en
ge

სახიფათო ზღვარი - ადამიანის თავისუფლება და საგანგებო მდგომარეობა

სახიფათო ზღვარი - ადამიანის თავისუფლება და საგანგებო მდგომარეობა

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა საზოგადოებაში არაერთგვარვანი რეაქცია გამოიწვია. კამათი იმის შესახებ, იყო თუ არა საფრთხის შესაფერისი აკრძალვები, რომელიც ხელისუფლებამ შემოიღო, არ წყდება. ამ კონტექსტში, ყველაზე დიდი აქცენტი ადამიანის თავისუფლებისა და მისი უფლებების შეზღუდვაზე კეთდება. 

რამდენად სწორად იქცევა ხელისუფლება, ირღვევა თუ არა ჩვენი უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდის უნდა დავთმოთ თავისუფლების ნაწილი - ეს არის საკითხები, რომლის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლაზარე ჯიბლაძე მოგვიყვება. 

ესაუბრა მაკა ჯაიანი 

- სად გადის ზღვარი ადამიანის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას შორის? 

- ზღვარი ადამიანების თავისუფლებასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას შორის პირობითია, რადგან საზოგადოებას სწორედ თავისუფალი ადამიანები ქმნიან. ამიტომ, მაშინ, როცა თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გარკვეული პასუხისმგებლობა გვეკისრება, ეს ჩვენსავე თავისუფლების ფარგლებში ხდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისევე, როგორც ჭეშმარიტი თავისუფლება არ არსებობს შეზღუდვების გარეშე, ვერც პასუხისმგებლობა იარსებებს თავისუფლების გარეშე. ამიტომ, თავისუფლება მხოლოდ პასუხისმგებლიანი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი და პირიქით. 

სამართალი არ არის და არც შეიძლება იყოს იზოლირებული ადამიანების ყოფისგან, მეტიც, იგი სწორედ კულტურული და ისტორიული მოვლენაა. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული თავისუფლების შინაარსი, ამ საზოგადოებაში მცხოვრები თითოული ადამიანების ინდივიდუალური თავისუფლებიდან გამომდინარეობს და, გარკვეულწილად, მათ შორის ბალანსსაც ემსახურება. 

სამართლის არსებობის საჭიროება დგება მხოლოდ მაშინ, როცა ერთზე მეტი ადამიანის სოციალურ ურთიერთობებთან გვაქვს საქმე. კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებიც ინდივიდის უფლების დაცვას გულისხმობს არამართლზომიერი ჩარევისგან, ნებისმიერი პირის, თუ თავად სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა თავად არის თავისუფლების განუყოფელი კომპონენტი. 

- მაინც როდის არის დასაშვები ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, რა მაგალითები არსებობს ამ თვალსაზრისით? 

- ეს კითხვა სხვანაირად რომ დაგვესვა - „როდის არ იზღუდება ადამიანის თავისუფლება”, ალბათ, პასუხი ძალიან გამიჭირდებოდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, კარგად თუ დავუკვირდებით, ჩვენი თავისუფლება მუდმივად შეზღუდულია - სამართლით, მორალით, რწმენით, მსოფლმხედველობით და ა.შ. 

თავისუფლების ცნებას სხვადახვა ეპოქის მოაზროვნეები - სხვადასხვანაირად განმარტავდნენ, მაგრამ, ალბათ, ყველას გვსმენია გამონათქვამი: „შენი უფლება გაშალო მკლავი მთავრდება იქ, სადაც იწყება ჩემი ცხვირი”. სწორედ ეს მიდგომაა დღეს ყველაზე გაზიარებული. დემოკრატიულ საზოგადოებაში, თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ პირობებში, სახელმწიფოს მიერ ამ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა ყოველთვის გარკვეული მიზნიდან უნდა მომდინარეობდეს, არ უნდა იყოს თვითნებური და არ უნდა ხდებოდეს დასჯის მიზნით. 

ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტები, ადგენს ისეთ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც ან საერთოდ არ შეიძლება შეიზღუდოს (აბსოლუტური უფლებები), ან, ამისათვის აუცილებელი წინაპირობის შემთხვევაში, მათი შეზღუდვა შესაძლებელია (ჩარევას დაქვემდებარებული უფლებები). ისეთი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალი, რომელიც არასდროს ექვემდებარება ჩარევას, საკმაოდ მცირეა (წამებისა და არადამიანური მოპყრობის აკრძალვა, რწმენის თავისუფლება (forum internum)), თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა უფლებები ნაკლებად მნიშვნელოვანი ან უფრო ნაკლები ღირებულებისაა. ამის საილუსტრაციოდ, სიცოცხლის უფლებაც გამოდგება, რომლის მნიშვნელობა, ალბათ, დავას არავისთვის გამოიწვევს, თუმცა, თუკი ადამიანის წამება ყოველთვის დაუშვებელია, აუცილებელი მოგერიებით სიცოცლის ხელყოფა მართლზომიერ ქმედებას წარმოადგენს. 

როგორც ვთქვით, უფლებებისა და თავისუფლებების უმრავლესობაში ჩარევა, თავისთავად არ გულისხმობს ამ უფლების ხელყოფას. ამის მიუხედავად, ნებისმიერი მსგავსი ჩარევა, სახელმწიფოს მხრიდან, მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. მსგავსი ჩარევა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, უნდა იყოს ამ მიზნის მიღწევისთვის გამოსადეგი და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჩარევისას, ასევე, აუცილებელია პროპორციულობის დაცვა და მიზნის მისაღწევად ყველაზე ნაკლებად მტკივნეული მეთოდის გამოყენება. 

ასე რომ, თავისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩო, თავადვე ადგენს ამ თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, ოღონდ ისე, რომ მის ძირითად ღირებულებას - ადამიანის ღირსებას საფრთხე არ შეექმნას. 

- რა აჩვენა ქართულმა რეალობამ, გადაკვეთა თუ არა ხელისუფლებამ ზღვარი ახალი კორონავირუსის წინაარმდეგ ბრძოლის პირობებში? 

- ახალი კორონავირუსის - COVID19-ის პანდემია გამოწვევა აღმოჩნდა არამხოლოდ ქართული ახალგაზრდა და მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ - მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. 

ვირუსთან გამკლავებისთვის საჭირო, დღემდე ყველაზე გაზიარებული და ეფექტური მეთოდი სოციალური დისტანციაა. ამ ზომების გატარება ხელისუფლებებისთვის სპეციალური რეჟიმების დაწესებას, არასტანდარტული ღონისძიებების გატარებასა და სახელმწიფოს მართველობის არაორდინალურ განხორციელებას ნიშნავს. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის კი, ეს ყველაფერი იმ ძირითადი უფლებების შეზღუდვაში გამოიხატება, რომელიც კაცობრიობამ დიდი ხნის ბრძოლით მოიპოვა და დღეს, თითოეული ჩვენგანისთვის, ქვეყნის კონსტიტუციითა და თუ სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით არის გარანტირებული. 

საგანგებო მდგომარეობა არის განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც ქვეყნის მთავრობებს ენიჭებათ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება, რისი განხორციელების შესაძლებლობაც ჩვეულებრივ პირობებში არ აქვთ. არაერთი ქვეყნის შემდეგ, საქართველო სწორედ ასეთი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობის წინაშე დადგა, კორონავისურის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდომარეობის გამოცხადებამდე, ხელისუფლებას სოციალური დისტანციის დაცვისთვის საჭირო ზომების გატარება, დიდი ხნით ადრე, უკვე დაწყებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მარტის დასაწყსში უკვე ცხადი გახდა, რომ ადამიანების სოციალური პასუხისმგებლობა ვერ გაუმკლავდებოდა ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლას. იყო კარანტინის წესების დარღვევის, სოციალური დისტანციის წესების უგულვებელყოფის არაერთი შემთხვევა. ყველაზე ნათელი მაგალითი, ამ მხრივ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხისტი პოზიცია იყო, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდიდა განსაკუთრებული ზომების მიღებას. 

