„ბავშვები არ არიან ამომრჩევლები, ამიტომ მათ კეთილგანწყობაზე არავინ ზრუნავს", - ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) აღმასრულებელი დირექტორი, უფლებადამცველი, ანა არგანაშვილი, რომელთან ინტერვიუც ბავშვთა მიმართ ძალადობის კომპლექსური მიზეზების, ბავშვთა დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზებისა და ამ საკითხების მოგვარებაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების გავლენის დონის შესახებ ჩავწერეთ.
ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე
რა შეგიძლიათ თქვათ, რა ძირითადი მიზეზები უშლის ხელს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას?
ანა არაგანაშვილი – სამწუხაროდ, ეს მიზეზები კომპლექსურია: შესაბამისი პოლიტიკის არარსებობა, არასრულფასოვანი კანონმდებლობა და ხარვეზები მის აღსრულებაში, პროფესიონალების ნაკლებობა, არასაკმარისი მონიტორინგი და ა.შ.
საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების ეროვნული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელშიც ბავშვთა უფლებები და მათ მიმართ ძალადობის აკრძალვა ფორმალურადაა გაწერილი. ბავშვთა უფლებების ნაწილში, ეს სამოქმედო გეგმა, ფაქტობრივად, არ სრულდება. გვაქვს, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება და დღის წესრიგი, რომელშიც, ასევე, წერია, რომ ქვეყანაში ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმა უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ, ბავშვთა უფლებების მიმართულებით, არც ეს გეგმა სრულდება. პოლიტიკის ეს დოკუმენტები - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ბავშვებისთვის, რეალურად, შეუსრულებელია.
მაგალითად, მთელ მსოფლიოში, უკვე საკანონმდებლო დონეზეა აღიარებული, რომ ბავშვის სხეულებრივი დასჯა აკრძალულია - ჩვენ კანონმდებლობაში ეს ჯერ კიდევ არ არის ასახული, თუმცა, ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა აკრძალულია.
კანონმდებლობის სერიოზული ხარვეზია ისიც, რომ თავად ბავშვი ვერ მიმართავს დამოუკიდებლად სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად ან იმ პირის წინააღმდეგ, ვინც მასზე იძალადა. ჩვენ, ბავშვთა უფლებადამცველები, ვამბობთ რომ ეს დისკრიმინაციული ხარვეზია, ვინაიდან ზრდასრულს ასეთი უფლება აქვს. ჩვენთან იგულისხმება რომ მშობელი, სახელმწიფო იმდენად კარგად იცავენ ბავშვს, რომ მას სასამართლოსთვის დამოუკიდებელი მიმართვის შესაძლებლობა აღარ სჭირდება, რაც არასწორია. ხშირია შემთხვევა, როდესაც თავად მშობელი ძალადობს ბავშვზე. სოციალური სამსახური კი, სხვადასხვა მიზეზების გამო, მას ვერ იცავს და, შესაბამისად, პროცესში ვეღარც ჩვენ - ბავშვთა უფლებადამცველები ვერთვებით.
ზოგადად, ქვეყანაში გვაქვს ბავშვთა დაცვის ძალიან სუსტი სისტემა, ძალიან სუსტი სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელშიც დასაქმებული სოციალური მუშაკების 90%, დღეს, გაფიცვისთვის ემზადება; ფაქტიურად, არ გვყავს ფსიქოლოგები - მთელი საქართველოს მასშტაბით, ათი ფსიქოლოგია ბავშვთა დაცვის სახელმწიფო სამსახურში, რაც ქვეყანაში მცხოვრებ მილიონამდე ბავშვს ვერ გასწვდება.
