en
ge

ნინო ზამბახიძე: აქამდე ვფიქრობდი, რომ ცოტა ადამიანია, რომელსაც შეუძლია თვითონ მოიკლოს და სხვას დაეხმაროს, მაგრამ ვცდებოდი...

ნინო ზამბახიძე: აქამდე ვფიქრობდი, რომ ცოტა ადამიანია, რომელსაც შეუძლია თვითონ მოიკლოს და სხვას დაეხმაროს, მაგრამ ვცდებოდი...

პლატფორმა „1ანობა“ კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ 2020 წლის 23 მარტს შეიქმნა. სამთვიანი საქმიანობის ფარგლებში, „1ანობა“ უკვე ასეულობით სოციალურად შეჭირვებულ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანს დაეხმარა. 

პლატფორმა აერთიანებს მოხალისეებს, ბიზნეს კომპანიებს, საზოგადოებრივ, დონორ ორგანიზაციებს და სახელმწიფოს. ქართულ რეალობაში „1ანობა“ კროს-სექტორული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დიდი წვლილი მოუძღვით ენთუზიასტ მოხალისეებს, რომლებიც სპეციალურად გადამზადნენ და ყოველდღიურად ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს. ნიკოლოზ მნათობიშვილი, ერთ-ერთი მოხალისეა, რომელიც „1ანობის“ ვებგვერდზეა დარეგისტრირებული: „მადლობა მინდა გადავუხადო ფონდის დამფუძნებლებს, რომ ამ კარგ საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცეს. ამ პერიოდში ადამიანებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება და როდესაც მათ ბედნიერ სახეებს ვხედავ, ეს ჩემთვისაც ემოციურია. იმედი მაქვს, ფონდი უფრო მეტად განვითარდება და პანდემიის შემდეგაც არაერთ ადამიანს დაეხმარება“. 

ნიკოლოზისათვის ეს პირველი მოხალისეობრივი გამოცდილება არ არის. ის 13 ივნისის მოვლენების შემდეგ, მერიის მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ვერეს ხეობის დასუფთავებაშიც მონაწილეობდა. ასევე, მეგობრებთან ერთად, პირადი რესურსებით არაერთხელ დახმარებია სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახს, ბავშვთა სახლს. 

„1ანობა“ ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 70 წელს მიღწეულ ხანდაზმულებს და მარტოხელა დედებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ სტატუსი აქვთ მინიჭებული. პლატფორმა გვიზიარებს ერთ-ერთი ბენეფიციარის ემოციურ წერილს, რომელიც გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ: „ცოტა ხნით სამყოფი პროდუქტის მომარაგება გადავწყვიტე, სალაროსთან კი ნაცნობი ბებო დავინახე - თეთრებს ითვლიდა ერთი პურის და კარაქის საყიდად. ეს ბებო ერთ დროს დედას ეხმარებოდა, ჩემი ძმისთვის რძე დაჰქონდა. მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. სინდისმა შემაწუხა, დავეწიე და ჩემ მიერ ნაყიდი პროდუქტები მას გადავეცი. დიდხანს იუარა, მაგრამ არც მე დავთმე, ჩემი პროდუქტები მას გადავეცი. სახლში მისულმა კი ბავშვები მოვატყუე, რომ ფული დამეკარგა. დღეს ვფიქრობდი, იქნებ როგორმე გავძლო სოციალურ დახმარებამდემეთქი და ამ დროს „1ანობიდან“დამირეკეს: - „გამარჯობა ქალბატონო, თქვენთან პროდუქტები მოგვაქვსო“. დავიბენი, ხმა ჩამიწყდა, ძლივს მოვახერხე ჩვენი მისამართი მეთქვა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემ მადლიერებას თქვენ მიმართ, მე თქვენში ღმერთი დავინახე“, თ. რ., პლატფორმის ბენეფიციარი. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-პორტალს csogeorgia.org-ს „1ანობის“ თანადამფუძნებელი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე პლატფორმის იდეის, განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. 

ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე 

- როგორ წამოიშვა პლატფორმის დაარსების იდეა, ვინ არიან დამფუძნებლები და რომელი დონორი ორგანიზაციის/ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ეს პროექტი? 

