თავიდან მხოლოდ ოთხი წევრი ჰყავდა სოფელ მარადისის ეკოკლუბს. მისი შექმნის იდეა ერთ-ერთ სკოლის მოსწავლეს გაუჩნდა, რაც მალევე იქცა რეალობად და კლუბის შექმნის პირველივე წელს მათ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს. ბავშვებმა დაიწყეს თანამშრომლობა ევროპის ფონდთან, მარნეულის მერიასთან, ტელევიზიებთან, რადიოსთან, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგნიზაციებთან.
პირველივე წელს, ეკოკლუბის ინიციატივით 1600 კგ მაკულატურა ჩაბარდა და ამით კლუბის წევრებმა სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეიძინეს. მათ ასევე გაიმარჯვეს პროექტში, რომლის ფარგლებშიც სოფელში ნაგვის ურნები დადგეს და ასევე წამოიწყეს გამწვანების ინიციატივა - სოფლის თითქმის ყველა მაცხოვრებელმა თითო ხე დარგო თავის სახელზე.
მას შემდეგ, რაც ეკოკლუბის დამაარსებლებმა სკოლა დაამთავრეს, კლუბის მართვა მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებმა განაგრძეს. 2019 წელს მათ შემოდგომის ფესტივალი გააკეთეს, სადაც საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთები გაყიდეს და შემოსული თანხაც პირველად ჩადეს ქველმოქმედებაში. ამის შემდეგ კლუბმა მემორანდუმი გააფორმა დეკორატიული მცენარეებისა და ტყის ენდემური სახეობების მწარმოებელ ასოციაციასთან და მათი დახმარებით სათბურში დარგეს კომბოსტო, სალათის ფურცლები და სხვადასხვა ყვავილები.
2020 წელს ეკოკლუბი "მაი" რთული მდგომაროების წინაშე აღმოჩნდა, რადგან პანდემიის გამო მარნეული წითელ ზონაში მოყვა, თუმცა სკოლის მოსწავლეებმა ეს შემთხვევა ახალ გამოწვევად მიიღეს და ისინი სათბურიდან აღებული მოსავლით სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ. სულ ცოტა ხნის წინ, ეკოკლუბის წევრებმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყეს რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს სათამაშოები უნდოდათ… ეკოკლუბელებს ბევრი არც უფიქრით, მათ მალევე მოიტანეს სახლებიდან თავიანთი სათამაშოები და ამ ინიციატივას მთელი სოფელი შეუერთდა.
თუ მოსწავლეები მოიდომებენ, ყველაფერი გამოვა!