მესამე სექტორი მესამე ხელისუფლების გაჯანსაღებისთვის იბრძვის. საბედნიეროდ, ამ ბრძოლაში მარტო არაა - საზოგადოება დამოუკიდებელ და გამართულ სასამართლო ხელისუფლებას მოითხოვს. ტალღებად დაყოფილი რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ამ სისტემის ძირეული ცვლილებისთვის გვთავაზობს, სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. როგორი უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი და გამართული სასამართლო ხელისუფლება, რა არის გასაკეთებელი ამისთვის, რა კეთდება და რა არ კეთდება? ქართული სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოქმედი ხელმძღვანელი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე მოგვიყვება.
ესაუბრა მაკა ჯაიანი
დამოუკიდებელი და გამართული სასამართლო ხელისუფლება საქართველოს, თუ არ ვცდები, არ ჰყოლია...
გიორგი მშვენიერაძე – რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, ასეა. მეფის დროინდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია - ყველა ხელისუფლების შტო ერთი ადამიანის ხელში იყო თავმოყრილი. იგივე ხდებოდა მეფის რუსეთის პირობებშიც. 1906 წელს ცნობილი წერილი აქვს მიხეილ ჯავახიშვილს დაწერილი, „დამოუკიდებელი სასამართლო" ჰქვია და იქ აღწერს რუსეთის სასამართლოს, რომელიც ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. პირველი დამოუკიდებლობის წლები იმდენად ცოტა ხანს გაგრძელდა, რეალურ ცვლილებებზე საუბარიც კი ჭირს. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, სასამართლო ხელისუფლება მაშინაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში არსებული ინსტრუმენტი გახლდათ. იყო პერიოდი, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალიზებაც არ ხდებოდა, ადამიანებს ე. წ. „ტროიკები" ასამართლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოეთის ბოლო წლებში სახელმწიფო ტერორმა იკლო, სასამართლო მაინც ხელისუფლების ერთგულ მსახურად რჩებოდა.
1991-ში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმირების საკითხი დღის წესრიგში დადგა, თუმცა, სამოქალაქო ომმა და კონფლიქტებმა ისე დააზიანა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროცესები, რომ საწყის ნიშნულს 2000-იანი წლების შუა პერიოდში დავუბრუნდით. 90-იან წლებში მთავარ გამოწვევად იქცა კორუფცია. ხელისუფლების გავლენა სასამართლოზე ნაკლები გახლდათ, მაგრამ მოსამართლეთა ანაზღაურება იყო დაბალი და სამართალი იყო მათთვის, ვისაც ფული ჰქონდა. საშინელი მდგომარეობა იყო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც. მახსოვს, ერთ-ერთი პროცესი, როცა რაიონული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, პირდაპირი გაგებით, საქონელი გადენეს, რათა სხდომა ჩატარებულიყო.
ნაციონალური მოძრაობა შეეცადა, სასამართლოში კორუფცია აღმოფხვრილიყო, ასევე - მოწესრიგებულიყო ინფრასტრუქტურა: გარემონტებულიყო და აღჭურვილიყო შენობები. ამას, მეტ-ნაკლებად, მიაღწია, თუმცა, გარეგნულ სახეზე უფრო მნიშნელოვანი არის ის, თუ რამდენად გახდა სასამართლო სამართლიანი. ეს პრობლემა პრობლემად დარჩა. კორუფციის განდევნის პარალელურად, სისტემაში მოიყვანეს მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ ან ყოფილი გამომძიებლები, ან ყოფილი პროკურორები, ასევე - ახალგაზრდები. ისინი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ დაიქვემდებარა, შედეგად, ცოტა ხანში, ზემოდან დირექტივების გაცემაც აღარ იყო საჭირო, მოსამართლეები ისეც ხვდებოდნენ, როდის როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
ახალი ხელისუფლების პირობებში, გაჩნდა შანსი, დაწყებულიყო ძირეული რეფორმები, რომელიც გაზრდიდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. 2012 წლის არჩევნების შემდგომმა პირველმა თვეებმა გვაჩვენა, რომ სასამართლო არ იყო ახალი ხელისუფლების მორჩილი, მაგრამ მოსამართლეთა ნაწილი, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედება და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება უჭირდა, ახალ პატრონს ეძებდა... და ხელისუფლებამაც სხვა გზა აირჩია, არა სასამართლოს გათავისუფლების, არამედ დაპატრონების გზა.
