#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია
ზვიად ხაფავა: ‘ერთ დღეს, ჩემს მეგობარს გავყევი სტუმრად ძეგვის ბავშვთა სახლში. ეს იყო 95 წელს. ფაქტობრივად, ამ დღემ შეცვალა და განაპირობა ჩემი მომავალი ცხოვრებაც. მაშინ 17 წლის ვიყავი და უნივერსიტეტში ახალი ჩაბარებული მქონდა. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში არეულობა და დიდი გაჭირვება იყო. არც ძეგვის ბავშვთა სახლში იყო უკეთესი სიტუაცია.
რომ ჩავედი, გიორგობის დღეს, ბავშვებთან ერთად მეც მოვინათლე და თითქოს, რაღაც პასუხისმგებლობა დამეკისრა. ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრებიც, და გადავწყვიტეთ გაგვეხსნა სკოლა და ბავშვები სხვადასხვა საგნებში მოგვემზადებინა. მე და ჩემი მეგობრები ლექციების დასრულების შემდეგ ჩავდიოდით ძეგვში და ვამეცადინებდით ბავშვებს, თითქმის ჩვენს თანატოლებს, შემდეგ ვგეგმავდით მეორე დღეს და ვარჩევდით მნიშვნელოვან საკითხებს.
და აი, ასე, სრულიად 24 საათის რეჟიმში ვიყავით კარგა ხანს. დღემდე ვერ ვხვდები საიდან გვქონდა ამდენი ენერგია, აბსოლუტურ ენთუზიაზმზე დაფუძნებული. დავდიოდით ლაშქრობებში, ვაკეთებდით საჭმელს, ვუვლიდით გარემოს..
მალე ბავშვების რაოდენობა 100-მდე ავიდა და ვხვდებოდით, რომ ეს ადგილი კიდევ ბევრს ვერ დაიტევდა. გაჩნდა იდეა სადმე გადასვლის და იქ ცხოვრების. ბედიანი ბევრი მიზეზის გამო ავირჩიეთ, აქ საოცარი სიმშვიდეა, თუმცა მთავარი ფაქტორი მაინც ქართული თემის შენარჩუნება იყო. იმ პერიოდში, 99 წლისათვის, წალკის ტერიტორია მოსახლეობისგან იცლებოდა და გვინდოდა ეს პროცესი შეგვეჩერებინა.
გადავნაწილდით 8 სახლში, თითოში - თითო აღმზრდელი იყო. და ვატარებდით გაკვეთილებს ბედიანის მაშინდელ რუსულ სკოლაში, რომელიც შემდეგ, ჩვენი ინიციატივით ქართულად გადავაკეთეთ და სხვა ბავშვებიც მოვიზიდეთ მიმდებარე დაბებიდან.
2012-ში გავხდი ‘იმედის გმირის’ გამარჯვებული და მოგებული ფულით და სხვა ბევრი შემოწირულობით, ავაშენეთ ეს სახლი.
ამ ჩვენს სკოლაში უკვე რამდენიმე თაობა აღიზარდა. ზოგმა უნივერსიტეტში ჩააბარა, ზოგმა პროფესიულში, ზოგიც აქ დაფუძნდა ოჯახით.
ვთვლი, რომ ჩვენი აქ გადმოსვლა მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ ჩვენი ბავშვებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც. ჩემი მიზანია, მივცე მათ მიმართულება, აირჩიონ კონკრეტული გზა. ცხადია, მათ არჩევანში არ ვერევი, თუმცა ვცდილობ დავანახო პერსპექტივები.
დღევანდელი სიტუაცია მაშინდელ წლებთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებულია, გვაქვს ინტერნეტი, ტელევიზია, ჩვენთან ჩამოდიან მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან; ვიწვევთ სპეციალისტებს, ჩვენი ხელით ვქმნით საინტერესო ტექნოლოგიებს, დავდივართ არქეოლოგიურ ექსპედიციებში, ჯომარდობაზე, ლაშქრობებში..’
ბედიანის ბავშვთა სახლი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა მაღალმა საზოგადოებრივი პასუხისმგბელობის მქონე სამოქალაქო აქტივიზმმა.