en
ge

სახელმწიფო გრანტები: არსებული თემატიკა

სახელმწიფო გრანტები: არსებული თემატიკა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფო გრანტების კონტექსტში საუბრობენ, საგრანტო დაფინანსებისთვის შერჩეული თემები გახლავთ. საჯარო უწყებებში ამბობენ, რომ თემებს საგრანტო დაფინანსებისთვის შესაბამისი სფეროების შესწავლის შედეგად არჩევენ. 2016-2017-2018-2019 წლებში, რომლის პერიოდშიც სახელმწიფო გრანტების გაცემის პრაქტიკა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში შეისწავლა, საგრანტო თემატიკა ასეთია: 

  • ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა; დანაშაულის ეფექტური პრევენცია; ყოფილ მსჯავრდებულთათვის ტატუს მოშორება; ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ნარკოტიკების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანისა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვთა მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 
  • დევნილებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება; სოციალური პროექტების დაფინანსება; საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა; იურიდიული დახმარება; დევნილების შემოსავლის გაზრდა მათი სასოფლო სამეურნეო და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის გზით; თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, როგორიცაა მცირე ბიზნეს ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები; სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა; ადგილობრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 
  • სამშვიდობო ინიციატივა - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (საგრანტო კონკურსი არ გამოცხადებულა, მოხდა პირდაპირი დაკონტრაქტება). 
  • პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; ამომრჩეველთა ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის; არჩევნებში მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა; ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 
  • განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება; სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა; სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობა; მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა; გარემოს დაცვა; გადაწყველტილების მიღებაში ჩართვა; კულტურა; ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა; ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერა - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 
  • კულტურისა და განათლების სფეროს პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 
  • ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. 
  • ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი; საერთაშორისო სტანდარტებთან ინტერნაციონალიზაცია; ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით; სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი (უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით, მათ შორის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები; 2015-2019); საკონფერენციო გრანტების კონკურსი (უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით); სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევები; მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი; მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი; საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 
  • საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა - საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. 


სსო-ებთან ჩვენმა გასაუბრებამ საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი ყვება, რომ იყო შემთხვევები, როცა ცენტრის მიერ საჯარო უწყებებისთვის შეთავაზებული საპროექტო ინიციატივები არ დაფინანსდა, თუმცა, მოგვიანებით, იმავე უწყებებმა მათი ინიციატივების ანალოგიური შინაარსის პროექტიები სხვა ორგანიზაციებს დაუფინანსეს, - „წარსულში, სხვადასხვა დროს მივმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას და, ასევე, იუსტიციის სამინისტროს ჩვენი საპროექტო წინადადებებით. არცერთი ჩვენი პროექტი სახელმწიფო უწყების/სსიპ-ის მიერ არ დაფინანსებულა. რამდენიმე შემთხვევაში, ცენტრის მიერ შეთავაზებული საპროექტო ინიციატივები, რომელზეც უარი გვეთქვა, მოგვიანებით, იმავე უწყებების მიერ, ანალოგიური შინაარსის პროექტიების სახით, სხვა ორგანიზაციებს დაუფინანსდა. ამდენად, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი შერჩევითი მიდგომის არსებობასთან დაკავშირებით“.

ფაქტობრივად, იგივეს ამბობს, სტუდია „ანდამატის“ ხელმძღვანელი, ლია კასპელაშვილი: „2007 წელს არსებობდა საგრანტო პროექტი - „სახელობო სწავლების ინტეგრირება სასკოლო სწავლებასთან“. ეს იდეა ჩემი მიწოდებული იყო განათლების მინისტრის მაშინდელი მოადგილის, მაია მიმინოშვილისთვის. თავიდან იდეა მომიწონა, შემდეგ უტოპიურად მოეჩვენა, თუმცა, ზუსტად ორ თვეში, საგრანტო კონკურსად ჩამოაყალიბა. მაგრამ იმიტომ, რომ იგი, აშკარად, პრაქტიკოსი, კვალიფიციური კადრების გარეშე იყო შედგენილი, სამ წელიწადში პროექტმა მდგრადობა შეწყვიტა. მიმაჩნია, რომ სწორად დაგეგმილი და სასკოლო-საგაკვეთილო ბადესთან სწორად ადაპტირებული სახელობო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი მოზარდებისთვის“. 