ახალი პატრონი გახდა?
გიორგი მშვენიერაძე – ხელისუფლებას პოლიტიკური ამოცანები ჰქონდა გადასაწყვეტი, ამ შემთხვევაში - წინა ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემა და მათი მსჯავრდება. ხელისუფლება ხედავდა, რომ ხალხის დაკვეთას - „დაესაჯა დამნაშავეები" - ვერ ახერხებდა, რადგან, უეცრად, ქართული სასამართლო საკმაოდ მაღალი სტანდარტებით ამუშავდა, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან საქმეებზე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები და გამამართლებელი განაჩენები მოჰყვა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი განაჩენები არა მხოლოდ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე გამოჰქონდათ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, იმ პერიოდში, აღკვეთის ღონისძიებებზე პატიმრობის გამოყენების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 90%-დან 50%-მდე დაეცა. სწორედ მაშინ დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ მოძრაობა იმისკენ, რომ სასამართლოზე კონტროლი მოეპოვებინა.
პირველად, სასამართლოს შიგნით გაჩენილი ახალი ჯგუფების ხელშეწყობა გადაწყვიტა - ხელისუფლება ცდილობდა, მათ მოეპოვებინათ გავლენა სასამართლოზე. მაგალითად, ეს იყო ორგანიზაცია „მოსამართლეთა ერთობა", რომელიც სასამართლო ხელისუფლების შიგნით შეიქმნა. ვერ ვიტყვი, რომ ის ახალ ხელისუფლებასთან გარიგდა, არა, მის წევრებს წინა ხელისუფლების დროს სასამართლოში ჩამოყალიბებული მმართველობა არ მოსწონდათ და ეს ინტერესი ხელისუფლების ინტერესებს, იმ მომენტში, დაემთხვა. თუმცა, მათ ვერ გაიმარჯვეს.
რატომ?
გიორგი მშვენიერაძე – ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, სასამართლოს სამივე მიმართულებას - სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის კოლეგიებსა და პალატებს თავისი „ხელმძღვანელები" ჰყავდათ. რა განაჩენი უნდა გამოტანილიყო, რა გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, მსჯავრდებული ვინ უნდა ყოფილიყო, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანხმდებოდა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართლის საქმეები ებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და ბევრი მოსამართლე პირად საუბრებში, კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნით, გვიყვება, ჩინჩალაძე, რომელიც მაშინ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე იყო, იბარებდა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების პალატების თავმჯდომარეებს და ათანხმებდა, კონკრეტულ საქმეებზე რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.
ჩვენთვის, ასევე, ცნობილია, რომ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჩინჩალაძე და ცერცვაძე, რომელიც მაშინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეც იყო, კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ. არაერთი მოსამართლე პირად საუბარში გვიყვება, რა იყო გზავნილი მათი მისამართით, - თქვენ ხომ ასრულებდით ჩვენ დავალებებს, აგვირჩიეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ძველ საქმეებზე პასუხს ვერავინ მოგთხოვთ. შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოვიდა წინა ხელისუფლების დროს ყველაზე გავლენიანი პირების ჯგუფი, მურუსიძე - ყველაზე ოდიოზური მოსამართლე კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა.
ამის მერე გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ მოლაპარაკება ეწარმოებინა მათთან - ძველი ხელისუფლების მოკავშირე მოსამართლეებთან. მათ შორის შეთანხმება შედგა, მურუსიძე სისტემის მსხვერპლად გამოცხადდა და ქვეყანაში ახალი პროცესები დაიწყო. კლანმა სასამართლო ხელისუფლებიდან განდევნა მისი მოწინააღმდეგე მოსამართლეთა ჯგუფები, მათი არცერთი აქტიური წარმომადგენელი დღეს მესამე ხელისუფლებაში აღარ არის, მათ აღარ გაუგრძელეს მოსამართლეობის ვადა, რამდენიმე კი, იძულებული გახდა მოწინააღმდეგე ბანაკში გადანაცვლებულიყო. მიმართულება შეიცვალა პარლამენტმაც - იგი უკვე ხელს უწყობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის გაძლიერებას, პარლამენტის მიერ საბჭოში არჩეული წევრებიც „გადაეწყვნენ".
