სახელმწიფო გრანტების გაცემა და მართვა 3 ეტაპად იყოფა:
ჩვენი პუბლიკაცია სახელმწიფო გრანტების გაცემის დაგეგმვის პროცესს ეხება.
გრანტების გაცემის დაგეგმვა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლის დროსაც საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გაითვალისწინონ გრანტის გაცემის მარეგულირებელი წესი, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ ჩარჩო პირობებს კონკურსის გამოცხადებიდან გრანტის შესრულებისა და მიღება–ჩაბარების ეტაპის ჩათვლით. ასევე, გრანტის მიზნობრიობის განსაზღვრა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დაგეგმვის პროცესში.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, შეისწავლა საჯარო ინსტიტუტების მიერ გაცემული სახელმწიფო გრანტები, მათ შორის გრანტების დაგეგმვის პროცესი. ორგანიზაციის მიერ 2019 წელს საჯარო უწყებების მიერ გაცემული გრანტების შესწავლის მონაცემების მიხედვით – თითოეულ საგრანტო კონკურსისთვის განსაზღვრული იყო მიზანი, რომელიც გარკვეული პრობლემის გადაჭრას ან გარკვეული ჯგუფის ხელშეწყობას, მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.
„... თუმცა, აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსის მიზნისა და ზოგადად საჭიროების დასაბუთება ძირითად შემთხვევაში შესაბამისი კვლევითი დოკუმენტით ან მონაცემებით არ იკვეთება და არ დასტურდება“, აღნიშნულია ახალგაზრდა ეკონომისტების კვლევაში. კონკურსის მიზნობრიობის უკეთ განსაზღვრა უფრო მეტად გაამარტივებდა პრობლემის აღწერის, დასაბუთების, გარემოს შეფასების და შემდეგში საგრანტო აქტივობების გაცნობიერებულად განსაზღვრის პროცესს.
უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო უწყებას შესაბამისი დებულებით არ ეკისრება მსგავსი კვლევების ჩატარება, თუმცა კვლევითი მონაცემები უფრო ეფექტიანს გახდიდა გრანტის გამცემი ინსტიტუტისა და მიმღების თანამშრომლობას, გრანტის განხორციელების პროცესს.
როგორ ხდება გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზნის და საჭიროების შერჩევა? შესწავლილი მაგალითებით საჯარო ინსტიტუტები სხვადასხვა მიდგომას იყენებენ.
ზოგიერთი უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ: საგრანტო წესით დასაფინანსებელი ღონისძიებები შეირჩევა (...) გასული წლების პროგრამული ანგარიშების კვლევის საფუძველზე. (...) ზოგიერთ შემთხვევაში სამინისტროს საბიუჯეტო პროგრამებით განსაზღვრულია საგრანტო წესით დაფინანსებას დაქვემდებარებული მიმართულებები, (...) ან წინა წლებში გაცემული გრანტების პროგრამული ანგარიშებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების გათვალისწინებით ხდება მომდევნო საგრანტო კონკურსის შინაარსის დაგეგმვა (...) ზოგიერთი უწყების საგრანტო კონკურსის მიზანი და პრიორიტეტული მიმართულებები თითქმის უცვლელია წლების განმავლობაში, რასაც უწყების საქმიანობით და კომპეტენციის სპეციფიკით ხსნიან.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ ჩაერთონ პრობლემებისა და პრიორიტეტების გამოვლენის პროცესში, შესაბამისად მზად არიან ითანამშრომლონ სამთავრობო უწყებებთან არა მხოლოდ გრანტის მიღების შემთხვევაში, არამედ საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდეც. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სახელმწიფო გრანტების დაგეგმვის პროცესისთვის გამოვლინდა – საგრანტო საკონკურსო წინადადების მომზადებისთვის მოკლე ვადებია, უმეტესად, ორგანიზაციებს დაჩქარებულად, არაგონივრულ ვადებში უწევთ საგრანტო დოკუმენტების მომზადება– გაგზავნა. ზოგჯერ იმდენად მცირეა ვადებია, რომ გამოკითხული ორგანიზაციების თქმით, „ (...) ამ პერიოდში საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის გაკეთებაც კი ვერ ხერხდება და გამართული პროექტის მომზადება და დაწერა ასეთ მოკლე დროში საკმაოდ რთულია“.
მოამზადა: თეკლე ქაროსანიძემ