en
ge

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები – 1858 წელი

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები – 1858 წელი

''სადაც არ არის გონება ან განაზრება, იქ შეუძლებელია იყოს თავისუფლება“, – წერდა იმერეთის ეპისკოპოსი, მეცნიერი და პედაგოგი გაბრიელ ქიქოძე 1858 წელს „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში.''

წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი და საპატიო წევრი გაბრიელ ქიქოძე, ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობას. მეუფე გაბრიელი ეროვნულ–განმათავისუფლებელი, ასევე განმანათლებელი მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. იგი იბრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ და ეწინააღმდეგებოდა ქართული ენის განდევნას სკოლებიდან.

„..დიდხანს და დიდხანს იქნებიან საქმენი მისნი ჩვენდა საოხად, სიტყვანი მისნი ჩვენდა ანდერძად“ - ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძემ მეუფე გაბრიელ ქიქოძეს მიუძღვნა. მეუფის ხელშეწყობით დასავლეთ საქართველოში უამრავი სამრევლო სკოლა და ბიბლიოთეკა გაიხსნა. მფარველობდა ახალგაზრდებს და ხელს უწყობდა მათ განათლებას. დასავლეთ საქართველოში დაარსა სემინარია. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა ბევრ ტაძარს და ბევრი ქართული გალობა დაკარგვას გადარჩა. მრავალი წერილის და პუბლიკაციის ავტორის მეცნიერული ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ სემინარიებში დიდხანს გამოიყენებოდა სახელმძღვანელოდ. ნაშრომი, რომელიც ადამიანს და მის ნებას ეძღვნება...

თავისუფლების ცნება „აუცილებლად გულისხმობს, ჯერ ერთი გონებას, მეორე, გარკვეული მოქმედების ძალას ან შესაძლებლობას“, წერდა თავის ნაშრომში გაბრიელ ქიქოძე.

„თავისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ მოაზროვნე არსების ხვედრი და უნდა იყოს მხოლოდ აზროვნების შედეგი. უსულო, გონებას მოკლებული არსება არ შეიძლება იყოს თავისუფალი, რადგან ის მოქმედებს მექანიკურად, ისე, რომ თავის მოქმედებას არ აცნობიერებს და აუცილებლობით ექვემდებარება გარეგან ძალებს. ... ამიტომ გონებისა და თავისუფლების კავშირის აუცილებლობა ეფუძნება იმას, რომ მხოლოდ გონებას ძალუძს აირჩიოს კარგი და ნება მისკენ მიმართოს. ... მეორე, თავისუფლება აუცილებლობით გულისხმობს ძალას, ანუ მოქმედების შესაძლებლობას. იქ, სადაც არ არის მოქმედების შესაძლებლობა, არც თავისუფლებაა. მართლაც, წარმოვიდგინოთ, რომ გონებამ აირჩია რაღაც კარგი. თუკი ადამიანს არა აქვს ძალა და შესაძლებლობა ამ კარგისკენ მისწრაფებისა და მისი მიღწევისა, მაშინ მას არც თავისუფლება აქვს“

მსგავსი პოსტები