უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველომ მრავალი უკრაინელი მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციები მათ დასახმარებლად აქტიურად მუშაობენ.
მათ შორისაა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, რომელმაც ბათუმის ოფისში, ივლისში, ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც ბათუმში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერაა.
პროექტს წინ უსწრებდა ცენტრების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევა უკრაინელთა საჭიროებების გამოსავლენად. კვლევამ, სხვა საკითხებთან ერთად, ქართული ენის სწავლების საჭიროება გამოავლინა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისში ქართული ენის გაკვეთილები ზრდასრულების გარდა, 17 წლამდე მოზარდებისთვისაც ტარდება.
მთლიანობაში პროექტში უკრაინის 300-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობს, უშუალოდ ენის და არტ-თერაპიის კურსებს კი 50 ბავშვი გადის.
,,გაკვეთლები ძალიან სახალისო ფორმატში მიმდინარეობს, უკრაინელმა ბავშვებმა უკვე ისწავლეს ქართული ანბანი, კვირის დღეები და სხვა ელემენტარული საკომუნიკაციო ლექსიკა.
გვყავდა ბავშვები რომლებსაც ისეთი ემოციური სტრესი ჰქონდათ, რომ ვერ ჭამდნენ, ვერ ახერხებდნენ აქტიურ კომუნიკაციას, მაგრამ უკვე უდიდესი პროგრესი აქვთ, ბევრს იღიმიან და ცენტრში დაგეგმილი აქტივობების შედეგად არაერთი მეგობარიც შეიძინეს“,- თეონა დიასამიძე, ცენტრის კოორდინატორი.
პროექტის ფარგლებში, ასევე, არაერთი საინფორმაციო კამპანია გაიმართა.
ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ ღონისძიებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ახორციელებს. 🇬🇪 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს 10 ქალაქში მუშაობენ და უსაფრთხო სივრცეს სთავაზობენ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედია საშუალებებსა და ყველა სხვა ჯგუფს განურჩევლად მათი პოლიტიკური, თუ სოციალური კუთვნილებისა, მხოლოდ იმ პირობით, რომ პატივს სცემენ თავისუფალი, დემოკრატიული და კონსტრუქციული მონაწილეობის პრინციპებს და არ წაახალისებენ ძალადობას ან დისკრიმინაციას.