en
ge

რა შეგვიძლია ვისწავლოთ პირველი რესპუბლიკის გამოცდილებიდან?

რა შეგვიძლია ვისწავლოთ პირველი რესპუბლიკის გამოცდილებიდან?


დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, „მემკვიდრეობით“ მიიღო, პრაქტიკულად დაშლილი და შეუმდგარი ინსტიტუტები, რომელთა ქმედუნარიანობა ძალიან დაბალი იყო. კოალიციური მთავრობა სწრაფად შეუდგა მუშაობას, იმპერიის დროს შექმნილი ინსტიტუტები სწრაფაფ დაშალა და რამდენიმე კვირაში ჩამოაყალიბა მცირე ზომის სამინისტროები.

1919 წლის განმავლობაში სამინისტროები ერთმანეთს შეუერთა და მათი რაოდენობაც შეამცირა, თუმცა ამან მართვის ხარისხი გააუარესა და 1920 წლისათვის კვლავ აღადგინა სამინისტროების პირველადი სტრუქტურა.

სამთავრობო ინსტიტუტებში თანამშრომელთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმს – კვალიფიკაცია წარმოადგენდა და პარტიული კადრებიდან მხოლოდ მინისტრები ინიშნებოდა. შესაბამისად, ხშირად დეპარტამენტის უფროსად, დიპლომატად თუ სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე უპარტიო, ან არამმართველი პარტიის წევრები ინიშნებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის გამართულ და ძლიერ სისტემაზე გააკეთეს აქცენტი. იმ დროის გავლენიანი პოლიტიკოსების შეფასებით თვითმმართველობა უნდა ქცეულიყო „სახელმწიფო სახელმწიფოში“ – ამაში გულისხმობდნენ იმ გარემოებას, რომ გარდა ცენტრალური ხელისუფლების ხელშეუვალი პრეროგატივისა (უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, ვაჭრობა და ა.შ.), ადგილებზე უნდა გადაწყვეტილიყო ბევრი საკითხი.

იმდენად მნიშვნელოვნად ითვლებოდა თვითმმართველობის რეფორმა, რომ საკანონმდებლო ორგანოს საყოველთაო არჩევნებს, წინ უსწრებდა თვითმმართველობის არჩევნები.

რეფორმის შედეგად, 1918–1920 წლებში საქართველოს 20 მაზრასა და 26 ქალაქში მოეწყო თვითმმართველობები. მათ კომპეტენციას წარმოადგენდა ადგილობრივი გადასახადების შემოღება და აკრეფა, ეკონომიკური საქმიანრობის წარმართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის მიწების განკარგვა, გზების მოვლა–პატრონობა, სკოლების (განსაკუთრებით დაწყებითის) დაარსება, საავადმოყოფებისა და ამბულატორიების მოწყობა, ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლეთა არჩევა, ადგილობრივი საპოლიციო ორგანოების ჩამოყალიბება და არჩევა.

განათლების რეფორმა

ქვეყნის მშენებლობისა და განვითარებისთვის ერთ–ერთ მთავარ საყრდენად განათლების სისტემას მიიჩნევდნენ პირველი რესპუბლიკის მესვეურები. 1918 წელს, ამ მიმართულებით, მთავარი პრობლემა სკოლების, მასწავლებლების და ქართულენოვანი სასწავლო წიგნების ნაკლებობა იყო. შეიქმნა მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები და გაძლიერდა პედაგოგიური ინსტიტუტი.

1918 წლიდან 1921 წლის დასაწყისამდე სკოლათა რაოდენობა დაახლოებით 125% გაიზარდა, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა 110%. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ღარიბი მოსწავლეები უზრუნველყო წიგნებითა და ტანსაცმლით. პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება გეგმავდა, რომ 1924 წლისათვის საქართველოს ყველა მოქალაქეს სცოდნობა წერა–კითხვა.

მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გამოინახა რესურსები, რათა 100–ზე მეტ ნიჭიერ მეცნიერს და ხელოვანს ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტბში გაეგრძელებინა სწავლება.

