იცით ვინ იყო „მოხეტიალე მუსიკოსი“, რომელიც სოფელ–სოფელ დადიოდა და ბავშვებს მუსიკას და ლიტერატურას ასწავლიდა მოხალისეობრივად.
„სკრიპკით სოფელ-სოფელ ვასწავლი გლეხის ბავშვებს ეროვნულ სიმღერებს, ვასმენინებ ევროპულ მუსიკას გრიგის, ბახის, ჩაიკოვსკის, მოცარტის და სხვა გენიოსების გადმონაცემს, ამის გარდა აზრათა მაქვს, ვასწავლო ამავე ბავშვებს მუსიკალური ან-ბანი, წავუკითხო ჩვენი უმთავრესი მწერლების და მგოსნების მოკლე ბიოგრაფია, უმთავრესი ნაწარმოები და სხვა.
სწორედ ამ მიზნისათვის ვაწუხებ გამგეობას და ვთხოვ შეძლების და გვარათ შემიწყოს ხელი, დამეხმაროს პატარ-პატარა წიგნაკებით, რომლებიც სასურველია სრულებით უფასოთ დავურიგო ჩემი აუდიტორიის ბავშვებს, შემიძინოს ლინოლეუმის დაფა კედელზედ ან ხეზედ ჩამოსაკიდი“. - ეს ქართველი მოხეტიალე მუსიკოსის, ილიკო ქურხულის თხოვნაა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი“.
მოგვიანებით ილიკო ქურხულმა საზოგადოებას მიმართა ველოსიპედის შეძენის თხოვნითაც, რათა სოფლებში მომლოდინე მოსწავლეებთან უფრო სწრაფად მისულიყო. მოხეტიალე მუსიკოსმა ორივე შემთხვევაში მიიღო დახმარება.
ქურხული ბავშობიდანვე მღეროდა და კარგად უკრავდა ვიოლინოზე, ჩანგზე და პატარა ვენურ გარმონზე. ის ექვსი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპის ქალაქებში და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწეოდა. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ფანდურით, გუდასტვირითა და ჩანგით საქართველოს სხვადსხვა კუთხეში იმოგზაურა.
ქურხულს ჩანგის გაუმჯობესებისათვის სახალხო მუსიკოსის წოდება მიენიჭა.