პარალელურად, ზრდა დაიწყო აღკვეთის ღონისძიებების რიცხვმა, მისი მაჩვენებელი გაიზარდა. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესაფასებლად, საუკეთესო ტესტი იმაზე დაკვირვებაა, თუ როგორ იქცევიან მოსამართლეები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას. თუკი მოხელეს ვინმე სამსახურიდან არასწორად გაუშვებს, მას უპრობლემოდ აღადგენენ, მისთვის კომპენსაციის გადახდას დააწესებენ, ამის ნებას მათ ხელისუფლება აძლევს, მაგრამ, როცა იხილება საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც ხელისუფლებას სასამართლოს დახმარება სჭირდება, სასამართლო იქცევა ისე, როგორც ეს ხელისუფლებას უნდა. შესაბამისად, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დგება.
მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს, ფაქტობრივად, ყველაფერი, რის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. რატომ არ დაუჭირა მხარი მესამე სექტორმა რადიკალურ ცვლილებებს სასამართლო სისტემაში?
გიორგი მშვენიერაძე – დიახ, ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით უხეშ ჩარევას სასამართლო ხელისუფლებაში, მათ შორის, მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ან მათ დასჯას და ამას აქვს რაციონალური ახსნა.
ნაციონალურმა მოძრაობამ სასამართლოზე კონტროლი სწორედ ამ გზით მოიპოვა, მან სანიმუშოდ დასაჯა რამდენიმე მოსამართლე, ბევრი სასამართლოდან გაუშვა, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რამდენიმე მოსამართლეზე საქმეც აღძრეს, საკამათო სამართლებრივი საფუძვლებით. ეს გახლდათ მკვეთრი გზავნილი ხელისუფლებისგან, შიშის გაჩენა - თუკი არ გვემორჩილებით, გაგათავისუფლებთ ან დაგიჭერთ. ჩვენ არ გვინდოდა იგივე განმეორებულიყო.
ჩვენ მიგვაჩნდა, რომ, თუკი ხელისუფლება სწორი რეფორმირების გზით წავიდოდა, სწორ კანონებს შექმნიდა, ერთგვარ ბალანსს იპოვიდა სასამართლო ხელისუფლებისა და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ შერჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის, შესაძლებელი გახდებოდა, მოსამართლეები, რომლებსაც ვადა გაუვიდოდათ, მოსამართლეებად აღარ დანიშნულიყვნენ. ასე, ევოლუციური გზით, სასამართლოში ახალი სისხლი შეედინებოდა და უკეთეს სასამართლოს მივიღებდით.
კლანმა და ხელისუფლებამ ეს არ დაუშვეს. მაგალითად, საბჭო, იმისთვის, რომ სისტემაში ახალი სახეები არ გამოჩენილიყვნენ, ვაკანსიების არსებობის მიუხედავად, მიღებას აჩერებდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რომლის დასრულებაც მოსამართლედ გახდომის ერთ-ერთი წინაპირობაა, ხოლო ხელისუფლება ქმნიდა კანონებს, რომელიც არა სასამართლოს გაჯანსაღებისკენ, არამედ კლანის გაძლიერებისკენ იყო მიმართული.
ხშირად იყენებთ სიტყვა „კლანს". რაში გამოიხატება კლანური მმართველობა მესამე ხელისუფლებაში?
გიორგი მშვენიერაძე – ძველ მოსამართლეებთან შეთანხმების შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოვიდნენ ადამიანები, რომელთა ნაწილს Google-იც ვერ მოგიძებნით. საბჭოს არამოსამართლე წევრები, წესით, სამართლის ცნობილი სპეციალისტები უნდა იყვნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათი დიდი ნაწილი კლანის უახლოესი მეგობარია. შედეგად, სასამართლო სისტემის მმართველ რგოლში დღეს გვყავს 11-კაციანი ჯგუფი, რომელიც შედგება ჩინჩალაძის ყოფილი თანაშემწეების, სხდომის მდივნების, ყოფილი გამომძიებლებისა და პროკურორებისგან და საბჭოს იმ არამოსამართლე წევრებისგან, რომელებიც, მჭიდროდ არიან დაკავშირებული კლანთან.
