en
ge

სახელმწიფო გრანტები - რას გვაჩვენებს კვლევები

სახელმწიფო გრანტები - რას გვაჩვენებს კვლევები

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში, 2019 და 2020 წლებში, სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის მიზნით, მცირე გრანტები გასცა. ამ პროექტის მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ები) გაძლიერება, მათი სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაა, ერთ-ერთი ამოცანა კი - სსო-ებისთვის სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების არსებული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს გულისხმობს. 

ორი წლის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ 2016 („მწვანე კავკასია“), 2017 („დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“), 2018 („დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“) და 2019 („საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“) წლებში სახელმწიფო გრანტების გაცემის არსებული პრაქტიკა შეისწავლეს - გრანტის გაცემის დაგეგმვა; გრანტის გაცემის პროცესი; გაცემული გრანტის მონიტორინგი და შეფასება. იქამდე, ვიდრე კვლევების შედეგად გაკეთებული დასკვნებსა და რეკომენდაციების შესახებ ვისაუბრებთ, შეგახსენებთ საჯარო ინსტიტუტებს, რომლებმაც საკვლევ პერიოდში სახელმწიფო გრანტები გასცეს, ასევე - მათ მიერ გაცემული საგრანტო დაფინანსების ოდენობას.

 

გრანტის გამცემი ორგანიზაცია

საგრანტო ბიუჯეტი 

2016

საგრანტო ბიუჯეტი 

2017

საგრანტო ბიუჯეტი 

2018

საგრანტო ბიუჯეტი 

2019

იუსტიციის სამინისტრო

312,382

163,882

180,000

48,548

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

1,130,405

2,083,551

2,204,769

2,380,352.7

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო


600,000


590,000


650,000


700,000

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი





350,000

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA

14,000

8,600

39,283

33,157.9

საერთაშორისო საგანმანათლებლო       ცენტრი




150,000

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

2,082,506

2,399,014

2,381,571

2,352,305

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა  და სპორტის სამინისტრო



9,152


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი


276,090

281,999

185,444

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი (მიზნობრივი სუბსიდია)

1,049,967

743,837



სულ

5,189,260

6,264,974

5,746,774

6,199,808

მივუბრუნდეთ კვლევების შედეგად გაკეთებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

„პროგრამების შემუშავების პროცესი არ ეფუძნება არსებული პრობლემების სიღრმისეულ შეფასებას და საჭიროებს ანალიზს; ამ პროცესში არ ჩანს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა; ინსტიტუციების ნაწილს დადგენილი არ აქვს გასაჩივრების უფლება და შესაბამისი პროცედურები; ზოგჯერ, მეტისმეტად არის გართულებული ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნები; ზოგადია ან საერთოდ არ არსებობს საქმიანობის ეფექტურობის მონიტორინგისა და შეფასების პროცედურები; საკმაოდ დაბალია საზოგადოების ინფორმირების ხარისხი, პროგრამებისა და ცალკეული გრანტების შესახებ; არ ხდება პროგრამის განხორციელებისას მიღებული შედეგების ანალიზის გათვალისწინება შემდეგი წლის საგრანტო პროგრამების დაგეგმვისას“, - ეს გახლავთ იმ უარყოფითი მხარეების მოკლე ჩამონათვალი, რომელიც კვლევებით გამოიკვეთა. 

„საჯარო დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემის პრაქტიკის შესწავლისას, ვერ მოხერხდა საგრანტო პროგრამით განსაზღვრული აქტუალური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის საჭიროებებისა და მიმართულებების ემპირიული საფუძვლის დასაბუთება სხვადასხვა კვლევითა და წყაროთი; საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა საგრანტო განაცხადების შეფასების ეტაპზე; შეფასების სისტემები საჭიროებს დამატებით ნარატიულ განმარტებას, რათა შეფასების შედეგი უფრო გაზომვადი და განჭვრეტადი გახდეს; უმეტესად, საჯარო ინსტიტუტები თავად ახდენენ ფინანსური ანგარიშების კონტროლს და ამოწმებენ პროექტის თანხების მიზნობრივ ხარჯვას; საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ განხორციელებული ეფექტურობის შეფასების ფართომასშტაბიანი კვლევა“, - ეს კვლევების დროს გაკეთებული მიგნებების ნაწილი გახლავთ. 

