არაკომერციული სამართლის ევროპულმა ცენტრმა (ECNL) გამოქვეყნა 2021 წლის სსო მეტრის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ანგარიში. იგი აფასებს სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დამცველების და აქტივისტების საარსებო გარემოს.
რეგიონულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ომმა, მოულოდნელად შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ, პანდემიამ და რთულმა პოლიტიკურმა გარემომ. შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები მოჰყვა მათ საქმიანობას როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. ყოველივეს მიუხედავად, ზოგიერთი მიმართულებით შეიმჩნევა პოზიტიური ცვლილებებიც, როგორიცაა სახელმწიფო დაფინანსების პროცესის გაუმჯობესება სომხეთსა და უკრაინაში, ხელისუფლებასა და სსო–ებს შორის თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯები მოლდოვაში, უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების ახალი სტრატეგია.
ანგარიშში გაანალიზებულია და შეფასებულია 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა 11 ძირითადი სფეროს მიხედვით, მაგალითად გაერთიანების თავისუფლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, დაფინანსების ხელმისაწვდომობა და ა.შ. ანგარიში მოიცავს 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე პერიოდს და ეფუძნება მაისში გამოქვეყნებულ თითოეული ქვეყნის 2021 წლის ანგარიშს.
წინა ანგარიშებისგან განსხვავებით სიხალეებია 2021 წლის ანგარიშში – 10 უფლებრივ სტანდარტს დაემატა კიდევ ერთი – ციფრული უფლებების შეფასება და შეიქმნა შეფასების სისტემა. 11 უფლებრივი სტანდარტი შეფასდა 7 ქულიანი სისტემით (ყველაზე დაბალი ქულაა 1 – უკიდურესად არახელსაყრელი, ავტორიტარული გარემო, ხოლო 7 ქულა – მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო).
2021 წლის სსო მეტრის შედეგები: სამოქალაქო საზოგადოების გარემო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან ყველაზე მაღალი ქულებით შეფასდა სსო–ების საარსებო გარემო (კანონმდებლობა და პრაქტიკა) უკრაინაში, რაც განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:
გაერთიანების თავისუფლების არსებული, ხელსაყრელი პირობები;
ბიზნესსა და სსო-ებს შორის თანასწორობის უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში;
მონაწილეობის უფლების ხარისხი, რაც სსო-ებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
სსო–ებსა და ხელისუფლებას შორის კარგად განვითარებული თანამშრომლობის სისტემა.
ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა გარემო ბელორუსში, სადაც ბევრი მიმართულებით შეიზღუდა თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოებამ მძიმე დარტყმა მიიღო – დევნა, სანქციები, სსო–ების იძულებით ლიკვიდაცია და ა.შ.
ქვეყნის ანგარიშის მიმოხილვა
2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველში საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების გარემო 4.7 ქულით შეფასდა.
7 ბალიანი შეფასების სისტემით ყველაზე მაღალი ქულა გაერთიანების თავისუფლების სტანდარტმა მიიღო – 6.1. ხოლო ყველაზე მეტი პრობლემა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტის მიმართ გამოიკვეთა და შესაბასად დაბალი მაჩვენებლით შეფასდა – 3.9.
გაერთიანების თავისუფლება 6.1
თანასწორი მოპყრობა 5.6
დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა 5.6
მშვიდობიანი შეკრების უფლება 4.5
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება 4.8
გამოხატვის თავისუფლება 4.9
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება 3.9
სახელმწიფოს მიერ დაცვის ვალდებულება 4.4
სახელმწიფო მხარდაჭერა 4.2
სახელმწიფოსა და სსო–ებს შორის თანამშრომლობა 4.0
ციფრული უფლებები 4.2
გაერთიანების თავისუფლება
ჯამური ქულა: 6.1
კანონმდებლობა: 6.2
პრაქტიკა: 6.0
საქართველოში გაერთიანების თავისუფლება გარანტირებულია ყველასთვის.
თუმცა სახელმწიფომ დღემდე ვერ გააუმჯობესა სტატისტიკური მონაცემები – უცნობია რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების რაოდენობა.
სსო მეტრის მიხედვით, საქართველოში გაერთიანების თავისუფლება შეფასდა 6.1 ქულით
თანასწორი მოპყრობა
ჯამური ქულა: 5.6
კანონმდებლობა: 5.8
პრაქტიკა: 5.4
მარტივი, გამჭვირვალე, ეკონომიური, დროის დამზოგავი პროცედურებია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნესის დაარსებისა და რეგისტრაციისთვის.
