en
ge

სსო-ები - პანდემიის დროს

სსო-ები - პანდემიის დროს

კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მათი საქმიანობა საგანგებო მდგომარეობაშიც მრავალფეროვანი და დატვირთულია. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალი, CsoGeorgia.org გიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციებს სსო-ების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ონლაინ  საქმიანობის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. 

თეკლე ქაროსანიძე 

ინტერნეტზე წვდომისა და ტექნიკური საშუალებების ფლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში დაესწროთ სსო-ების მიერ დაგეგმილ საინტერესო ლექციებს, სემინარებსა და კონფერეციებსაც კი. ასევე, მიიღოთ სხვადასხვა სახის უფასო, ფსიქოსოციალური ან სამართლებრივი დახმარება. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ, გადამზადდეთ და შემდეგ მონაწილეობა მიიღოთ მოხალისეობრივ აქტივობებში, მხარი დაუჭიროთ მოწყვლად ჯგუფებს, შეამციროთ მათი კოვიდ 19-ით ინფიცირების საფრთხე და შეუმსუბუქოთ პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემები. 

კონკრეტულად, სსო-ების მიერ დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობები ასეთია: 

USAID-ProLog-მა დაიწყო W-talk-ების სერია, რომლის სპიკერებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები არიან. პირველი W-talk ინტერვიუ გახსნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელმა, საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერმა. 

„ამერიკა 1988 წლიდან, ყოველი მარტის თვეში ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. ამ ღონისძიებით ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქალებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ განვითარებასა და მეცნიერულ-ტექნოლოგიურ მიღწევებში. ქალები მთელ მსოფლიოში ხელს უწყობენ გენდერულ თანასწორობას და ჩვენ, ყველანი, სწორედ მათ მიერ მიღწეული პროგრესით ვსარგებლობთ. ამის მიუხედავად, ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის, ძალადობის, შევიწროების მსხვერპლები, რაც სამწუხაროდ, მათ წარმატებას აფერხებს. 

W-talk შესანიშნავი პლატფორმაა ქალებისთვის, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს და მოგვცემენ მოტივაციას, ვიყოთ წარმატებული პროფესიონალები. გენდერულ თანასწორობაზე საუბრის დაწყება სპორტით კარგი იდეაა, რადგან სპორტი აძლიერებს ქალების თავდაჯერებას, ლიდერულ და გუნდურ უნარ-ჩვევებს. USAID გააგრძელებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის გაზრდაზე მუშაობას“, - ამბობს ლორა ბერგერი. 

პირველი W-talk ლაივი გაიმართა 2 აპრილს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძისა და კალათბურთის მსაჯის, მაკა კუპატაძის მონაწილეობით. სპიკერმა და წამყვანმა ისაუბრეს სპორტის სფეროში ქალების დასაქმების საკითხებსა და გამოწვევებზე. თვალი ადევნეთ ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდს.

USAID/PROLoG მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას COVID-19-ის პანდემიით განპირობებულ სტიგმასთან ბრძოლაში. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადებს ვიდეო-რგოლს ფეისბუქისა და ტელევიზიებისთვის.

„ცოდნის კაფე“ 8-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის ონლაინ აგრო სკოლას იწყებს. აგრონომები ბავშვებს, ონლაინ გაკვეთილების საშუალებით, მიწის დამუშავებასა და მცენარეების მოვლას შეასწავლიან. ორგანიზაცია მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს ხანდაზმულების დასახმარებლად - "საზოგადოებრივი დონაციებითა და ადგილობრივი ბიზნესის მონაწილეობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, 150 მარტოხელა ხანდაზმული მომარაგდა სასურსათო კალათებით. გრელდება 400-მდე მარტოხელა ხანდაზმულის საჭიროებების კვლევა“, აცხადებს ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შექმნა ვებგვერდი, სადაც მოხალისეობის მსურველები დარეგისტრირდებიან და, იქვე, ოლაინ ტრენინგ მოდულს გაივლიან თემაზე - კორონავირუსის პრევენცია და პირადი უსაფრთხოების ზომები. 

მოხალისეების მოზიდვასა და გადამზადებაზე უკვე წლებია ზრუნავს ჰელფინგ ჰენდი (Helping Hand). თქვენ შეგიძლიათ, მოხალისედ დარეგისტირდეთ ორგანიზაციის ვებგვერდზე და დაეხმაროთ ხანდაზმულებს, სოციალურად დაუცველებს, შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირებს... ჰელფინგ ჰენდმა საზოგადოებისთვის მოხალისეთა გასაცნობად და მადლიერების გამოსახატად დააწესა „მოხალისეთა ეროვნული ჯილდო 2020“. 

თუ თქვენ მონაწილეობას იღებთ მოხალისეობრივ საქმიანობაში ან თქვენს ირგვლივ არიან ასეთი მოქალაქეები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში ან/და დაასახელეთ მოხალისეები ნომინანტებად 29 მაისის ჩათვლით. 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) გთავაზობთ 10 აპრილამდე დარეგისტრირდეთ შემდეგ ონლაინ სასწავლო კურსებზე: 1. შედეგზე ორინტირებული პროექტის მართვა; 2. საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; 3. სოციალური კვლევის მეთოდები. სასწავლო კურსები დისტანციურია და ყველა აქტივობა - ლექციები, დავალებები, დისკუსიები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. 

