en
ge

საბჭოთა წარსულის კვლევა

საბჭოთა წარსულის კვლევა

ირაკლი ხვადაგიანი, ''საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" გამგეობის თავმჯდომარე

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" (sovlab) 2010 წელს დაფუძნდა სამოქალაქო აქტივისტებისა და ისტორიკოსების მიერ.

მაშინ, თბილისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ტარდებოდა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და მემკვიდრეობის შესახებ და სწორედ ამ ღონისძიების კვალდაკვალ გაჩნდა ინიციატივა, რომ ახალი თვალით შეგვეხედა წარსულისთვის.

ჩვენს გარშემო შედგა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც პირველ მიზნად დაისახა სტალინიზმის, ტერორისა და რეპრესიების ტოპოგრაფის თემის დამუშავება და თბილისში კვლევების დაწყება.

თავიდან ჩვენი სამიზნე იყო საბჭოთა პერიოდი (1921-1991) და უფრო სტალინისტურ ხანასა და მასობრივი ტერორის პროცესებზე ვიყავით ორინეტირებული. დღეს უკვე ჩვენი საქმიანობა მე-19 საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს ფარავს.

ვფიქრობთ, რომ ჩვენს საზოგადოებას უჭირს კრიტიკულად შეხედოს საკუთარ წარსულს, დაინახოს რა მოხდა, რა იყო განმაპირობებელი მიზეზები, შესაბამისად ვერ ხვდება თავის ადგილს დღეს, სად ვართ, რა მემკვიდრეობა და გადაუჭრელი ამოცანები გამოგვყვა. და როდესაც ეს ნაწილი საერთო კოლექტიური მეხსიერებიდან გამოცლილია. მითუმეტეს ძალიან ბუნდოვანი ხდება მომავლის ხედვა.

ჩვენ, მკვლევარები ასე ვუყურებთ საკითხს: რომ არსებობს დიდი თეთრი ლაქა, რომელიც უნდა გამოირკვეს; პირველ რიგში ფაქტების მხრივ დალაგდეს და შემდეგ ამ ფაქტების მიხედვით გარკვეული პროცესები გაანალიზდეს.

ასევე, გვაქვს ინიციატივა - ღია (საზოგადოებრივი) არქივი, სადაც ისტორიული ღირებულების მქონე ოჯახის დოკუმენტებსა და გაციფრულებულ მასალებს ვათავსებთ.

ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია სასკოლო კონკურსი - 'ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში', რომლის მიზანია მოსწავლეებმა ახალი კუთხით შეხედონ ჩვენს წარსულსა და მის ნაკვალევს.

ასევე გვაქვს საგამომცემლო სერია -' აკრძალული მეხსიერება', ანუ საბჭოთა პერიოდში დაბლოკილი გამოუქვეყნებელი მემუარები, რომელსაც ჩვენ თვითონ ვბეჭდავთ მოხალისეობრივად.

ჩვენი ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში, ყველა მკვლევარი და თითოეული წევრი თავისი კონტრიბუციით ამ ყველაფრის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს.

კვლევები, წიგნები, გამოფენები, დოკუმენტური ფილმები და ყველაფერი ის, რაც ჩვენს ორგანიზაციას უკავშირდება, არის ამ დიდი გუნდური მუშაობის შედეგი. ვფიქრობთ, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს.'


მსგავსი პოსტები