ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები აქტიურად უჭერენ მხარს ქვეყანაში თვითმმართველობის განვითარებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ძლიერი თვითმმართველობაა ადგილობრივი განვითარების საფუძველი. ძლიერი ნაწილები კიდევ უფრო ძლიერ მთელს ქმნიან. ამდენად, განვითარებული თვითმმართველობა მთლიანი ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. სამწუხაროდ, ამ მოსაზრებას არ იზიარებდა არც ერთი ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოებაშიც უარყოფით განწყობებს ქმნიდა. მათი ძირითადი არგუმენტი სეპარატიზმის გაღვივების საფრთხეა. სიტუაცია არ ახალია და ისევ მეორდება. ილია თავის წერილებში - “ცხოვრება და კანონი” - აღნიშნავდა: “თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო - საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო.”
ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ილია საკმაოდ საინტერესო მაგალითს გვთავაზობს ევროპის ცხორებიდან: “როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი რა სთქვა: „ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისათვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი“. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის.”