en
ge

ვინ როგორ ხვდება ახალ წელს?

ვინ როგორ ხვდება ახალ წელს?

ახალი წლის აღნიშვნა და საახალწლო დღესასწაულები ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა. ქრისტიანულ ქვეყნებში ახალი წლის აღნიშვნა მჭიდროდ არის დაკავშირებული შობის დღესასწაულთან, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა.

პრე-ქრისტიანულ ერაში სხვადასხვა ხალხები ახალ წელს წელიწადის სხვადასხვა პერიოდში აღნიშნავდნენ. დროთა განმავლობაში ქრისტიანული კალენდარი და რიტუალები, ძველ, წარმართულ ტრადიციებს შეერწყა. მაგალითად გერმანული ღმერთი ვოდანი, ქრისტიანი წმინდანით - წმინდა ნიკოლოზით ჩანაცვლდა, რომელიც თავის მხრივ, თანამედროვე სანტა კლაუსად იქცა; ხოლო სიცოცხლის ხე, რომელიც უამრავ წარმართულ კულტურაში (მათ შორის ქართულშიც) არსებობდა - სამოთხის ხე გახდა. მას შემდეგ რაც გადმოცემის თანახმად, მე-16 საუკუნეში, გერმანელმა რეფორმატორმა - მარტინ ლუთერმა ნაძვი სანთლებით მორთო, დღევანდელი საახალწლო ნაძვის ხე მივიღეთ.

საქართველოში ახალ წელს შუა საუკუნეებში ზაფხულში, მოგვიანებით შემოდგომაზე აღნიშნავდნენ. მე-14 საუკუნიდან კი ევროპელთა მსგავსად იანვარში დაიწყეს აღნიშვნა. გამორჩეულია, ჩიჩილაკის ტრადიცია, რომელიც წარმართულ ღვთაება ბასილას უკავშირდება, სახელის მსგავსების გამო ქრისტიანულ ეპოქაში წმ. ბასილ დიდად გარდაიქმნა. დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში, იმერეთში და სამეგრელოში - ჩიჩილაკი დღესაც პოპულარულია და „ბასილას წვერს“ განასახიერებს.

საქართველოში თანამედროვე, ევროპული ნაძვის ხე და ახალი წლის შეხვედრის წესი XIX-XX საუკუნეებიდან გახდა პოპულარული. წარმართული დროიდან შემორჩენილი ტრადიციებიდან, საქართველოში დღეს ყველაზე პოპულარული მეკვლეს ტრადიციაა, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც ეს ტრადიციაა მხოლოდ ქართული და გეოგრაფიულად ისეთ შორეულ ქვეყანაში მეორდება, როგორიც შოტლანდიაა.

შოტლანდიელი „მეკვლეც“ ჩვენის მსგავსად განასახიერებს ადამიანს, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შედის ოჯახში სტუმრად, მიაქვს საჩუქარი და მოვალეა „ბედნიერი ფეხით“ ოჯახს ბედნიერება მოუტანოს.

როგორც ვხედავთ, გეო-პოლიტიკური სირთულეების და მანძილის მიუხედავად, საქართველო სადღესასწაულო ტრადიციების დონეზეც კი ყოველთვის ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს ევროპასთან და დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახლდათ.

მსგავსი პოსტები