საგანგებო მდგომარებობით გათვალისწინებულმა შეზღუდვებმა, თითოეულ ჩვენგანზე მოახდინა გავლენა. შეიზღუდა ისეთი უფლებები, რომელიც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია; დაწესდა სპეციალური რეგულაციები ადამიანების თავშეყრაზე, დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, შეიზღუდა ტრანსპორტით გადაადგილება და აშ..მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საზოგადოების ფართო კონსენსუსი უძღოდა წინ, თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში გარკვეულ პრობლემებს მაინც გადავაწყდით. 

როგორც ვთქვით, ყველა ზომა უნდა იყოს პრობლემასთან დაკავშირებული და მიზნად მის მოგვარებას უნდა ისახავდეს. სოციალური დისტანციისა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, გაურკვეველია, რა მიზანს ისახავდა ოჯახის წევრების, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ, დაჯარიმება სახლს გარეთ, ზოგადად დაწესებული დისტანცირების წესების დარღვევისთვის; ასევე, რა მიზანს ემსახურებოდა ისეთი ონლაინ ვაჭრობის აკრძალვა, რომლის განხორციელება სოციალური დისტანცირების წესებს არ უქმნიდა საფრთხეს; დეკრეტით გათვალისწინებული მოთხოვნების მეორედ დარღვევისთვის გათვალისწინებული 6-წლიანი პატიმრობის პროპორციულობა და აშ. 

აკრძალვების ფონზე, რაც უამრავ ადამიანს სარჩოს გარეშე ტოვებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სახელმწიფოს მიერ ადამიანების სოციალური უფლებების დაცვასა და კრიზისიდან გამოსვლას, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვით. რაღაც დონეზე, უკვე გადაიდგა მთელი რიგი ნაბიჯები, თუმცა, ჩააბარებს თუ არა ხელისუფლება მის წინაშე არსებულ ამ რთულ გამოწვევას, ამაზე კრიზისიდან სრულად გამოსვლისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ შეგვეძლება საუბარი. 

- რეგულაციების დარღვევები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ზოგადად, რამდენად ესმით მოქალაქეებს მსგავსი შეზღუდვების მნიშვნელობა? 

- ისეთი ექსტრემალური პირობები, რომელშიც ბოლო თვეებია გვიწევს ცხოვრება, ცხადია, უცხოა არამარტო ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვისაც, რომელსაც შეეხო შესაბამისი აკრძალვები. 

უნდა ითქვას, რომ ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, მოსახლეობის ძალიან დიდი წვლილი და სოციალური პასუხისმგებლობა იყო სწორედ ის ფაქტორი, რამაც საქართველოში ვირუსის გავრცელების მასშტაბი საგრძნობლად შეამცირა და შესაძლებელი გახადა მასთან გამკლავება, მასობრივი პანიკისა და ასეულობით გარდაცვლილი ადამიანის გარეშე. 

ვფიქრობ, მოსახელობამ შეზღუდვების მნიშვნელობა ძალიან სწრაფად გაითავისა, ამის მაგალითი იყო საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე, რეკომენაციების გათვალისწინება, უამრავი ბიზნესის მიერ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და საკუთარი დასაქმებულებისათვის ხელშეწყობა, სხვა. 

თუმცა, საზოგადოებამ, ასევე, კარგად იხილა, ის ცალკეული შემთხვევბი, როცა ადამიანები კარანტინში ყოფნაზე უარს აცხადებდნენ, ბიზნესები (მაგალითად, „სპარი“), რომელმაც სრულიად უსირცხვილოდ შექმნილი მდგომარეობის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა, ვნახეთ უპასუხისმგებლო თავშეყრებიც, ვნახეთ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომელმაც საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ჯერ სახელმწიფოზე, შემდეგ კი, მრევლზე გადატანით, უამრავ ადამიანს შეუქმნა საფრთხე. 

ვფიქრობ, უნდა ითქვას, რომ, მოსახელობის დიდი ნაწილის რეაქციის, ასევე, კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების, უამრავი ბიზნესის გაჩერების, ზოგის საერთოდ ბაზრიდან გაქრობის, მწვავე სამედიცინო პრობლემების და სხვა ძალიან რთული შეზღუდვების მიუხედავად, კრიზისმა და მასთან გამკლავებამ კარგად აჩვენა, რომ საქართველო სრულყოფილ სახელმწიფოდ შედგა.

მსგავსი პოსტები