- Covid 19 მთელი მსოფლიოსთვის იმაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. მე და ვალერი ჩეხერია (აჭარა ჯგუფის აღმასრუებელი დირექტორი) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები ვართ. ფორუმის წევრებთან ონლაინ შეხვედრებისას მივიღეთ ინფორმაცია როგორ უმკლავდება სხვადასხვა ქვეყანა ამ გამოწვევას. ვგულისხმობ მოხალისეების აქტიურობასა და ბიზნესის მიერ გაწეულ დახმარებას. მოგვივიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ონლაინ პლატფორმა. დავუკავშირდი სანდრო კანდელაკს, ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ მენეჯერს და დავგეგმეთ როგორ უნდა შეგვექმნა მოწესრიგებული სივრცე, სადაც განთავსდებოდა შეჭირვებული ჯგუფების გადამოწმებული ბაზა და ორგანიზებულად, თანმიმდევრულად მოხდებოდა მათი დახმარება. ასე შეიქმნა „1იანობა“. პლატფორმა, რომელზეც რეგისტრირდებიან მოხალისეები – ისინი ფიზიკურად ეხმარებიან ადამიანებს და მიაქვთ მათთან პროდუქტები. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში რეგისტრირდებიან შემომწირველი ბიზნესკომპანიები და ასევე, რეგისტრირდებიან ადამიანები, რომლებსაც დღეს დახმარება სჭირდებათ. 

თავიდან მხოლოდ მოხალისეები შემოგვიერთდნენ, რომელთაც პროდუქტი მიჰქონდათ ბენეფიციარებთან. შემდგომ მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმომადგენლებმა გამოთქვეს დახმარების სურვილი და ასე აღმოვჩნდით შუამავალი რგოლი ბიზნესს, მოხალისეებსა და ბენეფიციარებს შორის. გამოგვეხმაურნენ დონორები: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ დაგვეხმარა ვებ–პლატფორმის დახვეწაში, რომელიც ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე აწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას. ასევე, შემოგვიერთდა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“, ფონდი „პროდემოსი“ და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. 

მსგავსი ტიპის კრო–სექტორულ თანამშრომლობა დიდი გავლენას ახდენს ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობაზე. 

- რამდენი მოხალისე და დამხმარე ბიზნეს კომპანია/დონორი ჰყავს პლატფორმას? 

- კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოებისა და ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უდიდესი როლი შეასრულეს ტრენინგების დაფინანსებასა და წარმართვაში. ბიუროკრატიული პროცესების მარტივად გადალახვაში დაგვეხმარა პრემიერის აპარატი, ასევე, ხელი შეგვიწყეს, რომ მალე დაეწყო პლატფორმას მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარებები, ბიზნეს კომპანიებისა თუ მოხალისეების გვერდში დგომა. დღეისათვის „1ანობაზე“ 41 ბიზნეს კომპანია, 2000 მოხალისე და 4 დონორი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. ეს არის ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის და სახელმწიფოს ეფექტიანი თანამშრომლობის მოდელი. 

ჩვენი და ბიზნეს სექტორის ჩართულობის გარდა, უმნიშვნელოვანესია მოხალისეების საქმიანობა, მათი სურვილი დაეხმარონ მოწყვლად ჯგუფებს და გასწიონ თავდაუზოგავი შრომა. ყოველდღიურად 20 მოხალისე გადის სხვადასხვა მიმართულებით ბენეფიციარების დასახმარებლად. აქტიურად ჩართულია და ტრენინგი გაიარა 200 მოხალისემ. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ხედავ ადამიანებს, რომლებსაც ახარებთ ჩვენი დახმარება. პროცესში ასევე ჩართულები არიან გუბერნიები, მათი დახმარებით მივდივართ მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც სხვა დახმარებებმა ვერ მიაღწია. ამიტომ მგონია, რომ საქმე, რომელსაც ჩვენი გუნდი აკეთებს, ბევრ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. 

- მოხალისეებს როგორ ამზადებს პლატფორმა საქმიანობისთვის? 

მნიშვნელოვანია მოხალისეების გადამზადება, რათა ისინი იყვნენ უსაფრთხოდ და არ გახდნენ ინფიცირების წყარო. ამაში კი დაგვეხმარა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. მათი დაფინანსებით „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა“ გადაამზადა მოხალისეები, რომლებიც ინფორმირებულნი არიან როგორი ეკიპირება უნდა ჰქონდეთ და როგორ უნდა გაიხადონ ის, რომ არ დაინფიცირდნენ და არ გახდნენ ინფექციის გადამტანები. სათანადოდ აღჭურვილი მოხალისეები ადგილზე სტუმრობენ მათ, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიაქვთ საკვები და მედიკამენტები. 

- კოვიდ-19-ის რუქა თუ შეიქმნა/დაემატა პლატფორმას და რას გულისხმობს ის? 