სახელობო პროგრამები ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომელსაც ჩვენი რესპოდენტი სსო-ები სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების თემატიკის კონტექსტში ასახელებენ. თომა კაკაბაძე, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, ფიქრობს, რომ საგრანტო პროგრამები, რომელიც აქამდე გამოცხადებულა, მათი ბენეფიციარების წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს, - „ჩვენი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სახელმწიფო საგრანტო კონკურსები ხაზგასმით მოიცავდეს ამ სფეროს. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია შშმ პირთა სხვადასხვა სფეროში მონაწილეობის (განათლება, დასაქმება, არჩევნები, ეკონომიკა, კულტურა, სპორტი, მეცნიერება და ა.შ.) ხელშეწყობისთვის“. 

მეტი კონკრეტიკისა და მრავალფეროვნების საჭიროებას უსვამს ხაზს პავლე თვალიაშვილი, „სიქა“: „კარგი იქნება მრავალფეროვანი იყოს დაფინანსების მიმართულებები, მოიცავდეს ბევრ კონკრეტულ სფეროს/საკითხს; არ იყოს ისეთი ზოგადი, რომ მრავალმხრივი ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდეს. დავამატებდი მეწარმეობის განვითარების აქტივობებს - სანამ სოციალური მეწარმეობა გააქტიურდება, მისთვის მყარი ბაზისია შესაქმნელი“. მეწარმეობის მიმართულების ხელშეწყობა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების საშუალებით მნიშვნელოვნად მიაჩნია ლია კასპელაშვილსაც. 

„ქვეყანაში ჭირს როგორც სამუშაო ადგილები, ისე - პროფესიული კადრები. თითქოს, გვაქვს პროფესიული კოლეჯები, მაგრამ შესაბამის კვალიფიციურ დონეს მისი კურსდამთავრებულები ვერ აღწევენ. თითქოს, მუშაობს „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ მაინც ნაკლებია საწარმოები - ამოწურავენ მონიტორინგის ვადებს და ფუნქციონირებას წყვეტენ. მნიშვნელოვანია მეწარმეთა კვალიფიციური გადამზადება მენეჯმენტისა და მარკეტინგი მიმართულებით, თუ გვსურს გრძელვადიან, სიცოცხლისუნარიან შედეგებზე ვიყოთ ორიენტირებული“, - ამბობს სტუდია „ანდამატის“ ხელმძღვანელი. 

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი საზოგადოებირივი ორგანიზაციების ნაწილი, ე.წ. Watchdog-ები, მიიჩნევენ, რომ საქართველოში სახელმწიფო უწყებების საქმიანობის გამჭვირვალობის დონე სსო-ების მიერ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მიღების მართებულობას ეჭვქვეშ აყენებს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი საკითხს ასე კატეგორიულად არ უყურებს, - „ვინაიდან Watchdog-ების ძირითადი საქმიანობა არის სახელმწიფო უწყებების მუშაობის მონიტორინგი, იდენტიფიცირებული დარღვევების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება, რთულად წარმოასდგენია დამოუკიდებელმა Watchdog ორგანიზაციამ სახელმწიფოს დაფინანსება მოითხოვოს, მაგალითად, მსჯავრდებულების მდგომარეობის მონიტორინგის ან საარჩევნო დარღვევების მონიტორინგის მიზნით. თუმცა, ცნობიერების ასამაღლებელი, მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარების განმავითარებელი პროექტების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებად მიგვაჩნია“. 

ასეთ შესაძლებლობას ალეკო ცქიტიშვილი მხოლოდ სახელმწიფო გრანტების გაცემის პროცესის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხისა და ამ პროცესში ექსპერტთა ობიექტური, მიუკერძოებელი ჯგუფის მონაწილეობის პირობებში უშვებს. პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა ის მოთხოვნაა, რომელსაც სსო-ები, სახელმიწოფო გრანტებთან დაკავშირებით მსჯელობისას, პირველ რიგში აყენებენ. 

მაკა ჯაიანი

მსგავსი პოსტები