მაკო, მალო, მონიკა და სალომე აფხაზეთიდან დევნილები არიან. ერთმანეთს დევნილებისთვის ხელსაქმის შემსწავლელ კურსებზე შეხვდნენ. მალო პოლიმერიას ასწავლიდა, მაკო, მონიკა და სალომე კი მოსწავლეები იყვნენ. წარმატებული მონაწილეები მალე მასწავლებლები გახდნენ.
მათ ერთობლივ საქმიანობასაც ჩაუყარეს საფუძველი – 2019 წელს დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია ხელები მშვიდობისთვის. ცოტა მოგვიანებით, ამავე სახელწოდების სოციალური საწარმოც შექმნეს. მიზანი – სხვა ქალბატონებისათვის გაეზიარებინათ ცოდნა, რათა მათაც ჰქონოდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად წამოეწყოთ სამეწარმეო საქმიანობა.
თავდაპირველად მოხალისეობრივად დაიწყეს, შემდეგ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის, EU4Dialogue პროექტის მხარდაჭერით, წამოიწყეს პროექტი ,,ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის“, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა ქალებმა შეისწავლეს: ჭრა–კერვა, ქარგვა, ქსოვა და მაკრამე.
ხელსაქმის შესწავლა პოპულარული აღმოჩნდა და მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, განსაკუთრებით დიასახლისთა წრეში.
მონაწილეთა შერჩევამდე, მაკომ და მალომ ზუგდიდის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლები შემოიარეს, რათა ცენტრიდან დაშორებული სოფლის მკვიდრი ქალებისთვის, მათ ვისაც, ინტერნეტთან შეზღუდული წვდომა აქვთ, მიეწოდებინათ ინფორმაცია. მსურველი გაცილებით მეტი ქალბატონი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდნენ.
„ჩემი შვილის თაობას არა, მაგრამ ჩვენი თაობის დევნილებს, ხშირად გვიჭირდა ინტეგრირება და დღემდე ასე ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პროექტში დევნილებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ ქალბატონებსაც“, ამბობს მაკო.
ხელსაქმის შემსწავლელთა შორის იყვნენ მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, ადრეულ ასაკში დაოჯახებული ქალები, შშმ ბავშვების მშობლები. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს პრობლემა რომ არ შექმნოდათ სასწავლო, თუ სამუშაო პროცესში, ორგანიზაციაში ბავშვებისთვის სათამაშო ადგილიც კი მოაწყვეს, რათა ბავშვებთან ერთად მოსულიყვნენ დედები. ამ ეტაპისთვის სულ 42 ქალბატონმა შეისწავლა ხელსაქმე.
ორგანიზატორები მხოლოდ ხელსაქმის შესწავლით არ შემოიფარგლნენ, დამატებით სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდათ მონაწილეებს ტრენინგები, როგორიცაა სოციალური მედია მარკეტინგი,საგრანტო ფონდების მოძიება და გრანტების წერა. შედეგმაც არ დააყოვნა – 8 მონაწილემ უკვე მოიპოვა გრანტი და დამოუკიდებლად წამოიწყო საკუთარი საქმე. 4 მათგანი ორგანიზაციის სოციალურ საწარმოში დასაქმდა, ასევე, 2 წარმატებული ქალი ზუგდიდში მომუშავე დიზაინერ – სოფია ხარჩილავასთან , რომელიც აღნიშნულ პროექტში ქსოვის ტექნიკის მენტორი იყო.