„ჩვენმა ორგანიზაციამ დისტანციური სწავლება 2014 წელს დაიწყო და, ამ ეტაპისთვის, 17 პროფესიული ონლაინ კურსი გვაქვს შექმნილი. მათ შორის: ეკონომიკის საფუძვლები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, თვითმმართველობის საფუძვლები, კვლევის მეთოდები, ადვოკატირება-ლობირება, საჯარო პოლიტიკის ანალიზი... კურსები ინფორმატიულია და ორიენტირებულია მსმენელმა მიიღოს პრაქტიკული ცოდნა. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით მოკლე ვიდეო ტუტორიალები ახალგაზრდებისთვის ძალიან საჭირო თემებზე: როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი, როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის და საჯარო გამოსვლისთვის, რა არის დემოკრატია და ლიბერალიზმი, როგორ შევქმნათ ბლოგი და ა.შ. თემატიკა საინტერესო და მრავალფეროვანია. ვფიქრობ, ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, ეს ინფორმაცია ნამდვილად გამოადგებათ“, - აღნიშნავს თათა ბოჭორიშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) პროექტის ასისტენტი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, „არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის“ (ICNL) ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 5 მაისამდე გთავაზობთ მიღებას შემდეგ სასწავლო კურსებზე:

სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური აღრიცხვა, ანგარიშგება და საგადასახადო საკითხები - კურსის ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი, დავით ტივიშვილი.

სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული მართვა - კურსის ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მთავარი იურისტი, ლევან ფანიაშვილი.

ხანის აკადემია გთავაზობთ მსოფლიო დონის უფასო განათლება მიიღოთ პროფესიონალებისგან. ონლაინ გაკვეთილები გათვლილია სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების თავიდან ასაცილებლადმ რეკომენდაციების ვიდეო გაავრცელა ოსური, აფხაზური, აზერბაიჯანული, სომხური და სურდო თარგმანით. ასევე, მათი ორგანიზებით მიმდინარეობს ლაივ სესიები, სადაც ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები კორონავირუსით გამოწვეული სტრესის დაძლევაზე გვესაუბრებიან. ორგანიზაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო ინვენტარი და ვირუსისგან დამცავი 1 080 ერთეული აღჭურვილობა გადასცა: სადეზინფექციო ხსნარი, სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და სკაფანდრები, ასევე დისტანციური თერმომეტრები.

„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ წევრებისა და ნებისმიერი მსურველისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციები - მედიის განვითარების ფონდი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კავშირი „საფარი“ და სხვა, ინტენსიურად ატარებენ ონლაინ ლექცია-სემინარებს განათლების, მრავალფეროვნების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებების საკითხებზე. 

კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მართავს ვებინარების სესიებს  სხვადასხვა თემებზე: კორონავირუსი - მითები და რეალობა, Wash (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები...

ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs), CENN-თან თანამშრომლობით, გაიმართება ვებინარების კვირეული: „ქალები და Covid-19“. ვებინარები შეეხება ვირუსის გავრცელების შედეგად, იზოლაციის პირობებში გავრცელებულ ქალთა გამოწვევებს და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების შესაძლო გზებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, პლატფორმა „ქალები საქართველოდან“ იმ ქალების გამოცდილებას გაგვიზიარებს, რომლებიც თვითიზოლაციისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მძიმე გამოწვევების წინაშე დგანან და დამხმარე სერვისებს საჭიროებენ. პლატფორმის განცხადებით, ასე გამოვლინდება ქალების საჭიროებები და მათ გადაწყვეტაზეც დაიწყება მუშაობა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, პროფესიული გაერთიანება - სოლიდარობის ქსელი შრომის უფლებაწართმეულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაგიწევთ. 

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) ასევე, უფასო, პროფესიონალური ფსიქოსოციალური დახმარების სერვისს სთავაზობს ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებს, რომელთაც, ეპიდემიის გავრცელების შედეგად, აღენიშნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ან იმყოფებიან ძალადობის რისკის ქვეშ, ჩვენი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები გაუწევენ ონლაინ და სატელეფონო მომსახურებას. 

ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისს გთავაზობთ, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. ცენტრის ფსიქოლოგები ყოველდღე, საღამოს საათებს გაატარებენ თქვენთან. პანდემიის პერიოდში, სექტორი 3-ის თანაორგანიზებით, განხორციელდა ინიციატივა მადლიერების ტაში. საკუთარი სახლის, კორპუსის აივანზე გამოსულმა მოსახლეობამ სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერება ტაშით გამოხატა. სექტორი 3 არაერთი საინტერესო აქტივობის ავტორია.

პლატფორმა სალამ გეგმავს ქვემო ქართლის მრავალფეროვნების საჩვენებლად და ტურისტული პოტენციალის მხარდასაჭერად დაიწყოს კამპანია #აღმოაჩინექვემოქართლი და ჩამოაყალიბოს ვირტუალური ადგილობრივი გიდი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და ადგილობრივმა დონორმა ორგანიზაციებმა კრიზისის დასაძლევად სწრაფი რეაგირების გრანტები გამოაცხადეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოქალაქეების დახმარების დამატებითი შესაძლებლობები გაუჩინეს. 

მსგავსი აქტივობები გრძელდება, შესაბამისად, ეს ჩამონათვალი ვერ იქნება სრულყოფილი. ამიტომ, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენთვის ცნობილი ინიციატივების შესახებ. ერთად შევქმნათ სსო–ების ონლაინ საქმიანობის ნუსხა.

მსგავსი პოსტები