სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მოპოვება საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის საჯარო ინსტიტუტებთან, ძირითადად, სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობას ნიშნავს, ცენტრალურ, თუ მუნიციპალურ დონეზე. აუცილებელი არ არის კონკრეტულ საკითხში თანამშრომლობაზე შეთანხმებულებს ყველაფერში ერთი და იგივე პოზიცია ჰქონდეთ, თუმცა, სწორედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაა ის ფაქტორი, რომელიც სსო-ების ნაწილს სახელმწიფო საგრატო დაფინანსების მოპოვების მიზანშეწონილობაში აეჭვებს.
შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა ასოციაცია „ანიკა“ ერთ-ერთია იმ სსო-ებიდან, რომელიც, შეიძლება, სამთავრობო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კარგი თანამშრომლობის მაგალითად მოვიყვანოთ. სიტყვა „კარგი“ აქ მხოლოდ ერთი დატვირთვით გამოიყენება - სახელმწიფოებრივად სასარგებლო, მნიშვნელოვანი. 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების მიერ დაფუძნებული ეს ორგანიზაცია, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორების გარდა, აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროებთან და მუნიციპალიტეტებთან.
„სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ორგანიზაცია 2006 წლიდან ჩაერთო“, - ამბობს „ანიკას“ დამფუძნებელი და დირექტორი, ირინე ინასარიძე, - „ეს გახლდათ ჯანდაცვის სამინისტროს „შშმ ბავშვთა ცენტრებით მომსახურების პროგრამა“, რომელსაც ახლაც ვახორციელებთ. დღის ცენტრის მომსახურება გულისხმობს 6-დან 18 წლამდე ასაკის და 18+ ასაკის შშმ ბავშვთა და პირთათვის დღის განმავლობაში მომსახურების მიწოდებას თითოეული მონაწილის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, როგორც თბილისში, ისე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში“.
როგორც ირინე ყვება, დღის ცენტრების მომსახურების პროგრამა ბოლო წლებში, წელიწადში, საშუალოდ, 75-80 ბენეფიციარს მოიცავს. ბავშვთა დღის ცენტრი ხელს უწყობს შშმ ბავშვების საჯარო სკოლებში ჩართულობას და მათ მხარდაჭერას; შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას, კარიერულ ორიენტაციასა და დასაქმებას; ეხმარება სასკოლო (9 კლასის, მათთვის, ვისაც არასრული განათლება აქვს მიღებული) ატესტატების მიღებას ექსტერნის გზით და შემდგომ მათ პროფესიულ სასწავლებლებში სხვადასხვა პროფესიების დაუფლებას.
პროგრამის ეფექტიანობის გაზრდისთვის, „ანიკა“ მუდმივად ზრუნავს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უშუალოდ სერვისში ახალი და ინოვაციური მიმართულებების დამატებაზე. მაგალითად, ბავშვთა დღის ცენტრში დამატებით დაინერგა 13-18 წლის ასაკის შშმ ბავშვებისთვის კარიერული და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარების მიმართულება, ხოლო შშმ პირთა დღის ცენტრში - ბინაზე გაძლიერების მიმართულება.
„2018 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს „ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ქვეპროგრამაში“ ჩავერთეთ“, - აგრძელებს ირინე ინასარიძე, - „ეს ქვეპროგრამა გულისხმობს 0-7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების განვითარებასა და ოჯახის მხარდაჭერას. პროგრამა ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, რათა არ დადგეს შეზღუდული შესაძლებლობა და გაძლიერდეს ოჯახი ბავშვის განვითარებაში წვლილის გასაფართოებლად. ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ქვეპროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციამ გადაამზადა სპეციალისტები, როგორც ადრეული ინტერვენციონისტები, მოაწყო ჯგუფური აქტივობების განსახორციელებელი სივრცე, ვამზადებთ და ვამატებთ სხვადასხვა სპეციალისტებს მულტიდისციპლინარული გუნდის კვალიფიკაციის ამაღლების და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად. ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამა მოემსახურა 100-მდე ბავშვსა და ოჯახს. ამ მომსახურების ფარგლებში, შშმ ბავშვების ოჯახის წევრები ბავშვის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიებს სწავლობენ“.
კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ორგანიზაცია „ანიკა“ სახელისუფლო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ახორციელებს, არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურება”. „პერსონალური ასისტენტის სერვისი ხელს უწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას“, - ამბობს ირინე, - „სერვისის ფარგლებში, მოვამზადეთ და თბილისის მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგინეთ სერვისის სტანდარტი, პროგრამა და ასისტენტების მომზადების სატრენინგო პროგრამა, რომლის მიხედვითაც პერსონალური ასისტენტის 22-დღიანი ინტენსიური სწავლებით მომზადდნენ ახალგაზრდები. ამავე სატრენინგო პროგრამით მოამზადა ჩვენმა ორგანიზაციამ 12 პერსონალური ასისტენტი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით. მთლიანობაში, პერსონალური ასისტენტის პროგრამა მოემსახურა 60-მდე შშმ პირს თბილისის მასშტაბით. ასისტენტები შშმ პირებს უწევდნენ ასისტირებას დასაქმების და განათლების სფეროებში“.
ამგვარი თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება „ანიკას“ ხელმძღვანელს უფლებას აძლევს განაცხადოს, რომ სახელმწიფო საგრანტო დაფინასნების მოპოვება, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია სსო-ბის საქმიანობის მრავალფეროვნების და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მეტიც, ეს მნიშვნელოვანია საკუთრივ მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რადგან კონკურენცია, რომელიც სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის წარმოიქმნება თავად სერვისის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.
მაკა ჯაიანი