ამ ადამიანებს აქვთ მოსამართლეებზე ზემოქმედების სხვადასხვა ბერკეტები და მეთოდები. არასასურველ ადამიანს, ყველა მიმართულებით, დისკომფორტს უქმნიან. ამიტომ, ბევრი მოსამართლე ცდილობს, პრობლემები არ შეიქმნას. ვერ ვიტყვით, რომ ყველა მოსამართლე ასეთია, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს 20-მდე ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზეა და, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცების სულისკვეთებით, მართავს სისტემას. შესაბამისად, ცდილობს შექმნას აღქმა, რომ ყველა, ვინც ხმას ამოიღებს და დაუპირისპირდება კლანს, უპირისპირდება დანარჩენ 250 მოსამართლესაც, რომელიც ახლა ჩუმად არის. სინამდვილეში, პრობლემა და, შესაბამისად, ჩვენი სამიზნე კლანი და კანური მმართველობაა.
ჩაკეტილი წრე მივიღეთ. როგორ შეიძლება მისი გარღვევა? როგორია მესამე სექტორის პოზიცია? რა უნდა გაკეთდეს, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში რეალურად დამოუკიდებელი გახდეს?
გიორგი მშვენიერაძე – უსწრაფესად გადასაწყვეტი საკითხია, მაგალითად, დისციპლინური სამართალწარმოება სასამართლოში - როგორ შეიძლება დაისაჯოს მოსამართლე, რომელიც უკანონოდ მოიქცევა ისე, რომ მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. დღეს გვყავს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელსაც დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის აღძვრა შეუძლია და ის ჩინჩალაძის ყოფილი თანაშემწეა. შესაბამისად, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დასაცავად, აუცილებელია, ინსპექტორს დაწესებული ჰქონდეს საზღვრები, რომლის იქითაც ვერ წავა.
გადასახედია სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხიც. ჩვენ ვიბრძვით, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები აირჩიონ თავად მოსამართლეებმა, ხელისუფლება უარს გვეუბნება, და აცხადებს რომ სასამართლოს თავმჯდომარეები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს. არადა, თავმჯდომარე არის პირი, რომელსაც დაწესებულება ირჩევს, იმას, რომელსაც ნიშნავენ, ჰქვია დირექტორი. რეალურად, ჩვენ სასამართლოებს ჰყავს არა თავმჯდომარეები, არამედ, საბჭოს მიერ დანიშნული დირექტორები. დღეს რიგით მოსამართლეს იმის თავისუფლებაც არ რჩება, რომ საკუთარი თანაშემწის და მდივნის შერჩევის პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
შესაცვლელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის მოქმედი წესიც, რომლის მიხედვითაც, თუ მოსამართლეთა კონფერენციისგან გაქვს 50%-ს პლუს 1 ხმა, ყველა მოსამართლე წევრის ადგილი შენია, დანარჩენ 49% კი, საბჭოში 1 წევრი გაყვანასაც ვერ შეძლებს; გადასახედია პარლამენტში საბჭოს წევრთა დაკომპლექტების წესიც, რადგან, გამოჩნდა, რომ, როცა საბჭოს წევრებს წარადგენს და ნიშნავს მხოლოდ ხელისუფლება, მოქმედებს პრინციპი, „ხელი ხელს ბანს და ორივე - პირსო".
საჭიროა, ასევე, გადაიხედოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის რეგლამენტი. ამ თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემებია, მაგალითად, დახურულია რიგით მოსამართლეებთან გასაუბრება და არ გვაქვს საშუალება, დავაკვირდეთ პროცესს, რომლის შედეგადაც ვირჩევთ ადამიანს, ვისაც სამართლის აღსრულებას ვაბარებთ.
დღეისთვის ყველაზე მთავარი საკითხი, არა მარტო ჩვენი, არამედ, ბევრი პარტნიორის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესია. დღემდე, კლანი სრულად აკონტროლებდა პირველი და მეორე ინსტანციის, საქალაქო-რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებს, უზენაესი სასამართლო მის ხელში არ იყო. ეს, ერთგვარად, ცალკე მდგომი სასამართლო იყო და, მიუხედავად იმისა, მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა მისი მუშაობა, კლანის ნაწილს არ წარმოადგენდა. ახლა კლანი ცდილობს უზენაეს სასამართლოსაც დაეპატრონოს. თუკი ეს მოხდა, სამართლიან სასამართლოზე ხელის ჩაქნევა ძალიან დიდი ხნით მოგვიწევს. მინიმუმ, 30 წელი გვეყოლებიან მოსამართლეები, რომლებსაც მარტივი პასუხი ექნებათ ყველაფერზე - კანონში ასე ეწერაო; მოსამართლეები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სამართალი და ნორმა-შეფარდების ფუნქცია არის მხოლოდ ის, რასაც ხელისუფლება კანონში ჩაუწერს; რომლებიც, ყოველთვის მზად არიან, წარბშეუხრელად, გაასამართლონ ნებისმიერი პირი ნებისმიერი ბრალდებით, მთავრია ეს ქმედება კანონით გაამართლონ.