რაც შეეხება მონიტორინგს, ეს მექანიზმი აქვს მხოლოდ სახალხო დამცველს, მისი გამოყენებისას, ხშირად ექმნება ბარიერები. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია, რომ ე.წ. „ჩრდილოვან" ბავშვთა სახლებში - ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო პირების, რელიგიური კონფესიების მიერ შექმნილ ინსტიტუციებში, სახალხო დამცველი ვერ შედის. შარშან შემოდგომაზე რელიგიური სახლების წარმომადგენლებმა უარი უთხრეს ომბუდსმენის მონიტორინგის მექანიზმს ბავშვებთან ინდივიდუალურ გასაუბრებაზე.
შეჯამების სახით, თუ პოლიტიკაში, კანონმდებლობაში, ცნობიერებასა და მონიტორინგის მექანიზმში გვაქვს ხარვეზები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განაპირობებს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მძიმე ფორმებს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს დღის წესრიგში ბავშვთა უფლებებმა ჯერ ადგილი ვერ მოიპოვა. მუდმივად გვაქვს ისეთი განცდა, რომ ხელისუფლებებისთვის ყველა სხვა პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია. საკითხი, მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ტრაგედია ხდება, თუმცა, ესეც არ აღმოჩნდება ხოლმე საკმარისი, თემასთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმის დასაწყებად.
რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვებზე ძალადობის პრევენციისთვის და რა დახმარებას, რა სერვისებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს?
ანა არგანაშვილი – პრევენციის მიზნით, დღეს არაფერი ხორციელდება. გარდა იმისა რომ მოძალადე გაჰყავთ ან აკავებენ, ხანდახან, გაფრთხილებითაც შემოიფარგლებიან. ბავშვებს არა აქვთ ცხელი ხაზი, რომ, ძალადობის შემთხვევაში, დარეკონ, 18:00 საათის შემდეგ, ჯანდაცვის ცხელი ხაზი - 15 05 აღარ მუშაობს.
სახელმწიფო მინიმალურ დახმარებას უწევს ძალადობაგამოვლილ ბავშვებს - ინციდენტის დროს, ადგილიდან გაჰყავს, მისი შემდეგი რეაბილიტაცია კი, უზრუნველყოფილი არ არის. მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ რეაბილიტაციის სერვისები, ისიც - ფრაგმენტულად. მათთვის განსაზღვრული არ არის არც სრულფასოვანი დიაგნოსტიკის, არც მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურება. ძალადობის შემდეგ, ბავშვები რჩებიან ყოველგვარი სერვისის გარეშე, მაშინ, როდესაც ძალადობა, ტრავმა მძიმე გავლენას ახდენს მათზე, უნგრევს მომავალს.
ინტერვიუს დასაწყისში, ბავშვის სხეულებრივი დასჯის, როგორც ძალადობის ერთ-ერთი სახის შესახებ საუბრობდით. საქართველოში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა მისაღებია არა მხოლოდ მშობლების, არამედ, აღმზრდელთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს?
ანა არგანაშვილი – პროფესიონალების ცოდნისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ძირითადად, სახელმწიფოს ტვირთია. სახელმწიფოს მხრიდან კი, დღემდე, ერთი კამპანიაც არ ჩატარებულა, რომელიც იტყოდა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა მიუღებელია. სულ მცირე, „პოზიტიური აღზრდის მეთოდებიც" კი არ ისწავლება - მშობლებმა ხშირად არ იციან როგორ აღზარდონ შვილები არაძალადობრივი მეთოდებით, ეს ცოდნა არ აქვთ არც სფეროს მუშაკებს.
პარალელურად, ჩვენ - საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ეკლესიამ, მოსახლეობამ, ერთად უნდა დავიკავოთ საჭირო პოზიცია. თუკი ვხედავთ, რომ ჩვენ მეზობლად ბავშვი მუდმივად ტირის და მასზე ძალადობენ, აუცილებლად უნდა შევატყობინოთ სახელმწიფო უწყებებს. ასეთ ვითარებაში, ჩვენი დროული ჩარევა, ერთი სიტყვა, შეიძლება, ბავშვისთვის გადარჩენის ტოლფასი იყოს. საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა, მხარდაჭერა და ზედამხედველობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რამდენად ეფექტურია საქმეში სახელმწიფო უწყებების ჩართვა? „გაეროს ბავშვთა ფონდის” კვლევამ, მაგალითად, აჩვენა, რომ „ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების - მასწავლებლების, მანდატურების, სოციალური მუშაკების 60%-ის აზრით, ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები მასში არ უნდა ერეოდნენ"...
