en
ge

იაკობ გოგებაშვილი პატრიოტიზმის შესახებ

იაკობ გოგებაშვილი პატრიოტიზმის შესახებ

იაკობ გოგებაშვილი – კაცის, რომელმაც ასკეტივით იცხოვრა, მთელი თავისი დრო და ენერგია მოახმარა ცოდნისა და წერა-კითხვის გავრცელებას, სიცოცხლის ბოლოს კი თავისი კაპიტალი - მატერიალური თუ ინტელექტუალური - ანდერძით შესწირა ამ საქმეს. სწორედ ესაა პატრიოტიზმი.

თავად იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთ თხზულებაში წერს: ‘’ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან”…

მსგავსი პოსტები