ეს თქვენი ოპონენტების ძირითადი არგუმენტია, ყველაზე ხშირად იმას იმეორებენ, რომ იმ წლებში მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ, რომ კანონი მათ მეტ საშუალებას არ აძლევდა. ზოგადად, რამდენად თავისუფალია მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას?
გიორგი მშვენიერაძე – ჩვენ, იურისტებს გვასწავლიან, რომ სამართალი მხოლოდ კონკრეტულ კანონს არ ნიშნავს, ის უფრო ფართო ფენომენია. არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც უზენაესი კანონი ჰქვია და ასე ჰქვია იმიტომ, რომ მისი ძალა ყველა სხვა კანონზე აღმატებულია. ჩვენი კონსტიტუცია, როგორც საზოგადოებრივი შეთანხმება, როგორც სოციალური კონტრაქტი, არ არის უსამართლო და, მეტ-ნაკლებად, ასახავს საზოგადოების განწყობებს. თუკი კანონი არ ვარგა, მოსამართლე იყენებს ზემდგომ კანონს - მოქმედებს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. თუკი მიიჩნევს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, შესაბამისი წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რათა არაკონსტიტუციური კანონი გაუქმდეს.
მაგალითად, კონკრეტულმა მოქალაქემ მიიჩნია, რომ წინა ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა არ იყო ლმობიერი და არსებული სასჯელი მას ღირსებას ულახავდა. ამის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და შედეგიც მიიღო, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ვკითხოთ ჩვენ მოსამართლეებს: რომელიმეს ერთხელ მაინც თუ მიუმართავს ამავე გზისთვის იმ პერიოდში, როცა მიიჩნევდნენ რომ უსამართლო კანონები მოქმედებდა, თუკი მათ მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, თავს უხერხულად გრძნობდნენ და მიაჩნდათ, რომ ასეთი განაჩენის გამოტანას უსამართლო კანონი აიძულებდა? არც ერთხელ, არც ერთს. 2004 წლიდან 2012 წლამდე, არც ერთ მოსამართლეს ეს არ გაუკეთებია. მეტიც, არ მახსენდება ერთი გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი რომელიც კლანის წევრს დაუწერია და რომელიც საზოგადოებას დაანახებდა, რომ კანონს პრობლემები ჰქონდა. ამიტომ, საუბარი იმის შესახებ, რომ მათ კანონი ზღუდავდა და სხვა გზა არ ქონდათ, არასწორთან ერთად, უზნეობაცაა. მათ ეშინოდათ ან უბრალოდ მოსწონდათ რასაც აკეთებდნენ. კარგ მოსამართლეს სჭირდება სათანადო უნარები, მედეგობა, არ შეუშინდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ზეწოლას და, თუკი ეს არ შეუძლია, ვერც მოსამართლედ ივარგებს.
რა არის მესამე სექტორისთვის ყველაზე მიუღებელი იმაში, რასაც ხელისუფლება სასამართლო რეფორმის ახალ ტალღას უწოდებს?
გიორგი მშვენიერაძე – პირველი და მეორე ტალღისგან განსხვავებით, რომელიც სისტემის გაჯანსაღების ელემენტებს შეიცავდა, მესამე ტალღა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, ჰქონდა ბევრი უარყოფითი შედეგი და, ფაქტობრივად, კლანთან გარიგების ნაყოფს წარმოადგენდა. ის კი, რასაც რეფორმის მეოთხე ტალღა ეწოდება, აშკარად, არა სასამართლო სფეროს საჭიროებებიდან მომდინარეობს, არამედ, პოლიტიკური ინტერესებიდან - ხელისუფლება ცდილობს მეგობრული სასამართლო შეინარჩუნოს.
ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები, მაგრამ არ ვართ დესტრუქციულები, როგორც ამის წარმოჩენას ხელისუფლება ცდილობს. როგორც კი ხელისუფლებამ თქვა, რომ საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ნომინირებული პირები მოსამართლედ აღარ დაინიშნებოდნენ, პარლამენტის თავმჯდომარეს 19-გვერდიანი დოკუმენტი გავუგზავნეთ - ჩვენი ხედვა და დეტალური აღწერა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო კანონმდებლობის ფორმირება, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირებისა და არჩევის შესახებ.
ჩვენი აზრით, კონკურსში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე, პროკურორი ან ადვოკატია და რომელსაც, თავისთავად, აქვს ჩაბარებული პროფესიაში შესვლის გამოცდა. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტით კი, კანდიდატი მხოლოდ მოქმედი მოსამართლე ან ის ადამიანი უნდა იყოს, ვისაც მოსამართლის გამოცდა აქვს ჩაბარებული. თუკი ვინმე სხვას გაუჩნდება კონკურსში მონაწილეობის სურვილი, 21 დღის ვადაში, გამოცდა უნდა ჩააბაროს.
აქამდე, საქართველოში არ ყოფილა კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს გამოცდის ჩაბარებას მოსთხოვდა, მეტიც, 2018 წლის ივლისში, ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელშიც ეწერა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ამ გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებოდათ. ახლა ამ კანონს ცვლიან. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რა თქმა უნდა ის, რომ ხელოვნური დაბრკოლება შეიქმნას გარე პირებისთვის, რათა მათ კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ვერ მიიღონ. ამდენად, კლანისთვის არასასურველი კანდიდატი, შერჩევის პირველივე ეტაპზე დაიბლოკება.
ხელისუფლება გვეუბნება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას გადაწყვეტს, უნდა ჰქონდეს კონკურენტი კანდიდატების მონაცემების გაცნობის, გასაუბრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება. ეს აშკარა ინტერესთა კონფლიქტია, თუმცა, მმართველი გუნდი ამას არ აღიარებს.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით, ასევე, ფარდობითი კენჭისყრის წესს, რომელიც ხელისუფლებამ შემოიტანა. ამ წესით, იმ 11 ადამიანს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში კლანს წარმოადგენს, ამ ეტაპზევე შეუძლია კონკურსში მხოლოდ მისთვის სასურველი კანდიდატები დატოვოს. ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ, საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული საბჭოს უბრალო ორი მესამედის მიერ, რაც კლანის ვერდიქტს ნიშნავს. ხელისუფლება, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად აპირებს, რომ კანდიდატთა კენჭისყრა იყოს ფარული, ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ დასაბუთდება, მათ შორის არც პარლამენტისთვის, რომელსაც შერჩეული კანდიდატები დასამტკიცებლად უნდა წარუდგინონ. კანდიდატთა მონაცემები, რომელსაც საბჭო მოიპოვებს იქნება კონფიდენციალური და ისე დაილუქება, რომ საზოგადოება ამასაც ვერ გაიგებს, ნასამართლევია თუ არა კანდიდატი. აი, ასეთ პროცესს ეძახის ხელისუფლება „უპრეცედენტოდ გამჭვირვალეს".
ყველაფერი ეს, რეალურად, ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის საბჭოს ამ 11 წევრს მოსამართლეებად ისევ იმ 10 ადამიანის დანიშვნა შეეძლება, რომელიც გასული წლის დეკემბერში წარმოგვიდგინა. ამჯერად, ეს კანონის სახელით მოხდება, იმ კანონის, რომელიც კლანის წევრებისთვის უზენასი სასამართლოს მანტიის შეკერვაა და მეტი არაფერი.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ, თუკი საქართველოში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ გახდა, ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლება დაცული არ იქნება. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც ინსტიტუციურად, ისე - თითოეული მოსამართლის დონეზე. ასე მუშაობს დასავლური დემოკრატიები და ხალხიც ბედნიერია იქ, სადაც ეს დამოუკიდებლობა არსებობს. ვფიქრობ, ქართველი ხალხიც იმსახურებს იმაზე უკეთეს სასამართლოს, ვიდრე დღეს გვაქვს და, ვიმედოვნებ, ეს ბრძოლაც შედეგს გამოიღებს.