ანა არგანაშვილი – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა და მან გარკვეულწილად იმუშავა. არიან სპეციალისტები, რომლებიც ამ მოვალეობას ასრულებენ. მაგალითად, შსს-ში შექმნილია ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი და ძალიან აქტიურად გვეხმარებიან. კანონმდებლობაში ცალსახად წერია, რომ ოჯახში ძალადობა არ არის ოჯახის საქმე და, თუ „პროფესიონალი" ასე ფიქრობს, ე.ი. სისტემური პრობლემა გვაქვს და გამოწვევას ამ სისტემის თანამშრომლების მომზადების დონე წარმოადგენს.
სამწუხაროდ, უმაღლეს სასწავლებლებში, იურისტებს ბავშვთა უფლებებს ცალკე არ ასწავლიან. შესაბამისად, იურისტი, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს და ბავშვთა უფლებები არ იცის, ძალადობისგან ბავშვების დაცვის სფეროში სუსტი იქნება. ბავშვთა უფლებებს არც სამედიცინო სფეროს მომავალ წარმომადგენლებს და არც ფსიქოლოგებს ასწავლიან. იმ კვლევის შედეგები, რომელიც მოიყვანეთ, პირდაპირ გვეუბნება, რომ, პირველ ყოვლისა, უნდა შევცვალოთ კადრების მომზადების პრინციპები, კვალიფიკაციის ჩარჩო, რათა ნათლად იყოს გაწერილი სოციალური მუშაკებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა პროფესიის ადამიანების ვალდებულებები, მათ შორის, ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესაძლებლობების ცოდნა და ამ ცოდნის შემოწმების კრიტერიუმები.
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს, ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში, სოციალური მუშაკები ასრულებენ. როგორ ფიქრობთ, სათანადო ცოდნის არქონის გარდა, მათ, პროფესიული ხასიათის, სხვა რა პრობლემები აქვთ?
ანა არგანაშვილი – დღეს, სამწუხაროდ, როგორი კომპეტენტურიც უნდა იყოს, სოციალური მუშაკი თავის უფლება-მოვალეობებს ჯეროვნად ვერ განახორციელებს. იმ სისტემაში, რომელიც მას არ აძლევს ტრანსპორტის ფულს, რომ ბავშვი, საჭიროებისამებრ, მოინახულოს და არ აღჭურავს ადეკვატური სამართლებრივი ინსტრუმენტებით, ეფექტურობაზე საუბარი ზედმეტია. ამჟამად, ჩვენ კონკრეტული სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერების იმედზე ვართ. ამ დროს, სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ გამოუცდელ და გამოცდილ მუშაკს ერთნაირად ეხმარებოდეს შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას.
ამასთან, სოციალური მუშაკები საოცრად გადატვირთულები არიან, თითოეულს 150, 200 საქმე აბარია და ყველაზე ეფექტურ რეაგირებას, ბუნებრივად ვერ მოახდენს, ფიზიკურად, ვერ ჩაატარებენ რვა შეხვედრას ერთ საქმესთან დაკავშირებით, როგორც ამას პრაქტიკა მოითხოვს. ყველაფერი ეს, იმ ფონზე, რომ, ვიცით, ბავშვზე ძალადობა დაფარული ფენომენია და ერთხელ მისვლით მისი აღმოჩენა წარმოუდგენელია.
სოციალური მუშაკებისთვის არ შექმნილა საკმარისი რაოდენობის პროფესიული სახელმძღვანელო, აქვთ ძალზე არაეფექტური შიდა ზედამხედველობის სისტემა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ, თუკი ერთ სოციალურ მუშაკს რამე გამორჩა, მეორე ან მესამე მას გადაამოწმებს, ასევე, ძალიან სუსტია რეგიონალური საბჭოები, სადაც მსგავს საქმეებს განიხილავენ.
