“როდესაც ჩვენ აფხაზეთიდან გადმოვედით, ცხოვრება რთული იყო და საზოგადოება მართლა დახურული იყო ჩვენთვის. ჩემი მეუღლე იყო მოძალადე და ნებისმიერი სახის განვითარების წინააღმდეგი. როდესაც საქმე უშუალოდ თქვენ გეხებათ, არ იცით რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მე დავტოვე ოჯახი, 22 წლის ძალადობის შემდეგ. თავდაპირველად თავშესაფარში ვიყავი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღების შემდეგ დავიწყე განვითარება. ახლა მაქვს სამსახური და მე ყველასგან დამოუკიდებელი ვარ.” - ასოციაცია "მერკურის" ბენეფიციარი, ვინაობა - ანონიმური.
ასოციაცია "მერკური" 2004 წელს შეიქმნა. ის ძირითადად ქალთა უფლებებზე, ოჯახური ძალადობის საკითხებზე და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობს. ასოციაციამ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფარი გახსნა. მას ასევე ჰყავს ბენეფიციარი აფხაზეთიდანაც.
თავშესაფრის მისამართი არავინ იცის. თუ იქ მყოფი ბენეფიციარი ამას გაამხელს, იგი აუცილებლად დატოვებს თავშესაფარს, თუმცა დღემდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ბენეფიციარები თავშესაფარში არა მარტო ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ, არამედ სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან, რათა მომავალში შეძლონ დასაქმება. თავშესაფარში ასწავლიან ბუღალტერიას, სტილისტის პროფესიას, ასევე გადიან ხელსაქმის კურსებს. რამდენიმე ბენეფიციარი უკვე დასაქმდა სხვადასხვა ორგანიზაციაში.
პანდემიისა და კარანტინის პირობებში, ორგანიზაცია “მერკური” მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. თვითიზოლაციისა და მასთან დაკავშირებულ, სტრესით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე ბენეფიციარებისთვისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის იმართება ონლაინ ვებინარები. ორგანიზაციის ფსიქოლოგი კი ონლაინ ჯგუფში, ლაივის საშუალებით მცირე ასაკის ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს.