#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია
ნანა იაშვილი – ორგანიზაცია ‘ბავშვი და გარემოს’ დამფუძნებელი
‘ყველაფერი დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენთან აირია სიტუაცია და ქუჩაში პირველად გამოჩდნენ ბავშვები. ეს იყო ჩვენთვის, ყველასთვის შოკი, იმიტომ რომ, მანამდე, საქართველოში, ქუჩის ბავშვები - როგორც ასეთი, არ არსებობდნენ. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ბავშვებმა ჯგუფ-ჯგუფად ქურდობა და მათხოვრობა.
აი მაშინ, მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ რამე გაგვეკეთებინა, რომ ეს ბავშვები ასე უპატრონოდ და უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა ქუჩაში.
დავიწყეთ მოხალისეობა. მე ვესაუბრე ჩემს მეგობრებს, ჩემი და ესაუბრა თავისებს, და ასე შევიკრიბეთ 15-მდე კაცი.
პირველი ქუჩაში მყოფი ბავშვი ვნახე ჩემს სახლთან, ქაშუეთის ეკლესიასთან. შევამჩნიე, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსად მიდიოდა, მივედი, გავეცანი და ასე დაიწყო ისტორია.
ამ ბავშვმა მოიყვანა სხვა ბავშვები, სხვებმა კიდევ სხვები და გაფართოვდა ჩვენი წრე.
ნელ-ნელა გავარკვიეთ, რომ ამ ბავშვებს ძალიან შიათ, რომ აქვთ სამედიცინო პრობლემები, რომ სჭირდებათ სიყვარული ყველაზე მეტად. დავიწყეთ მეგობრებში ექიმების და საჭირო პერსონალის მოკვლევა, ვაგროვებდით ტანსაცმელებს, სახლიდან მოგვქონდა საჭმელი. და აი ასე, აგორდა ეს ყველაფერი და სადღაც, 1 წლის თავზე, თბილისში, სამ პარკში, უკვე არსებობდა სამი პუნქტი, სადაც ყოველდღიურად 100-მდე ბავშვი მოდიოდა და ჩვენ სამსახურის შემდეგ ვხვდებოდით მათ.
ასე გრძელდებოდა ჩვენი მოხალისეობა 2 წლის განმავლობაში. წლის ბოლოს უკვე მივხვდით, რომ პირადი რესურსებით ამდენი ბავშვის დახმარებას ვეღარ გავწვდებოდით. სწორედ, საჭირო დროს, ევროკავშირის პროგრამის - ‘ტასისის’ ფარგლებში, ჩვენს მიერ წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა, რის შედეგადაც ჩვენს საქმიანობას სისტემური სახე მიეცა. გავაკეთეთ მობილური სამსახური და ერთი სადღეღამისო ცენტრი, ბავშვებს ღამე გარეთ რომ არ გაეთენებინათ.
98 წელს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია გახდა UNICEF, რომელთანაც 8 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. პარალელურად, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია გვეხმარებოდა. შედეგად, გავხსენით ინტეგრირებული საბავშვო ბაღები შშმ ბავშვებისთვის, რომელიც იმ დროისთვის, ინოვაციური იყო.
2004 წელს დავიწყეთ 5 წლიანი პროექტი ‘USAID’-თან ერთად, რომელმაც მოგვცა საშუალება რუსთავშიც გაგვეხსნა ცენტრი, სადაც მთელი ქვემო ქართლიდან თავს იყრიდნენ ბავშვები.
ამ პერიოდისთვის ჩვენი ცენტრები მუშაობდა თბილისში, ჭიათურასა და რუსთავში.
და, ეს პროექტიც დამთავრდა და რაღაც დროით ეს ყველაფერი გაჩერდა. ეს იყო ჩემი არსებობის ყველაზე მძიმე პერიოდი. მე ვხედავდი, რომ ყველაფერი, რაც ამდენი წელიწადი ნელ-ნელა ვაშენეთ, ინგრეოდა.
მაგრამ, 2013 წლიდან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუდმივი მოლაპარაკების შედეგად, ეს ყველაფერი თავიდან დავიწყეთ და მალევე ჩვენს საქმიანობას კიდევ 2 ბავშვთა სახლი შეემატა.
დღეისათვის ორგანიზაციას აქვს 7 სხვადასხვა სამსახური, ეს არის მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო ცენტრი ‘ბეღურები,’ შშმ ბავშვებისთვის - ცენტრი ‘იმედი,’ ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი ნორიოსა და რუსთავში, და სამი ცენტრი თბილისში, ჭიათურასა და რუსთავში. ასევე, 1 თვეა, რაც თავიდან ავამუშავეთ მობილური სამსახური.
საერთო ჯამში დღეს ამ პროგრამებში 200-მდე ბავშვია ჩართული, თუმცა, ცხადია ამით არ ვჩერდებით.
ესაა ის საქმე, რასაც ჩემი ცხოვრება და ენერგია მივუძღვენი, და უბედნიერესი ადამიანი ვარ, როცა ვხედავ, რომ ამ პროგრამის წყალობით, ძალიან ბევრი ბავშვი სწორ გზაზე დადგა და დღეს ისინი საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებული და რეალიზებულები არიან.’