ჩვენ შარშან გვქონდა პრეცედენტული შემთხვევა - ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნა გავასაჩივრეთ. აქამდე, შესაბამისი უწყებებისთვის, მსგავსი საჩივრით არავის მიუმართავს, ასეთი დასკვნები, საერთოდ, არ საჩივრდება. გაუმჯობესების რა მოლოდინები უნდა გვქონდეს იქ, სადაც საზოგადოებრივი კონტროლი არ მუშაობს და ქმედითი მონიტორინგის განხორციელებას ჩვენნაირი ბავშვთა უფლებადამცველებიც კი ვერ ახერხებენ?
საერთოდ, რა გავლენა აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროზე?
ანა არგანაშვილი – როდესაც ბავშვთა უფლებების სფეროში მუშაობ, გიწევს, იყო ძალიან რადიკალური. ამ სფეროში არ შეიძლება კომპრომისები. ეს არ არის შენი ინტერესი, რომლის დათმობაც შეგიძლია. ეს ბავშვის ინტერესია. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს ვითხოვთ და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი როლი - ბავშვთა უფლებების უმაღლესი სტანდარტის მოთხოვნა. ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ნებისმიერი სახის ძალადობისგან.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გავლენა და როლი არის ის, რომ საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იყოს მიმდინარე პროცესების თაობაზე. ამ კუთხით ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ და, ვფიქრობ, გავლენაც გვაქვს. რამდენიმე წლის წინათ, კიდევ უფრო მეტი სიჩუმე იყო ბავშვთა უფლებების სფეროში. ახლა კი, ბოლო პროცესებს რომ შევხედოთ, - სოციალური მუშაკები აპროტესტებენ სისტემურ ხარვეზებს, სისტემას, სადაც ჯეროვნად ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ეს, ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერის შედეგიც არის. ისინი ხვდებიან, ჩვენ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გვინდა რეფორმა, რომ სისტემას ჰქონდეს არაკეთილსინდისიერი თანამშრომლის გადამოწმების შესაძლებლობა, იყოს კარგი ზედამხედველობა, გამართული პროტოკოლი, არსებობდეს სივრცეები, სადაც სოციალური მუშაკები ბავშვებს პირისპირ, ინდივიდუალურად გაესაუბრებიან...
აი, ამისთვის ვიბრძვით ბავშვთა უფლებადამცველები და გვგონია, რომ რეალობას უკეთესობისკენ ნამდვილად შევცვლით. გვგონია, რომ ერთ დღეს ბავშვთა უფლებები იქნება უპირველესი პრიორიტეტი. ისე, როგორც, მაგალითად, ნორვეგიაში, სადაც პრემიერ-მინისტრს ბავშვთა ძალადობისგან დაცვა პრიორიტეტად აქვს გამოტანილი.
კრიზისის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ, დიდები ძალიან ხშირად ვჩაგრავთ ბავშვებს. არ ვუსმენთ, არ ვეკითხებით აზრს. მთავრობას არ ეშინია, რომ ისინი გაიფიცებიან, ბავშვები არ არიან ამომრჩევლები, ამიტომ მათ კეთილგანწყობაზე არავინ ზრუნავს. მშობლები ხშირად ვფიქრობთ, რომ შვილი ჩვენი საკუთრებაა და, რადგან ჩვენ გავაჩინეთ, როგორც გვინდა, ისე მოვექცევით. მასწავლებლები და ყველა სხვა პროფესიის ადამიანები ფიქრობენ, რომ პირობები არა აქვთ და ვერ ასწავლიან კარგად ან თვითონაც მოწყვლადები არიან...
ამ გარემოებებში ბავშვთა უფლებები მივიწყებულია, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია და ჩვენ და თვითონ ბავშვები ამას შევცვლით.