და ხელოვნების კლასგარეშე აქტივობებში ჩაერთონ. ასეთი ბავშვები უფრო იშვიათად იკვებებიან სკოლის საათებში, მათი ნახევარი კი არასდროს არ ჭამს სკოლაში. 

ამ ბავშვების 60.5% არ ცხოვრობს სიღარიბეში (იგულისხმება აბსოლუტური სიღარიბე, რომელსაც ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური). მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების ოჯახების ნახევარზე მეტი იღებს ბავშვის მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. სავარაუდოდ, აღნიშნულ დახმარებას ვერ იღებს, მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების ნახევარი, როგორც ჩანს, მათი ოჯახები არ აკმაყოფილებენ დახმარების კრიტერიუმებს.

განათლების ხელმისაწვდომობა 

კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლამდელი განათლების სისტემის მიღმაა ბავშვების 27.8%. მათგან ბავშვების 21.6% საბავშვო ბაღში არ დადის მშობლების სურვილით. 6.2% კი, სხვადასხვა ბარიერის გამო.

ყველაზე გავრცელებული ბარიერი – საბავშვო ბაღის არ არსებობაა საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს, ან საბავშვო ბაღებში ადგილების ნაკლებობის გამო, ბავშვი სარეზერვო სიაშია ჩასმული. 

საბავშვო ბაღში მყოფი ბავშვების 93.6%–ის მშობლები კმაყოფილი არიან სკოლამდელი განათლების ხარისხით. ამის მსგავსად, სკოლაში მყოფი ბავშვების 79.7%–ის მშობლები კმაყოფილი არიან სკოლის მიერ მიცემული განათლების ხარისხით.

შედარებით შეზღუდულია არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა: ბავშვების 23.9% ისურვებდა ხელოვნების, ხოლო 25.3% სპორტის კლასგარეშე აქტივობებში ჩართვას. მიზეზი ფინანსების ნაკლებობა და საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს ამგვარი წრეების არ არსებობაა.

ასევე ფართოდ გავრცელებულია საგანმანათლებლო მასალების (სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა) ნაკლებობა: ფულის არქონის გამო ბავშვების 45.3% არ აქვს მისთვის სასურველი, სულ მცირე, ერთი საგანმანათლებლო მასალა. ყველაზე ხშირად ბავშვებს არ აქვთ: ლეპტოპი/კომპიუტერი, წიგნები, სახატავი მასალები და სამუსიკო ინსტრუმენტები.

ჯანმრთელობის დაცვა 

საქართველოში ბავშვთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყაროა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა. ამ კვლევის ჩატარებამდე 12 თვის პერიოდში, აღნიშნულმა პროგრამამ სრულად ან ნაწილობრივ დააფინანსა ბავშვების სამედიცინო საჭიროებების 68%. თუმცა, ზოგ შემთხვევაში (50.8%) ოჯახებმა ასევე გადაიხადეს სრული ან ნაწილობრივი თანხა.

მთლიანობაში, ბავშვების 12% ვერ შეძლო სულ მცირე ერთი საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება და 4.9 % ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტი. როგორც სამედიცინო მომსახურების, ასევე მედიკამენტის არმიღების მთავარი მიზეზი იყო ფულის არქონა (82.4% და 98.8%, შესაბამისად).

ბავშვის აღზრდის მეთოდები 

ამ კუთხით 2008 წელთან შედარებით პროგრესია, რადგან უმეტესად აღზრდისთვის არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. 

რესპოდენტების თანახმად, 1-17 წლის ბავშვების (62.5 %) აღზრდის მეთოდად არა-ძალადობრივი ფორმები იყო გამოყენებული. ბავშვების 29.4 პროცენტზე გავრცელდა ფსიქოლოგიური აგრესია და 4.8 პროცენტზე - ფიზიკური დასჯა (0.1 პროცენტში ეს იყო სასტიკი ფიზიკური დასჯა).

კვლევა: ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში, 2023


მსგავსი პოსტები