კვლევების პროცესში დაფიქსირებულ პრობლემებსა და გაკეთებულ ძირითად მიგნებებზე დაყრდნობით, საჯარო ინსტიტუტებისა და პროცესში ჩართული სსიპ-ების გამოცდილების გათვალისწინებით, გამოიკვეთა რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება, პროცესში ჩართული მონაწილეების აზრით, ხელს შეუწყობს ადმინისტრირების პროცესის, ხარისხის, სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. კერძოდ: 

  • ღრმა და ყოვლისმომცველი ემპირიული კვლევითი მიმართულების გაძლიერება და მისი შედეგებით გამყარებული საგრანტო პროგრამის ძირითადი მიმართულებებისა თუ პრიორიტეტების განსაზღვრა; 
  • საგრანტო პროგრამის შემუშავებისას მონაწილეობითი მექანიზმის შექმნა სექტორის ექსპერტებისა და პოტენციური მოსარგებლეებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორში არსებული ცოდნის გაზიარებას და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობას საგრანტო მიმართულებების სწორად განსაზღვრის პროცესში; 
  • თვითმმართველობებისთვის საგრანტო დაფინანსების გაცემის უფლების მინიჭება; 
  • გრანტის შესახებ ინფორმაციის გამოცხადების პროცესში, გარდა ონლაინ მედია საშუალებებისა, საჯარო პრეზენტაციის ორგანიზება და დაინტერესებული მხარეებისთვის კონსულტაციის სხვადასხვა ფორმატის განსაზღვრა გრანტის გაცემის წესის მიხედვით; 
  • კონკურსში მონაწილე ორგანიზაციების კომპეტენციებისა და შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით, გრანტის გამცემი საჯარო დაწესებულების მიერ, მათი სტანდარტების შესაბამისად, დამატებითი ტრენინგების ორგანიზება პროექტის წერასა და ბიუჯეტირებაში; 
  • განაცხადების მიღების ელექტრონული სისტემების დანერგვა და/ან გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ეფექტურ და სწრაფ წარმართვას; 
  • საგრანტო განაცხადების შეფასების მექანიზმების გაუმჯობესება. ქულათა სისტემის ან სხვა გაზომვადი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება; გარდა რაოდენობრივი შეფასებისა, შინაარსობრივი შეფასების შემოღება/გაუმჯობესება; 
  • საგრანტო განაცხადების შემფასებელი კომისიის შემადგენლობაში სამოქალაქო სექტორისა და შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართულობის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • გასაჩივრების მექანიზმის გაუმჯობესება პროცედურების გამარტივებისა და გასაჩივრების ვადების შემცირების გზით; 
  • ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების მექანიზმის გაძლიერება, მათ შორის, შემფასებელი კომისიის შემადგენლობის საჯაროდ გამოქვეყნება, საკონკურსო პროცესის დასრულების შემდგომ; 
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და თითოეული ინსტიტუტის მიერ გაცემული გრანტების შესახებ უწყების ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს #219 დადგენილების შესაბამისად;
  • საგრანტო პროგრამების ეფექტურობის შეფასების კვლევის განხორციელება; 
  • სპეციალური პლატფორმის შექმნა სახელმწიფო გრანტის გამცემი საჯარო უწყებებისათვის, პროგრამის ადმინისტრირებაში ჩართული პირებისა და მენეჯერებისათვის, გრანტის გაცემის პროცესში დაგროვებული ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

ამ რეკომენდაციების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს, მთლიანობაში კი, მათი გათვალისწინება, ერთი მხრივ, გამჭვირვალეს გახდის სახელმწიფო გრანტების გაცემის პროცესს, მეორე მხრივ - საინტერესოს, დაფინანსების ახალი შესაძლებლობის მაძიებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.     

მაკა ჯაიანი

მსგავსი პოსტები