ამბროსი ხელაია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირია.
გარდა იმისა, რომ ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იყო, მისი საზოგადო მოღვაწეობა და მოქალაქეობრივი ღვაწლი ბევრად მეტს მოიცავს.
ამბროსი ხელაია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას და გეზი ევროპული განათლებისკენ ჰქონდა.
სწორედ მან მისწერა წერილი გერმანიის საელჩოს გრიგოლ ფერაძის ევროპაში სასწავლებლად გაგზავნისათვის:
‘’საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება. წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია „ოფიციალურ“ საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისაგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია, როგორც მეცნიერება, ძალიან მაღალ დონეზეა. გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს. მე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდას. ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.’’