თანასწორობის პრინციპი ზოგ შემთხვევაში დარღვეულია, მაგალითად დღგ–ის დაბრუნების მექანიზმი ბიზნესის წარმომადგენლებს უკეთეს პირობებს უქმნის, ვიდრე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
სსო მეტრის მიხედვით, საქართველოშის თანასწორი მოპყრობა შეფასდა 5.6 ქულით
დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა
ჯამური შეფასება: 5.6
კანონმდებლობა: 6.0
პრაქტიკა: 5.3
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ თავისუფლად მოიძიონ ფინანსები საერთაშორისო და ეროვნული დონორებისაგან. საერთაშორისო დონორები კვლავაც არიან მათი შემოსავლის ძირითადი წყარო, ხოლო სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისი და გაუმჭვირვალეა.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით დაფინანსების ხელმისაწვდომობა შეფასდა 5.6 ქულით
მშვიდობიანი შეკრების უფლება
ჯამური შეფასება: 4.5
კანონმდებლობა:5.2
პრაქტიკა: 3.9
მშვიდობიანი შეკრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. პრობლემაა დემონსტრაციების ორგანიზებაში სახელმწიფოს ჩარევა, ასევე ძალის არაპროპორციული გამოყენება და შესაბამისი გამოძიების არარსებობა. უფრო მეტიც, კანონიერი გარანტიების მიუხედავად, ლგბტქია+ აქტივისტები ამ უფლებით სარგებლობისას მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით მშვიდობიანი შეკრების უფლება შეფასდა 4.5 ქულით
გადაწყვეტილების პროცესი
ჯამური ქულა: 4.8
კანონმდებლობა: 5.2
პრაქტიკა: 4.3
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კუთხით მცირე პროგრესია საკანონმდებლო მიმართულებით.
თუმცა პრაქტიკა შემაშფოთებელია, როცა საქმე ეხება ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო თემების განხილვებში ჩართვას, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა, დაზვერვის სამსახურები და სხვა.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება შეფასდა 4.8 ქულით
გამოხატვის თავისუფლება
ჯამური ქულა: 4.9
კანონმდებლობა: 5.6
პრაქტიკა: 4.1
გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მხრივ კანონმდებლობა რეგიონში ყველაზე პროგრესულად ითვლება.
თუმცა საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები და ამ საქმეებზე შესაბამისი გამოძიების წარმოების ნაკლებობა.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება შეფასდა 4.9 ქულით
პირადი ცხოვრება
ჯამური ქულა: 3.9
კანონმდებლობა: 4.6
პრაქტიკა: 3.1
საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ძირითად გარანტიებს.
თუმცა, ეს გარანტიები ჯერ კიდევ მყიფეა და კონფიდენციალურობის უფლების პატივისცემა და სახელმწიფოს მიერ მოვალეობის განხორციელება კრიტიკას ვერ უძლებს – გაჟონილია დოკუმენტები, რომლებიც ასახავს სსო-ების და მასთან დაკავშირებული პირების უკანონო თვალთვალს.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება შეფასდა 3.9 ქულით
სახელმწიფოს მიერ დაცვა
ჯამური ქულა: 4.4
კანონმდებლობა:4.9
პრაქტიკა: 3.9
კანონმდებლობა სახელმწიფოს ავალდებულებს დაიცვას სსო-ების და მათთან დაკავშირებული პირების უფლებები. დარღვევის შემთხვევაში სსო-ებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, მიმართონ კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებს ან სასამართლოს.
თუმცა, სახელმწიფო არ ასრულებს შეკრების მონაწილეთა ფიზიკური ხელშეუხებლობის უზრუნველყოფასა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით სახელმწიფოს მიერ დაცვის ვალდებულება შეფასდა 4.4 ქულით
სახელმწიფო მხარდაჭერა
ჯამური ქულა: 4.2
კანონმდებლობა:4.4
პრაქტიკა:4.0
საქართველოს სახელმწიფო დაფინანსების მოდელი რჩება დეცენტრალიზებული და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები მრავალფეროვანია.
თუმცა, მუნიციპალიტეტები არ არიან გრანტის გამცემ სუბიქტთა სიაში.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით სახელმწიფო მხარდაჭერა შეფასდა 4.2 ქულით
სახელმწიფო და სსო–ები
ჯამური ქულა: 4.0
კანონმდებლობა:4.2
პრაქტიკა:3.9
საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პლატფორმები, რომლებიც სსო–ებთან თანამშრომლობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
მხოლოდ OGP რჩება მთავრობასა და სსო–ს შორის თანამშრომლობის მთავარ ჩარჩოდ, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტები არასრულფასოვნად ახორციელებენ სამოქმედო გეგმებს.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით სახელმწიფოსა და სსო–ებს შორის თანამშრომლობა შეფასდა 4.0 ქულით.
ციფრული უფლებები
ჯამური ქულა: 4.2
კანონმდებლობა:4.6
პრაქტიკა:3.9
საქართველოში ციფრულ სფეროში ონლაინ მომხმარებლებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი და გამოიყენონ ონლაინ პლატფორმები, რომლებიც ახორციელებენ კამპანიას სხვადასხვა საჯარო პოლიტიკის საკითხებზე. თუმცა, ეს მიღწევა დაჩრდილა ბოლოდროინდელმა ინციდენტმა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ფარული მეთვალყურეობის ამსახველი ფაილები, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერების, სსო-ს წარმომადგენლების, აქტივისტების, მღვდლების და დიპლომატების მიმართაც კი, მობილურ ტელეფონებზე თვალყურის დევნებით.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის სისტემები, მათ შორის სახის ამოცნობის სისტემები, გამოიყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ყოველგვარი საკანონმდებლო ბაზისა და მათი გამოყენების ეთიკური და ანგარიშვალდებულების სტანდარტის გარეშე.
საქართველოში სსო მეტრის მიხედვით ციფრული უფლებები შეფასდა 4.2 ქულით.