en
ge

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი


#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია

ჩვენს საზოგადოებაში ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს პატრიოტიზმის შესახებ. ზოგი ფიქრობს, რომ მაშინ ხარ პატრიოტი, თუ ძირძველ ტრადიციებს იცავ და მიყვები; ზოგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ერებისგან კარგი მაგალითის აღება და წეს-ჩვეულებად ჩამოყალიბება სრულიად არ ეწინააღმდეგება ერის სიყვარულს და პრინციპებს.

ვაჟა-ფშაველას ესსეში- ‘კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი’ ვკითხულობთ: 

' ...ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. 

თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში…

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად…'

თქვენ როგორ გესმით ცნებები - პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი? 

რა იგულისხმება ხშირად მოსმენილ ფრაზაში - 'ქართველობას გვართმევენ?' ან კი, შესაძლოა ის ვინმემ წაგვართვას? 


მსგავსი პოსტები