პირველი რესპუბლიკის მმართველობის დროს შეიქმნა პროფესიული კურსები და სასწავლებლები, სასოფლო ბიბლიოთეკების ქსელი, გაძლიერდა არაფორმალური განათლების კერები სახალხო უნივერსიტეტების სახით.

აგრარული რეფორმა 

აგრარული რეფორმის ფარგლებში, პირველ რიგში ახომვა–აღრიცხვა და მაზრების მიხედვით საკადასტრო სტატისტიკა შედგა. მეორე ეტაპზე, რეფორმის დებულებაში გათვალისწინებულ თითოეულ ოჯახზე კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო მიწის ზედა მარჟაზე მეტი (რეგიონების მიხედვით 5-დან 11 ჰექტრამდე მერყეობდა) ქონება კერძო და იურიდიულ პირებს ჩამოერთვა და მიწის ერთიან ფონდში ჩაირიცხა. 1919 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ჩამორთმეული მიწებისაგან შემდგარი საერთო მიწის ფონდის განაწილება გლეხებზე, რომლებიც მოსახლეობის 80%-ს შეადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ 1918 წლისათვის მათი მხოლოდ 20% ფლობდა მეურნეობისათვის საკმარის მიწის ნაკვეთებს. აქამდე სრულიად უქონელი გლეხმა სიმბოლურ ფასად მიიღო მიწის ნაკვეთი, რომელიც სრულებით საკმარისი იყო მისი ოჯახის უზრუნველყოფისათვის.

სასამართლო რეფორმა 

დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ 1918 წლიდან დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობა. მისი პირველი ტალღა ითვალისწინებდა სასამართლოს დემოკრატიზაციას. შემოიღეს მომრიგებელ მოსამართლეთა განახლებული დემოკრატიული ინსტიტუტი, მათ ღია კონკურსით, თვითმმართველობები ირჩევდნენ და მათი ფუნქცია კერძო დავების მოგვარება იყო.

რეფორმის მეორე ეტაპზე შემოიღეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში რიგითი მოქალაქეების უშუალოდ ჩაერთვნენ. სასამართლო რეფორმის ბოლო, მესამე ტალღა, მთლიანი სისტემის რეფორმირებას გულისხმობდა. 1919 წელს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა კანონი, რომელიც მართლმსაჯულების უზენაესი ორგანოს სენატის შექმნას ითვალისწინებდა.

სენატი იყო სასამართლო სისტემის უმაღლესი რგოლი, რომელიც შედგებოდა დამფუძნებელი კრების მიერ გამჭვირვალე და ღია კონკურსით შერჩეული და დამტკიცებული წევრებისაგან. 1919 წლის ოქტომბერში სენატი სრულად დაკომპლექტდა. სენატის წევრებს დამფუძნებელი კრება ამტკიცებდა.

საინტერესოა, რომ მაშინ, როცა დამფუძნებელი კრების მანდატების 80%-ზე მეტი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა, მმართველ ძალას არც კი უცდია პოლიტიკურად მათდამი ლოიალური კანიდატები აერჩია. პირიქითაც კი მოხდა, არჩეულ წევრთაგან რამდენიმე, ოპოზიციური პარტიების წევრები იყვნენ. სენატი თავისი 16 თვიანი არსებობის პირობებში არასდროს გამხდარა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. პირიქით, სენატორთა მაღალკვალიფიციურობიდან და კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე ეს ინსტიტუტი საზოგადოების ნდობას სრულად იმსახურებდა.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ყველა რეფორმა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მმართველობის დროს დაიგეგმა და განხორციელდა, მუდმივი საომარი მოქმედებების პირობებში მიმდინარეობდა, ყველა რეფორმა პრაქტიკულად 33 თვის განმავლობაში გატარდა.

რეფორმების არცთუ უმნიშვნელო წარმატების მთავარი მიზეზი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის ერთიანობა, პროცესში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და რუსული იმპერიის დანატოვარი მახინჯი სისტემის კარგად გააზრებული გარდაქმნის საჭიროება იყო. 


მასალა ეფუძნება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პუბლიკაციას, სრულად... 


მსგავსი პოსტები