გამოჩენილი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, თერგდალეულთა მიერ წამოწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და თეატრალური მოღვაწე ნიკო ავალიშვილი მიეკუთვნება იმ მამულიშვილთა რიცხვს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს ახალ ისტორიაში.
დიდია მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე: მან დიდი დახმარება გაუწია სიღნაღიდან თბილისამდე შოსეს შეკეთებას; საგარეჯოში მცხოვრებლებთან მოლაპარაკებით კი 1877 წელს გაიხსნა კოოპერატივი "ივრის დამზოგველი ამხანაგობა", სადაც იგი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1869-1872 წლებში ნიკო რედაქტორობდა ჟურნალ "მნათობს, სადაც ის საზოგადოების შესახებ წერს: ''...რას ეწოდება საზოგადოება – თვითონ სიტყვა ცხადად ჰხატავს თვის მნიშვნელობას: საზოგადო, ესე იგი საერთო, ყველას კუთვნილი. ვრცელის აზრით, საზოგადოება არის მრავალთ პირთ კრება, რომელნიც ერთ გვარ გარემოებაში სცხოვრობენ და ერთ ნაირ ბუნებითს, ზნეობითს და ნივთიერებითს გავლენის ქვეშ არიან. ამ გვარ საზოგადოების წევრებად იგულისხმებიან ყველანი, ვინც კი ერთ ქვეყანაში სცხოვრებენ და ერთნაირი, ან თითქმის ერთნაირი, ჩვეულებისა და ხასიათისანი არიან. მაგრამ ეს არის გარეგანი სახე ვრცელის აზრით წოდებული საზოგადოებისა, და ამ გარეგან სახეს, მარტოდ აღებულს, ცხოვრებაში არაფერი მნიშვნელობა არა აქვს იმისგარდა, რომ გაფანტულად, ველურად ცხოვრების მაგიერად – ერთად არიან შეჯგუფებულნი და რაიმე მსგავსება აქვსთ მოქალაქოობრივი ცხოვრებისა. შინაგანი არსი და მნიშვნელობა ამ გვარი საზოგადოებისა ის არის, რომ ყველა, ან თითქმის ყველა წევრი ამ საზოგადოებისა თავის თავს ვალად ჰრაცხავს, რომ ემსახუროს, ზნეობითის, გონებითის, გინდ ნივთიერებითის დახმარებით, ერთს დედა-აზრს –ჭეშმარიტებას, ანუ საყოველთავო, საზოგადო ცხოვრების გაადვილებას და ზნეობის გაუმჯობესობას...’’