- კოვიდ რუქა მზადების პროცესშია. მისი საშუალებით გვეციდონება როგორ არიან სხვადასხვა რეგიონში მოხალისეები გადანაწილებული. თუ ეპიდ აფეთქების გამო რომელიმე რეგიონი ჩაიკეტება და ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებთ იქ ჩასვლას, გვეცოდინება ჩაკეტილ რეგიონში დარეგისტრირებული მოხალისეების შესახებ და სწორედ ეს ადამიანები დაეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს. 

- როგორც ვიცით, მოქალაქეებსაც შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. რამდენად მნიშვნელოვანი წლილი შეიტანეს მათ ამ საქმეში, არიან თუ არა მობილიზებულები დღემდე? 

- ამ საქმეში დიდი და პატარა წვლილი არ არსებობს. თითოეულ ლარს მნიშვნელობა აქვს. ზოგი ადამიანი ლარს რიცხავს, ზოგი კი 10 000-ს და ეს ერთნაირად დასაფასებელია. როდესაც ვუყურებთ ჩვენს ბენეფიციარებს, ვხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ თანადგომას და ადამიანების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებას. 

„1იანობაში“ ჩართულ ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, დაახლოებით 500 ადამიანია ასეთი. მინდა იცოდნენ, რომ ძალიან დიდი ნდობა გვაქვს მათი და ვაფასებთ, რასაც ისინი აკეთებენ. აქამდე ვფიქრობდი, რომ ცოტა ადამიანია, რომელსაც შეუძლია თვითონ მოიკლოს და სხვას დაეხმაროს, მაგრამ ვცდებოდი. ბევრი ისეთია, ვინც ანონიმურად ჩარიცხა თანხა. ერთმა პიროვნებამ 15 000 ლარი ჩარიცხა ფონდში, რომელსაც პირადად საერთოდ არ ვიცნობ. ძალიან დასაფასებელია ის, რომ გაჭირვებაში ადამიანებს ერთმანეთის გვერდით დგომა შეუძლიათ, რომ ასეთი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ და თავად ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად, ბედნიერად, როცა სხვა ადამიანებს უჭირთ. ასევე, ძალიან გვიხარია, რომ პირადად ჩვენ ასეთი ნდობა გამოგვიცხადეს. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფერმერთა დახმარებაც და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, ამავდროულად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მდგრადობის შესანარჩუნებლად. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეძლიერებინა პლატფორმა სოფლიდან.ჯი. შემოწირულ თანხას მათ ვურიცხავდით, ისინი კი ფერმერებისგან ყიდულობდნენ პროდუქტს, რაც მთავარია ხარისხიან პროდუქტს და ამავე დროს, მათაც აიღეს სოციალური პასუხისმგებლობა - კვირაში ერთხელ, ჰოსპისს „ციცინათელას“ პროდუქტით ეხმარებიან. 

- დაფუძნებიდან დღემდე როგორია პლატფორმის განვითარების ისტორია? რამდენ ადამიანს დაეხმარეთ, რამდენია დახმარების მოლოდინში და გაქვთ თუ არა საკმარისი რესურსი ყველა მათგანს დაეხმაროთ? 

- დღეისათვის 3625 ადამიანს დავეხმარეთ. „ერთიანობის“ პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 5500 ადამიანი, რომელიც დახმარებას ელოდება და მიიღებს მოკლე დროში. 

- კრიზისის დასრულების შემდეგ როგორ მოიაზრებთ პლატფორმის განვითარებას? როგორი იქნება ის მომავალში? რა ფუნქციონალები შეიძლება დაემატოს? 

- ვფიქრობთ, რომ პლატფორმა არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ გამოწვევაზე საპასუხო საშუალება. პანდემიის შემდეგ არ გვინდა რომ დაიხუროს, სურვილი გვაქვს გადაიქცეს მდგრად ონლაინ სივრცედ, რომელსაც კომპანიები შეინახავენ და სასარგებლო საქმის კეთებას გააგრძელებენ. მომავალშიც ბიზნეს კომპანიები თუ გაიზიარებენ კორპორატიულ, სოციალურ პასუხისმგებლობას და სახელმწიფოსთან ერთად ჩაერთვებიან მსგავს აქტივობებში კარგი იქნება. 

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, რა სახის შეცდომებს ვუშვებთ, რა შეიძლება გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ, რათა მომავალში „ერთიანობა“ სრულყოფილ პროექტად იქცეს, რომელიც პერიოდული გამოწვევის მოსაგვარებლად ერთგვარი სწრაფი რეაგირების პლატფორმა იქნება. უახლოესი 1,5–2 წელიწადი მარტივი არ იქნება, სერიოზული გამოწვევა გველის და შეიძლება „ერთიანობა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩვენი ბენეფიციარებისათვის, მანამ, სანამ ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

მსგავსი პოსტები