საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, სამოქალაქო აქტივობა და უფლებებისათვის ბრძოლა იმდენად იყო შეზღუდული, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაწყებული მოძრაობები, მაგალითად ისეთი როგორიც ქალთა ემანსიპაციაა, ზოგჯერ მხოლოდ ახალ, თანამედროვე ტენდენციებად მოიაზრება; არადა საქართველოში ქალთა საზოგადოებები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და საკმაოდ დიდ ნაბიჯებსაც დგამდა თავის დასამკვიდრებლად.
ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობების გულითადი მხარდამჭერები იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მოღვაწეები, მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, სერგი მესხი, გიორგი წერეთელი, აკაკი წერეთელი და სხვები.
აი, რას ამბობს აკაკი 1913 წელს დაარსებული, გორის ქალთა საზოგადოება - "მანდილოსანის" კრებაზე: „გული მიკვდებოდა, ქალებს რომ აქნობამდე ძილით შეპყრობილთ გხედავდით, მაგრამ ეხლა მოხარული ვარ, რომ გხედავთ გამოღვიძებულთ, რომ აქ შეკრებილხართ არა უმიზნოთ, არა ლოტოს სათამაშოდ, არამედ საზოგადო საქმისათვის.
50 წელი დაკვირვებული ვარ ჩვენ საქმიანობას და დავრწმუნდი, რომ იგი ძალიან ნელის ნაბიჯით მიდის წინ; ეს იმიტომ, რომ ამ საქმიანობაში მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას. რომ საქმე კარგად წარიმართოს, საჭიროა საზოგადო საქმეში დედაკაცების დახმარებაც. გადავათვალიერე თქვენი წესდება და დავრწმუნდი, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. იარეთ, იმუშავეთ ერთად, თანხმობით და მაშინ თქვენი შრომაც ნაყოფს მოიტანს.“
საზოგადოების წესდება მართლაც სამაგალითო იყო და ბევრით არაფრით განსხვავდებოდა თანამედროვე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წესდებებისაგან.
"მადილოსანი" ზრუნავდა სკოლების, სახელოსნოების, საბავშვო ბაღების, სამკითხველოების მოწყობაზე. აარსებდა თავშესაფრებსა და საავადმყოფოებს. საზოგადოება ეწეოდა აქტიურ ფინანსურ საქმიანობას - აწყობდა ბაზრობებს, სხვადასხვა სახის მეურნეობებს, კონცერტებს, ლიტერატურულ საღამოებს და სხვ. ხელმოკლე ქალებს ეხმარებოდა ე.წ. "საურთიერთო დახმარების კასსებიდან".
გორის ქალთა საზოგადოება ერთადერთი არ ყოფილა. მსგავსი ორგანიზაციები ფუნქციონირებდნენ თბილისში, თელავში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
სწორედ ასეთი საზოგადოებების წყალობით გახდა საქართველო ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ქალებს დემოკრატიულ არჩევნებში, არა მხოლოდ ხმის მიცემა, არამედ მონაწილეობაც შეეძლოთ.