„თავიდან ყოველთვის ძალიან რთულია…
გაქვს მომენტები, როცა ვერ ეგუები, თითქოს არ აღიარებ რომ ეს შენს თავს ხდება. იბნევი და არ იცი რა გააკეთო, ვის მიმართო დასახმარებლად მაშინ, როდესაც გარშემო ამდენი დაბრკოლებაა.
გიგი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია, 4 წლის რომ იყო, ამის შესახებ ჩვენ მაშინ გავიგეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პრობლემები სწორედ აქედან იწყება, როცა სვამენ საკმაოდ რთულ დიაგნოზს, გარშემო კი გხვდება საოცრად არაჯანსაღი დამოკიდებულება, სოციალური ბარიერები, არასაკმარისი ცნობიერება საზოგადოების მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენ ზუგდიდში ვცხოვრობთ, ამ რეგიონში კი თერაპიული ცენტრი არ არსებობდა. წლების განმავლობაში, ჩვენ მუდმივად დავდიოდით თბილისში თერაპიისთვის, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ბევრს კი საერთოდ არ აქვს ამის შესაძლებლობა.
ის საჭიროებები, რაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს აქვთ, ყველაზე უკეთ სწორედ ამ ბავშვების მშობლებმა იციან, ამიტომ 2015 წელს, მე, მაკა დგებუაძემ და ირმა ნოდიამ გადავწყვიტეთ ჩვენს რეგიონში პირველი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრი დაგვეარსებინა, რომელიც სწორედ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს დაეხმარებოდა, გაუწევდა მათ თერაპიულ მომსახურებას.
ასოციაცია "გზამკვლევს" დღეს 18 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებსაც მუნიციპალიტეტი თვეში თერაპიის 18 საათს უფინანსებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ თბილისის მსგავსად, რეგიონშიც ბოლომდე დაფინანსებული იყოს თერაპიული მომსახურება (20 საათი), რადგან სწორედ ABA თერაპია, ქცევის გამოყენებითი ანალიზი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეთოდია აუტიზმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
დღესდღეობით პრობლემები ძალიან კომპლექსურია, ხშირად თავად მშობლებსაც კი არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ამას ემატება საზოგადოებრივი სტიგმებიც, მაგრამ მე, გიგის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის.
გიგი ძალიან კარგად ხატავს, საყვარელი ადგილი კი თავისი სახელოსნოა. შექმნილ თითოეულ ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს, რაც მე კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შვილების განვითარებაზე და აღმოვაჩინოთ მათში უნიკალური უნარები“, ნათია სახოკია, გიგი სიჭინავას დედა.