ვიკა ალაფიშვილი, 21 წლის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი.
რატომ უნდა გრძნობდნენ თავს მიტოვებულად თავშესაფრის ბენეფიციარები? ხანდაზმულ ადამიანებს თბილი, მეგობრული ურთიერთობები სჭირდებათ და მეც გავეშურე მათთან, რადგან მოხალისეობრივი პროექტები ყველანაირ მატერიალურ ჯილდოზე ძვირფასია.
"მესტუმრეს" შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე. ეს პროექტი მიზნად ისახავს მოხუცთა პანსიონებში მცხოვრებ მოხუცებულებს მიეცეს ახალგაზრდებთან რეგულარული, სოციალური ინტერაქციისა და სასიამოვნო საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა. იცით რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა ეს?
მოხუცები განსაკუთრებით ტრაგიკულად განიცდიან ოჯახისგან მოწყვეტის ამბავს, სრულიად უსუსურ ბებო-ბაბუებს არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვთ ამ ადამიანური დანაკლისის შესავსებად. მათ ძალიან სჭირდებათ ახალგაზრდები, რომელებიც დაანახებენ ცხოვრებას სხვადასხვა ფერებში, აპოვნინებენ ხალისს, მისცემენ მიზეზს, რომ იზრუნონ მათზე და, რაც ყველაზე მთავარია, დაუბრუნებენ გრძნობას, რომ ისინი საჭიროები არიან.
”მესტუმრეს" პროექტის თითოეულ მონაწილეს გვყავს თითო ბენეფიციარი, რომელთანაც კვირაში ერთ საათს ვატარებთ, ამ დროის განმავლობაში კი ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მოხუცს სურს: ვსაუბრობთ, განვიხილავთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ვთამაშობთ ლოტოს, ვძერწავთ, ვხატავთ, ვმღერით და ვცეკვავთ კიდეც. ასევე ეს ერთი საათი ეთმობა ჯგუფურ აქტივობებს, როცა ყველა მოხალისე და ბენეფიციარი ერთად ვიკრიბებით. საოცარი მხიარულება და დღესასწაულია ეს პროცესი.
რთულია, რამდენიმე სიტყვით აღვწერო ჩემი ემოციები ჩემს მოხუცებთან ურთიერთობის დროს, თუმცა ეს არის ულევი ენერგიის წყარო და უდიდესი მოტივაციის მომცემი, ასევე სრულიად ახალი, თითქოს უცხო და, ერთი შეხედვით, საფრთხილო ემოციები. მათი ყოველი გაღიმება, ანთებული თვალები ჩვენს დანახვაზე, გულწრფელი მადლობა, ზრუნვა, ნებისმიერი პროგრესი, მათი უფრო მეტი სილაღე, მხიარულება, აქტიურობა იწვევს იმ ემოციებს, რომელთა გამოც ღირს ეს პროექტი.
მე მგონია, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, უკვე გვაქვს ის ღირებულებები, რომლებიც აუცილებლად შეცვლის საზოგადოებას უკეთესობისკენ. მთავარი ადამიანია, პიროვნება, რომელიც საზოგადოების სრულფასოვანი, სრულუფლებიანი და ამავდროულად, უნიკალური წევრია. ჩვენ, ერთიანი ძალებით აუცილებლად ჩამოვაყალიბებთ ბედნიერ საზოგადოებას, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი.