საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, სამუშაო დროდ ითვლება დროის ის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული ასრულებს თავის მოვალეობას, ახორციელებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ თავის საქმიანობას.
შრომით ურთიერთობაში სამუშაო დრო მნიშვნელოვანია, რადგან იგი უკავშირდება შრომით ანაზღაურებას და რაც მთავარია, პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას.
ხანგრძლივმა სამუშაომ, შესაძლოა გავლენა იქონიოს პირის ჯანმრთელობაზე და მის შრომით უნარებზე, კარიერულ და პროფესიულ წინსვლაზე, პირადი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
ამიტომ დასაქმებულის დაცვის მიზნით, კანონმდებლობით არის განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
შრომის კოდექსის 24–ე მუხლის მიხედვით, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, სრულწლოვანი პირისთვის, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. არავის აქვს უფლება დასაქმებული არანორმირებული სამუშაო დროით ამუშავოს, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
კანონმდებლობა განსხვავებულ წესს ადგენს სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის, სადაც ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა დადგენილებით...
16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს.
14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.
ნორმირებული სამუშაო დროზე მეტი დროით სამუშაოს შესრულება არის ნებაყოფლობითი. გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა დასაქმებულს უფლება აქვს არ იმუშაოს ნორმირებულ სამუშაოზე დროზე მეტი.
ნორმირებულ სამუშაო დროის მიღმა შესრულებული სამუშაო ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ. შესაბამისად, ასეთ სამუშაოზე უნდა გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და პირობები.
ზეგანაკვეთურია სამუშაო, რომელსაც დასაქმებული ნორმირებული სამუშაო დროის მიღმა ასრულებს. მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ კვირაში 40 საათს და დამსაქმებელთან შეთანხმებით იმუშავეთ ერთი კვირის განმავლობაში 44 საათი, 4 საათი არის ზეგანაკვეთური და იგი უნდა ანაზღაურდეს.
ზეგანაკვეთურია ასევე უქმე დღეებში შრომა. მაგალითად, თუ დამსაქმებელი გთხოვთ სამუშაოს შესრულებას საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლით დადგენილ რომელიმე უქმე დღეს – ეს ზეგანაკვეთური სამუშაოა და იგი უნდა ანაზღაურდეს კანონის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარ 1 კვირით ადრე შეგატყობინოთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ.
ზეგანაკვეთური შრომა არის ნებაყოფლობითი გარდა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი გამონაკლისი ორი შემთხვევისა. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო (საქართველოს შრომის კოდექსის 27–ე მუხლი):
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის − ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.
შრომის კოდექსი ზუსტად არ განსაზღვრავს, რა ტარიფით უნდა ანაზღაურდეს დამსაქმებლის მიერ ზეგანაკვეთური შრომა. ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობაზე მხარეები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ კონკრეტული ტარიფის შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრით.
თუმცა გახსოვდეთ, რომ ზეგანაკვეთური შრომა აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს ჩვეულებრივი საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. თუ რამდენით გაიზრდება ოდენობა ამას თავად მხარეები განსაზღვრავენ.
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მხარეები ამ საკითხზე არ შეთანხმდებიან ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობას, დავის შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო.
პუბლიკაცია ეყრდნობა ღირსეული "შრომის პლატფორმის" მასალებს. იხ. ეს და სხვა პუბლიკაციები, რომელიც შრომით ურთიერთობებს ეხება